Thumbnail

‘ადვილად მოგვიგებენ’ - ლიონის პრეზიდენტს იუვენტუსთან წარმატების იმედი არ აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლიონს შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდეს და მიუხედავა იმისა, რომ საფრანგეთში სეზონი დასრულებულად გამოცხადდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იუვენტუსთან საპასუხო მატჩში ითამაშოს. ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ისაუბრა და მან იუვენტუსთან საპასუხო მატჩის თარიღიც დაასახელა. შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის განახლების დღე ჯერ არ გამოუცხადებია.

“იუვენტუსისა და ლიონის მატჩი პარასკევს, 7 აგვისტოს გაიმართება. რა თქმა უნდა ტურინში და, რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე,” - განაცხადა ოლამ რადიო RTL-თან ინტერვიუში.

ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა

შეგახსენებთ, რომ ლიონი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთში სეზონის შეწყვეტას და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი. სეზონის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ ლიონი მე-7 ადგილზე გავიდა.

ლიონმა იუვეს პირველი მატჩი ამ გოლით მოუგო

სამაგიეროდ, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს - ლიონმა იუვენტუსს შინ 1:0 მოუგო. თუმცა კლუბის პრეზიდენტს არ აქვს იმის იმედი, რომ მისი გუნდი ტურინში სასურველი შედეგის დაფიქსირებას მოახერხებს: “თუ ჩვენი პროტესტი შედეგს არ გამოიღებს და საფრანგეთში სეზონი არ გაგრძელდება, ლიონს და პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგაში ადვილად მოუგებს ნებისმიერი გუნდი, რომელიც მომზადებული იქნება და სათამაშო პრაქტიკაც ექნება. სეზონი ასე ადრე არ უნდა დაგვესრულებინა,” - აღნიშნა 71 წლის ოლამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები