Thumbnail

'რით ვართ გერმანიაზე ნაკლები?' - ინგლისში უკმაყოფილება იზრდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პრემიერლიგის ბინადარ ბრაიტონის გენერალურმა დირექტორმა პოლ ბარბერმა უკმაყოფილება გამოთქვა ლიგის ხელმძღვანელობის გაუბედავი ნაბიჯების გამო. მას ვერ გაუგია რა საჭიროა მატჩების ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარება მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში გაცილებით თამამ გადაწყვეტილებებს იღებენ.

“თუკი გერმანია მიდის ამ ნაბიჯზე, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივეს გაკეთება? ინგლისში მსოფლიოში საუკეთესო სტადიონები გვაქვს, კლუბებიც ძალიან ძლიერები არიან და აქამდე, პრემიერლიგის მართვაშიც არანაირი პრობლემა არ გვქონია. ამ ფონზე გაუგებარია, რა გვიშლის ხელს, რომ სეზონი ისევე დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ? ვფიქრობ, რომ ნეიტრალურ სტადიონებზე თამაშის იდეა არცერთ კლუბს არ ხიბლავს. სპორტული პრინციპების დარღვევა კარგი ამბავი არ იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ბარბერის მიერ ხსენებული ბუნდესლიგა უკვე 16 მაისს განახლდება, პრემიერლიგის თაობაზე კი, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. არსებობს ვარაუდი, რომ ინგლისში თამაშები ივნისიდან დაიწყება, ოღონდ, ნეიტრალურ მინდვრებზე, მატჩებზე ქომაგების დაშვება კი, ოქტომბრამდე შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პრემიერლიგაში 29 მატჩია ჩატარებული და ბრაიტონს 29 ქულით მე-15 ადგილი უკავია, თუმცა კი, გასავარდნ ზონაში მყოფ ბორნმუთს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში 206 715 ადამიანია ინფიცირებული, 30 615 კი გარდაიცვალა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 3 934 711 ადამიანს აღწევს, ხოლო 271 095 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები