Thumbnail
  • ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) ფიფაში კიდევ ერთხელ დააწინაურეს
  • სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელად დაინიშნა
  • პოპსპორტთან ინტერვიუში მან ფიფას გეგმებზე და საქართველოს შანსზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში მომუშავე ერთადერთი ქართველია. ფიფაში მისი კარიერა საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ცოტა ხნის წინ, ახალკაცი კიდევ ერთხელ დააწინაურეს. იგი ფიფას წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა. პოპსპორტისთვის ნოდარ ახალკაცთან ინტერვიუ სანდრო ცნობილაძემ ჩაწერა.

POPSPORT: პირველ რიგში გილოცავ ახალ და ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას. ცოტა დეტალურად ვისაუბროთ ფიფაში შენი კარიერის და ახალი პოსტის შესახებ...

ნოდარ ახალკაცი: დიდი მადლობა. თავდაპირველად, ანუ 2017 წლიდან, ფიფას წევრი ფედერაციების მმართველობის საკითხების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, რომელიც წევრი ფედერაციების წესდებების ფიფას წესდებასთან შესაბამისობას, სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ფედერაციების მუშაობაში ჩარევის მასშტაბებს და სხვა საკითხებს სწავლობდა. 2018 წელს უკვე ფიფას გენერალური მდივნის საქმეთა მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი გავხდი.

ამ პერიოდში მე და ჩემი გუნდის წევრებმა სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვნად 2020-2023 წლებში ფიფას პრეზიდენტის სამოქმედო გეგმის პროექტი მიმაჩნია, რომელიც 26 თებერვალს დამტკიცდა. რაც შეეხება ჩემს ახალ თანამდებობას: ამჯერად უკვე ევროპის ასოციაციებთან მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. გარდა ამისა, ამ დეპარტამენტს თვითონ უეფასთან ურთიერთობაც ევალება. დეპარტამენტის უშუალო ფუნქცია ევროპულ ქვეყნებში ფეხბურთის განვითარების აუცილებელი პროექტების განხორციელებაა.

POPSPORT: კორონავირუსის პანდემიამ ფეხბურთი სერიოზულად დააზიანა. უეფას არსებულ ვითარებაში ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო გეგმა. რა ხდება ამ მხრივ ფიფაში?

ნოდარ ახალკაცი: განსხვავებული სიტუაცია არც ფიფაშია. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში. სიტუაცია ერთგვარი არაა და ამიტომ საერთო სქემის შემუშავება ძალიან ჭირს. მაგალითად, გერმანიაში უკვე გამოცხადდა რომ 16 მაისს ბუნდესლიგა განახლდება, ინგლისში კი იგივეს ვერ აკეთებენ. მიზეზები გასაგებია. პანდემიამ ქვეყნებს სხვადასხვა ძალით და, რაც მთავარია, სხვადასხვა დროს დაარტყა. მაგალითად, საფრანგეთში საერთოდ სეზონი შეწყდა. ამ გადაწყვეტილებებს ქვეყნების მთავრობები იღებენ და ეს მათი პრეროგატივაა.

'ქვეყნებისთვის შესათავაზებელ ეკონომიკურ პაკეტზე ვმუშაობ. გვინდა, რომ ის თანხები, რომლებიც ფედერაციებს წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, ახლა ჩაერიცხოთ'

ჩვენი მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზეა, გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი ტურნირებია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. ეს უკანასკნელი წელს უნდა ჩატარებულიყო და მისი გადადება მოგვიწია. ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკაც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ნოდარ ახალკაცი

ამ იძულებითმა ნაბიჯმა ის გამოიწვია, რომ საკლუბო მუნდიალი დადგენილ დროს ვეღარ ჩატარდება. არადა, ეს ტურნირი ძალიან საინტერესო პროექტია. მოგეხსენებათ, რომ იგი განსხვავებული ფორმატით უნდა გაიმართოს და მასში მონაწილეობა 24-მა კლუბმა უნდა მიიღოს. ფორმატი არ შეცვლილა, მაგრამ ჩატარების დრო ახლა უკვე განსაზღვრული აღარ გვაქვს.

მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ ფიფას წინაშე ახალი ამოცანები დასახა. მაგალითად, ახლა მე მაქვს პატივი, ვიმუშაო წევრი ქვეყნებისთვის შესათავაზებელ ეკონომიკურ პაკეტზე. ყველა ფედერაციაში უკვე დაგზავნილია კითხვარები, მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის ანალიზი და მისი დამუშავება. განსაზღვრული გვაქვს, რომ ის თანხები, რომლებიც ფედერაციებს ფიფასგან წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, ახლა ჩაერიცხოთ. ამით ვცდილობთ, შევამსუბუქოთ ის ეკონომიკური დარტყმა, რომელიც ფეხბურთს მიადგა. 

ასევე მიმდინარეობს დისკუსიები კალენდართან დაკავშირებით. საკითხი ძალიან კომპლექსურია. მაგალითად, აზიის კონტინენტზე უკვე დაწყებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშები, ევროპაში კი ეს მატჩები მომავალში უნდა ჩატარდეს. კალენდრის მიღმა კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, მათ შორის მატჩების ჩვენების სატელევიზიო უფლებები. ამ მხრივ სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაგვარი სიტუაციაა. უეფას ეს საკითხი ცენტრალიზებულად აქვს გადაწყვეტილი. ანუ იგი ვალდებულებას იღებს, რომ პროდუქტს თვითონ გაყიდის. შესაბამისად, იმისთვის, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ის თანხები შეუვიდეს, რომელიც მას განსაზღვრული აქვს, ამ შეხვედრების გამართვა უნდა უზრუნველყოს. ამავდროულად, ჩასატარებელია ერთა ლიგის შეხვედრებიც...

POPSPORT: როგორ შეცვალა პანდემიამ შენი ცხოვრების წესი?

ნოდარ ახალკაცი: სამუშაოს თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ შეიცვალა მხოლოდ ფორმა. სახლიდან ვმუშაობთ, თუმცა არანაკლები ინტენსივობით. უფრო პირიქით. ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, პანდემია ფიფასთვისაც გამოწვევაა და ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ

POPSPORT: საქართველოს ნაკრების ისტორიულ შანსს გვერდს ვერ ავუვლით...

ნოდარ ახალკაცი: ჩემი აზრით, მხოლოდ ბელარუსის ნაკრების ბარიერის დაძლევა და ფინალში გასვლა არავის დააკმაყოფილებს. მიზანი, რა თქმა უნდა, ცალსახად ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უნდა იყოს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინიმუმი და მაქსიმუმი არ არსებობს. როდესაც ასეთი უნიკალური შანსი გაქვს, ორი თამაში გრჩება, თან საკუთარ მოედანზე და თან მეტოქე არც გერმანიაა და არც იტალია, ამ ამოცანის შესრულების გარდა, სხვა მიზანი არ უნდა არსებობდეს.

'გაიხსენეთ, ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები, მეოთხედფინალისტი და შოტლანდიის ნაკრები გვყავდა'

უდიდეს ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ ღირსებიათ ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა, ხოლო ვისაც ეს პატივი ერგო, მან მსგავს საფეხბურთო ფორუმებზე ვერ ითამაშა. ამ თაობას მართლაც უნიკალური შანსი აქვს. გაიხსენეთ, ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები, მეოთხედფინალისტი და შოტლანდიის ნაკრები გვყავდა, რომელიც ევროფორუმზე მოსახვედრად ბოლომდე იბრძოდა და მიზანს თბილისში მარცხის გამო ვერ მიაღწია. ახლა კი სხვა სიტუაციაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნების უფლება გვაქვს. არაფრით შეიძლება თუნდაც ბელარუსთან მატჩზე ნაკლები კონცენტრაციით გასვლა. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ რომ, ფეხბურთელები უდიდესი წნეხის ქვეშ იქნებიან და აქ უკვე თავისი როლი გულშემატკივარმა უნდა შეასრულოს. მნიშვნელობა არ აქვს, რა სცენარით მიმდინარეობს მატჩი, გუნდს ქომაგობა აუცილებლად სჭირდება. ახლა მაინც უნდა შევიკრათ ერთ მუშტად და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები