Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა 2006 წლის ფინალი გაიხსენა
  • ვილი სანიოლის თქმით, ზიდანს მთელი გუნდი გაუნაწყენდა
  • თვითონ ვილი ზიზუს ორი წელი არ ელაპარაკებოდა

2006 წლის 9 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის 110-ე წუთზე არავინ ელოდა იმას, რაც ბერლინის ‘ოლიმპიაშტადიონზე’ მოხდა: ფრანგმა ზინედინ ზიდანმა იტალიელ მარკო მატერაცის თავი დაარტყა და მოედნიდან გააძევეს.

იმაზე, რაც მანამდე მოხდა, ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა, მაგრამ მაინც: იტალიელთა საჯარიმოში მატერაცი ზიდანს მაისურზე ექაჩებოდა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა ერთმანეთს ცუდი სიტყვები უთხრეს. ამის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ათიანმა გააკეთა ის, რასაც წითელი ბარათი მოჰყვა. ასე დასრულდა ზიზუს გენიალური კარიერა. საფრანგეთმა კი ფინალი პენალტების სერიაში წააგო. 

“თამაშში გადამწყვეტი როლი ზიდანის გაძევებამ ითამაშა. ზიზუ აბსოლუტურად უაზროდ მოიქცა,” - თქვა მატჩის შემდეგ ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა.

როგორც ირკვევა, დომენეკი არ იყო ერთადერთი საფრანგეთის ნაკრების მხრიდან, ვინც ფინალის შემდეგ ზიდანი გააკრიტიკა.

📋 მეტი ამ თემაზე:

“წაგებული ფინალის შემდეგ დიდი სტრესი იყო. იტალიასთან მარცხის შემდეგ ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ნაწყენი იყო ზიდანზე. ყველანი გაბრაზებულები იყვნენ, რადგან ის, რაც ზიზუმ გააკეთა, დაუშვებელი იყო,” - იხსენებს მარჯვენა მცველი ვილი სანიოლი Sport1-თან ინტერვიუში.

2006 წელს მატერაცის და ზიდანის შელაპარაკების ბევრი ვერსია გავრცელდა, ოფიციალური კი ეს არის: მას მერე, რაც მატერაცი ზიდანს საჯარიმოში მაისურით იჭერდა, ფრანგმა მას ირონიულად უთხრა, თამაშის შემდეგ ჩემს მაისურას მოგცემო. ამაზე იტალიელმა უპასუხა, რომ ზიდანის და ერჩვინა. სწორედ ამის შემდეგ დაარტყა მას ზიზუმ თავი. ლაპარაკობდნენ, რომ მატერაციმ ზიდანის დედაც შეურაცხჰყო, მაგრამ თვითონ იტალიელი ამას უარყოფს, დის შეურაცხყოფას კი აღიარებს.

ვილი სანიოლი იხსენებს, რომ იტალიასთან წაგებული ფინალის შემდეგ ზიდანთან საკმაოდ დიდხანს აღარ ჰქონდა კონტაქტი. “ჩვენი ურთიერთობა მართლაც აღარ იყო ისეთი ძლიერი, როგორც მანამდე. ფინალის შემდეგ ერთმანეთს დიდხანს არ ველაპარაკებოდით. ერთ დროს საუკეთესო მეგობრებს ერთმანეთისთვის თითქმის 2 წელი არაფერი გვითქვამს. 2008 წელს ზიზუ ჩემს ქორწილში დავპატიჟე და ის მოვიდა. მას შემდეგ ისევ ძველებურად ვმეგობრობთ,” - იხსენებს სანიოლი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის ბაიერნში აქვს გატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები