Thumbnail

პრემიერლიგის განახლების სავარაუდო დრო - ინგლისში გეგმას ელოდებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისური მედია პრემიერლიგის განახლების სავარაუდო დროს ასახელებს. ვარაუდობენ, რომ 2019/20 წლების ჩემპიონატი, რომელიც 13 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, 12 ივნისს გაგრძელდება.

11 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტს ქვეყნის კარანტინიდან გამოსვლის გეგმა უნდა წარუდგინოს, რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული პრემიერლიგის განახლების ვადის განსაზღვრაც. 

იურგენ კლოპის გაწვრთნილი ლივერპული ტიტულთან ძალიან ახლოსაა

თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება მისაღები იქნება, ქვეყანაში ყველა სპორტული ღონისძიება უკვე მომავალი თვიდან განახლდება. პრემიერლიგის მატჩები ალბათ უმაყურებლოდ ჩატარდება, გუნდები კი მზადებას 18 მაისიდან დაიწყებენ - უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით.
 
ცნობილია ასევე, რომ 14 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა COVID 19-ზე ფეხბურთელების ტესტირებას მასობრივად ჩაატარებს.
 
ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსული ინფექციით დაავადების 220 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. შედეგად, დაახლოებით 32 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ლივერპულმა 82 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის სათავეშია. მერსისაიდელთა უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 57 ქულა აქვს. იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობის გასაფორმებლად დარჩენილ მატჩებში 6 ქულის მოპოვება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები