Thumbnail

5 ცვლილება დაშვებულია! ფიფამ თემურ ქეცბაიას იდეა მოიწონა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც ფიფას დაქვემდებარებაში მუშაობს, წესებში დროებითი ცვლილების შესახებ განცხადება გაავრცელა.

მის თანახმად, კლუბებს უფლება ეძლევათ მატჩის განმავლობაში არა – 3, არამედ 5 ცვლილება განახორციელონ. ოღონდ, აღნიშნული წესი არ გახლავთ სავალდებულო და მის თაობაზე გადაწყვეტილებას მსოფლიოს საფეხბურთო ლიგები ინდივიდუალურად მიიღებენ.

ამასთან, გუნდებმა ახალი რეგულაციით ბოროტად რომ არ ისარგებლონ, ცვლილებების განხორციელება მხოლოდ სამ წყებაში ანაც შესვენებაზე შეეძლებათ. თუკი გუნდები ცვლილებას ერთი და იგივე მომენტში დააპირებენ, ეს, თითოელი მათგანისთვის სამიდან ერთად შესაძლებლობად ჩაითვლება.

გუნდს შეეძლება ხუთივე ცვლილება დამატებით დროში განახორციელოს, მინდვრიდან გასული ფეხბურთელების უკან დაბრუნება კი კვლავინდებურად შეუძლებელი იქნება.

ახალი წესის დამკვიდრება მხოლოდ იმ ტურნირებში იქნება შესაძლებელი, რომლებიც უკვე დაწყებული იყო და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, ამასთან, მათი დასრულება 2020 წლის 31 დეკემბრამდე იგეგმება.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც 5 ცვლილების იდეაზე დაიწყო საუბარი, ფამაგუსტას ანორთოსისის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. აი, რას ამბობდა ის დაახლოებით 1 თვის წინ.

"არა მგონია, სეზონის განახლებამდე ამხანაგური თამაშების დრო იყოს. დრო არ ითმენს. ერთი ასეთი შეთავაზება მაქვს - უნდა იყოს საშუალება, რომ გუნდებმა მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილება განახორციელონ. ორი პირველ ტაიმში, სამი - მეორეში. ეს გუნდებს ტრავმების აცილებაში დაეხმარება, უფრო მეტი ფეხბურთელის გამოყენებით კი სეზონიც იოლად დასრულდება. ვფიქრობ, ამაში ყველაფერი ლოგიკურია. ამით ბევრი ფეხბურთელი ამოისუნთქებს. ჩვენთვის ეს ნაბიჯი გაცილებით მნიშვნელოვანია - სკანდინავიური ქვეყანა არ ვართ, კვიპროსში მალე დაცხება, გუნდებს კი კვირაში სულ მცირე, ორჯერ მოუწევთ თამაში. ეს ძალიან რთულია".

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გამო, მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველა საფეხბურთო შეჯიბრი შეჩერებულია, პირველი დიდი ტურნირი კი, რომლიც განახლებაც იგეგმება, ბუნდესლიგაა. გერმანიის ჩემპიონატის მატჩებს 16 მაისიდან ვიხილავთ.

ამ დროისთვის, პლანეტაზე კორონავირუსით უკვე 3 948 075 ადამიანი ინფიცირებული, 271 725 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები