Thumbnail

ფეხბურთი ვალდებებასში - რეალი იანვრამდე ბაზაზე ითამაშებს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემთხვევაში, მადრიდის რეალი დარჩენილი საშინაო მატჩებს კლუბის ბაზაზე ჩატარებას გეგმავს.

AS-ის ცნობით, რეალმა უკვე მიიღო თანხმობა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისგან, რომ სტადიონებზე მაყურებლების დაბრუნებამდე, მადრიდელებმა მეტოქეები ვალდებებასში მდებარე ბაზის მინდორზე მიიღონ.

რეალში ვარაუდობენ, რომ მატჩებზე ქომაგების დასწრება 2021 წლის იანვრამდე შეუძლებელი იქნება, რაც ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციებიდან გამომდინარეობს.

ამგვარად, თუკი არაფერი შეიცვალა, “სამეფო კლუბი” ბაზაზე ეიბარს, ვალენსიას, მალიორკას, ხეტაფეს, ალავესსა და ვილიარეალს დაუხვდება, სასეზონო აბონემენტების მფლობელებს კი თანხები დაუბრუნდებათ.

არსებული ინფორმაციით, ვალდებებასში შედგება ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც, თუკი მადრიდელებმა მერვედფინალში მანჩესტერ სიტის დამარცხება მოახერხეს, არადა, მათთან საშინაო შეხვედრა 1:2 აქვთ წაგებული.

სხვათა შორის, რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი იმის მომხრე იყო, რომ გუნდს თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე გაეგრძელებინა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება არჩია.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობა პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლებას 12 ივნისს გეგმავს და მოსალოდნელია, რომ მატჩები ყოველდღიურად, 5 კვირის განმავლობაში წარიმართება.

ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის თავზე ტურნირის სათავეში ბარსელონა იმყოფება, რომელიც რეალს 2 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით გაგრძელდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

კომენტარები

ბოლო ამბები