Thumbnail
  • ლუტც ლინდემანი 1981 წელს კარლ ცაისის ერთ-ერთი ლიდერი იყო
  • 70 წლის ყოფილი ნახევარმცველი დიუსელდორფის ფინალს იხსენებს
  • პოპსპორტის ექსკლუზიური ინტერვიუ იენელთა ლეგენდასთან

დინამო თბილისის დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მოგება ქართულ ფეხბურთში საუკეთესო მოგონებად რჩება. გუცაევის და დარასელიას გოლები ყველას ბევრჯერ აქვს ნანახი. კოტე მახარაძის სიტყვები ყველამ ზეპირად იცის. დინამოს ფეხბურთელების ინტერვიუებიც ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავთ და მოგისმენიათ...

ჩვენ გადავწყვიტეთ, 13 მაისს, შემოგვეთავაზებინა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც 1981 წლის 13 მაისს მოწინააღმდეგე გუნდში იყო. და არა მარტო იყო, ან უბრალოდ იყო, არამედ იენის კარლ ცაისის ლიდერი გახლდათ და დიუსელდორფის ‘რაინშტადიონის’ მოედანზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 71 წლის ლუტც ლინდემანი კარლ ცაისის და ზოგადად გდრ-ის ფეხბურთის ლეგენდაა. 40 წლის წინ ის იენელთა 8 ნომერი იყო, ნახევარმცველი, რომელმაც ფინალის პირველ ტაიმში დინამოს კარში ორჯერ სახიფათოდ დაარტყა. ლუტც ლინდემანთან კარლ ცაისმა დაგვაკავშირა. მან პოპსპორტის კითხვებს სიამოვნებით უპასუხა.

POPSPORT: ჰერ ლინდემან, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ ხართ? როგორ ატარებთ დროს კორონაკრიზისში?

ლუტც ლინდემანი: საყვარელ ადამიანთან ერთად ვარ - ჩემს მეუღლესთან ერთად. ახლახან შვილები იყვნენ სტუმრად - ჯანმრთელად არიან. შეძლებისდაგვარად ვკავდები სპორტით, თანაც ყოველდღე და სუფთა ჰაერზე. იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსი არ შეგვხვდება.

POPSPORT: 1981 წლის ფინალიდან ათწლეულები გავიდა. ახლა, როცა დინამო თბილისთან მატჩზე ფიქრობთ, პირველი რა გახსენდებათ?

ლინდემანი: პირველი, რაც მახსენდება ის არის, რომ მაშინ თასების მფლობელთა თასის ფინალში ორი დიდებული გუნდი გავიდა, დიუსელდორფში კი ამ თამაშზე დასწრება მხოლოდ და მხოლოდ 8 000-მა ადამიანმა მოისურვა. ეს ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. ატმოსფეროს და მაყურებლების რაოდენობის გამო გული ძალიან დაგვწყდა.

POPSPORT: ადამიანებს იენიდან, ანუ გდრ-იდან დიუსელდორფში ჩასვლა არ შეეძლოთ…

ლინდემანი: დიახ, მართალია. საქართველოდან კი იყვნენ გულშემატკივრები. მე იმას ვგულისხმობ, რომ დასავლეთელები ძალიან ქედმაღლები იყვნენ და ალბათ ფიქრობდნენ, აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთს რატომ უნდა ვუყუროთ, მით უმეტეს, რომ რუსებს ხვდებიანო. დიახ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ რუსებს ვეთამაშებოდით. დასავლეთ გერმანიაში ისიც კი არ იცოდნენ, სად მდებარეობს თბილისი...

POPSPORT: ...და კარლ ცაისის ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ქართველებს ეთამაშებოდნენ და არა რუსებს?

ლინდემანი: რა თქმა უნდა! ჩვენ, გდრ-ში ისტორიას ძალიან კარგად გვასწავლიდნენ. ისტორიის მართლაც ბევრი გაკვეთილი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ საქართველოს, დინამო თბილისის და ზოგადად ქართული ფეხბურთის შესახებ. ვიცოდით, რომ საქართველოს ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდა - საუკეთესო კი დავით ყიფიანი იყო.

📋 მეტი 1981 წლის ფინალზე:

POPSPORT: თითქმის 40 წელი გავიდა და მას შემდეგ დინამო თბილისმა დიდი ტიტული ვეღარ მოიგო...

ლინდემანი: ფაქტი ერთია: 80-იან წლებში საქართველოს დინამოს სახით ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა. მერე კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ქვეყანას ძალიან გაუჭირდა, მათ შორის საქართველოს და ეს ლოგიკურიც იყო. ყველა ქვეყანას საკუთარი ისტორია და განსხვავებული გამოწვევები ჰქონდა. 81 წლის ფინალს რომ დავუბრუნდეთ: დინამოს მთავარი ფეხბურთელები, ყიფიანი, ჩივაძე და შენგელია უკვე კარიერის პიკში იყვნენ. ალბათ თაობაც აღარ მოვიდა ისეთი…

‘საფეხბურთო თვალსაზრისით დინამო თბილისი საუკეთესო გუნდი იყო მათ შორის, ვისაც ფინალამდე შევხვდით’

POPSPORT: როგორ ემზადებოდა კარლ ცაისი ფინალისთვის?

ლინდემანი: ცხადია, მაშინ არ იყო ისეთი სკაუტინგი, როგორიც დღესაა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, როგორ ითამაშა დინამომ ინგლისში, ვესტ ჰემ იუნაიტედის წინააღმდეგ. დინამომ სტუმრად 4:1 მოიგო. ჩვენ ვნახეთ ვრცელი ვიდეო, სადაც კარგად ჩანდა, რომ დინამომ ვესტ ჰემთან კონტრშეტევებზე ფენომენალურად ითამაშა. და ჩვენ ვიცოდით, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით დინამო თბილისი საუკეთესო გუნდი იყო მათ შორის, ვისაც ფინალამდე შევხვდით. 

POPSPORT: ვალენსია, რომა, ბენფიკა - კარლ ცაისმა ფინალამდე ამ გუნდებს მოუგო…

ლინდემანი: დიახ. თბილისელები ინდივიდუალურად ძალიან მაგრები იყვნენ. ყიფიანის სახით დინამოს კარგი რეჟისორი ჰყავდა, მაგრამ გუნდი ყველა პოზიციაზე ძალიან კარგად იყო დაკომპლექტებული. ისინი ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ.

‘ჩემი აზრით, 1:0-ზე ცოტათი უკან უნდა დაგვეხია და კონტრშეტევების შანსებს დავლოდებოდით’

POPSPORT: პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. პირველ ტაიმში კარლ ცაისი უპირატესობას ფლობდა. რა გითხრათ მწვრთნელმა ჰანს მაიერმა შესვენებაზე?

ლინდემანი: ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ ჰანს მაიერმა ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოგვამზადა. შესვენებაზე მისი სიტყვებიდან რაც მახსენდება, პირველი ის არის, რომ გვითხრა, ამ თამაშის ბედს, დიდი ალბათობით პირველი გოლი გადაწყვეტსო. თქვენ იცით, რომ მეორე ტაიმში ანგარიში გავხსენით და 1:0-ს ვიგებდით. უფრო მეტიც: მეორე გოლის გატანის ძალიან კარგი შანსიც გვქონდა. ჩემი აზრით, 1:0-ზე ცოტათი უკან უნდა დაგვეხია და კონტრშეტევების შანსებს დავლოდებოდით. ეს არ გავაკეთეთ, დინამოს სივრცეები შევთავაზეთ, მათ კი ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავდათ და მოხდა ის, რაც მოხდა. უნდა ვაღიარო, რომ დარასელიას გოლში მეც მიმიძღვის ბრალი.

POPSPORT: ჩვეულებრივ, გერმანული გუნდის წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება ძალიან ძნელია…

ლინდემანი: შესაძლოა, ჰოპეს გოლის შემდეგ ზედმეტ ეიფორიაში ვიყავით. ფაქტია, რომ მეორე გოლის გატანა მოვინდომეთ. ნაცვლად იმისა, რომ დავლოდებოდით…

POPSPORT: დინამოდან რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?

ლინდემანი: ყველა მოთამაშე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მახსოვს ერთი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა და ჩვენი გუნდისთვის ის აღმოჩენად იქცა. ეს იყო სულაქველიძე! მისგან ასეთ თამაშს არ მოველოდით. ნახევარდაცვაში ძალიან ბევრს შრომობდა და თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად მან გამაოცა პოზიტიურად. იგი არ იყო ყურადღების ცენტრში, როგორც მაგალითად ყიფიანი ან შენგელია, მაგრამ შესანიშნავი გუნდური მოთამაშე აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, დინამოდან ყველაზე მეტად სწორედ სულაქველიძემ გამაკვირვა.

‘ჯერ მარტო შენგელია რად ღირს? ის ნებისმიერ გრანდში ითამაშებდა!’

POPSPORT: როგორ ფიქრობთ, დინამო თბილისიდან რომელი ფეხბურთელები შეძლებდნენ ევროპის რომელიმე გრანდში თავის დამკვიდრებას?

ლუტც ლინდემანი გდრ-ის ნაკრებში

ლინდემანი: მე ასე გეტყვით: იენის კარლ ცაისს, ანუ ჩვენ, გაერთიანებულ გერმანიაში რომ გვეთამაშა, ჩვენგანაც კი ბევრს ექნებოდა შანსი, რომ ნებისმიერ გუნდში ეთამაშა. შესაბამისად, ეს ეხება დინამო თბილისის ფეხბურთელებსაც. მხოლოდ შენგელია რად ღირს? გერმანიაში წლების მანძილზე არიენ რობენზე ლაპარაკობდნენ, ან ფრანკ რიბერიზე. შენგელია მაშინ არანაკლებ მაგარი იყო. ასეთი თავდამსხმელი ნებისმიერ გრანდში ითამაშებდა. ჩვენც გვყავდა რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი, მაგრამ როდესაც ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობ, უცხოეთისთვის ისეთი საინტერესო არ ხარ. ფაქტია, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გდრ-იდან ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა გაიკეთა კარიერა ბუნდესლიგაში და გერმანიის ნაკრებში. ულფ კირსტენი, მიხაელ ბალაკი, მათიას ზამერი, ბერნდ შნაიდერი, ალექსანდერ ციკლერი - ისინი აღმოსავლეთ გერმანიიდან არიან. გარდაცვლილი რობერტ ენკეც გდრ-იდან იყო - კარლ ცაისშიც თამაშობდა.

POPSPORT: გერმანიის გაერთიანებიდან 30 წელზე მეტი გავიდა. ხშირად ამბობენ, რომ გერმანული ფეხბურთი ჯერ კიდევ გაყოფილია. ეთანხმებით?

ლინდემანი: დიახ, რადგან ეკონომიკა აღმოსავლეთში სხვანაირად განვითარდა. ქვეყნის გაერთიანების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი წავიდა დასავლეთში. დასავლეთის მდიდარი გუნდები 16-17 წლის ბავშვებს ელაპარაკებოდნენ და ისინიც მიდიოდნენ. ახლაც ასეა, განსხვავება დღემდე ძალიან დიდია.

POPSPORT: ისეთ ტრადიციულ გუნდებს, როგორებიცაა იენის კარლ ცაისი, დრეზდენის დინამო ან ლაიპციგის ლოკომოტივი, ბუნდესლიგაში თამაშის შანსი არ ჰქონიათ…

ლინდემანი: აქ მთავარი ის არის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში არ არის დიდი კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, თავს იმის უფლება მისცენ, რომ საფეხბურთო კლუბის სპონსორები გახდნენ და წლების მანძილზე დაეხმარონ. მეორე მიზეზი, და ეს გულახდილად უნდა ვთქვათ, ის არის, რომ აქ, აღმოსავლეთში ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით. ზედმეტად ამბიციურები ვიყავით, ზედმეტად სწრაფად გვინდოდა მაღლა ასვლა. ყველა წავიდა. ხომ იცით, როდესაც კონკურენციაა, ბოლოს ყველაფერს ფული წყვეტს.

ლუტც ლინდემანი და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა პაულ ბრაიტნერი

POPSPORT: დაბოლოს: ჩვენი ქვეყანა, საქართველო, საფეხბურთო თვალსაზრისით დღემდე 1981 წლის ფინალით ცხოვრობს. 40 წელი გავიდა და მას მერე ქართულ ფეხბურთს წარმატება არ ჰქონია. საქართველოს ნაკრები ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გადის, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი ვერ ხვდება. კარლ ცაისთან მოგებული ფინალი საქართველოსთვის საუკეთესო მოგონებად რჩება. თქვენთვისაც საუკეთესო მოგონება იქნებოდა, ის თამაში რომ მოგეგოთ?

ლინდემანი: გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ის ფინალი და საერთოდ ევროთასის ყველა თამაში კარგად მახსოვს და არ დამავიწყდება. ერთი რამის თქმა მსურს: ჩვენი მარცხის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა თქვა, ალბათ მოგების უფლება არ გქონდათო. ისინი გულისხმობდნენ იმას, რომ თითქოს პარტიამ აგვიკრძალა რუსების წინააღმდეგ მოგება. ასეთებზე ყოველთვის ძალიან ვბრაზდებოდით. ჯერ ერთი, რუსებთან კი არა, ქართველებთან წავაგეთ და მეორეც: ჩვენ დავმარცხდით მეტოქესთან, რომელიც უბრალოდ ჩვენზე უკეთესი იყო. აბსოლუტური სისულელეა ის, რომ თითქოს პარტიამ მოგება აგვიკრძალა, ან რაღაც ასეთი. იმედი მაქვს, რომ დღეს ასე აღარავინ ფიქრობს. ფინალი იყო ძალიან დაძაბული, ორი მაგარი გუნდი შეხვდა ერთმანეთს და უკეთესმა გაიმარჯვა.

📋 ლუტც ლინდემანი

📌 დაიბადა 1949 წლის 13 ივლისს, ჰალბერშტადტში (გერმანია, ყოფილი გდრ). პოზიციით ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა 1967 წელს, ჰალბერშტადტის ლოკომოტივში დაიწყო. 1969-1970 წლებში ბერლინის დინამოში გადავიდა, სადაც მეორე გუნდში 8 მატჩი ჩაატარა. 1970/71 წლების სეზონში მოტორ ნორდჰაუზენში ითამაშა (21 მატჩი, 9 გოლი), 1971 წლიდან კი როტ-ვაის ერფურტის ფეხბურთელი გახდა, სადაც 6 წლის მანძილზე 134 მატჩში 42 გოლის გატანა შეძლო. ლინდემანის კარიერის პიკი იენის კარლ ცაისი გახლდათ - 1977-დან 1981 წლის ჩათვლით მან კარლ ცაისში 90 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. გდრ-ის ნაკრებში ლინდემანს 21 მატჩი და 2 გოლი აქვს.

ერთ-ერთი საუკეთესო გოლი ლინდემანის კარიერაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები