Thumbnail
  • 'შევარდნაძე ისე გვეხვეწებოდა თასი ჩამოგვეტანა, როგორც ბავშვი ითხოვს ავტოგრაფს'
  • 'ისეთი მსაჯობა, როგორიც ფეიენოორდთან იყო, არც მინახავს და არც გამიგია'
  • 'გაბელია, რომელიც ყველაზე ნერვიული იყო, ისე ღელავდა, რომ ფორმა დაკარგა'
  • დინამო თბილისის ლეგენდის თვალით დანახული ისტორიული ამბები

თასების მფლობელთა თასზე დინამო თბილისის ტრიუმფის შესახებ, ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა, ლეგენდარული ქართული კლუბის თამაშების პერიპეტიები დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს. როგორ მივიდა დინამო ევროტურნირის ფინალამდე და როგორ დაისაკუთრა ნანატრი ტიტული? აი, როგორ იხსენებდა ძველ ამბებს თბილისელთა წამყვანი ფორვარდი რამაზ შენგელია, რომელმაც იმ გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა, კარლ ცაისთან კი საგოლე პასი მიითვალა.

📋 მეტი 1981 წლის ფინალზე:

“როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ გადმოვცე. საქართველო ყოველ 13 მაისს განსაკუთრებულად აღნიშნავს. და განა შეგვეძლო, რომ არ მოგვეგო? უბრალოდ, ვალდებულები ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა – ჩვენგან ამას მთელი ქვეყანა ელოდა.

ცხადია, ამაზე მინიშნებები “ზემოდანაც” იყო. ფინალის წინ ჩვენ ედუარდ შევარდნაძეს შევხვდით, რომელიც მაშინდელი საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი გახლდათ. ის დიდი ხანი გვეხვეწებოდა, რომ თასი მოგვეგო. იმ სიტუაციას ჰგავდა, როდესაც პატარა ბიჭი თავის კერპს ავტოგრაფს სთხოვს. მოგებისთვის ლამის ოქროს მთებს დაგვპირდა. შევარდნაძემ იმ დელეგაციის თავკაცად, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიდიოდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა გორგოძე დანიშნა. ამასთან ერთად, შევარდნაძემ გვითხრა: თუკი მოიგებთ, ეს კაცი ზემოთ წავა, თუ არადა, თანამდებობას დატოვებს. საბედნიეროდ, ისე გამოვიდა, რომ მოსახსნელი არავინ გახდა. სხვათა შორის, გორგოძეს ჩვენთვის კარგი ფეხი ჰქონდა. მოგვიანებით, ის მინისტრის პოსტზეც კარგა ხანი მუშაობდა.

"უხამს სიტყვებს გვეძახდნენ, ტრიბუნებზე მყოფ ჩვენს ქომაგებს კი ლუდს ასხამდნენ და ცარიელ ბოთლებს ესროდნენ"

თუმცა, ფინალამდე იყო ნახევარფინალი ჰოლანდიაში, რომელიც სტაჟიან ქართველ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ. ასეთ მატჩს უბრალოდ ვერ ივიწყებ. სახლში ფეიენოორდს 3:0 ვძლიეთ, როტერდამში კი, ჰოლანდიელები და მსაჯი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფინალში ვერ გავსულიყავით. ჩვენ 3 “სუფთა” გოლი გავიტანეთ, საიდანაც 2 ჩემს ანგარიშზე იყო, თუმცა, არცერთი ჩაგვითვალეს. ფეიენოორდის ფეხბურთელებმა საჯარიმოში წესები 2-ჯერ დაარღვიეს და პენალტებიც არ დაინიშნა. მეტიც, როტერდამელებმა მე-2 გოლი მოგონილი 11-მეტრიანით გაგვიტანეს. მთელი მატჩის განმავლობაში უხამს სიტყვებს გვეძახდნენ, ტრიბუნებზე მყოფ ჩვენს ქომაგებს კი ლუდს ასხამდნენ და ცარიელ ბოთლებს ესროდნენ. საბედნიეროდ, ბოლომდე გავძელით. მახსოვს, ბოლო წუთებზე, როდესაც მეტოქე საბოლოო შტურმზე ფიქრობდა, წყობილებიდან გამოვედი და ფეიენოორდის ფეხბურთელებს მათსავე ნახევარზე დავდევდი. იმ წუთებში შესაძლოა, გაუმართლებელ საქციელად ჩანდა, თუმცა, ჰოლანდიელებს იერიშების წამოწყებაში ხელი ნამდვილად შევუშალე. მატჩის შემდეგ, ამის გამო, ნოდარ ახალკაცმა ძალიან შემაქო.

ფინალი კარლ ცაისთან: რამაზ შენგელია გერდ ბრაუერის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ მაშინ ყველანი საბჭოთა ფეხბურთელებად აღგვიქვამდნენ და არავინ გვქომაგობდა. ამას სულ ვგრძნობდით. როგორც კი, სტადიონის დიქტორი აცხადებდა, რომ დინამო თბილისი საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა, ტრიბუნებს უკმაყოფილების ტალღა გადაუვლიდა ხოლმე. ყველაფრის მიუხედავად, როტერდამული მატჩი მაინც გამორჩეული იყო. ასეთი მსაჯობა ცხოვრებაში არასდროს გვინახავს და მართალი გითხრათ, არც სხვებისგან გაგვიგია.

შთაბეჭდილებები ფინალისგან? ახლაც კი მიჭირს ემოციების გადმოცემა. ეს, ჩვენი გუნდის მწვერვალი იყო! ძალიან ვღელავდით. მატჩის დაწყებამდე ოთარ გაბელიამ, რომელიც გუნდში ყველაზე ნერვიული იყო, ფორმა დაკარგა. წარმოგიდგენიათ მეკარე ფორმის გარეშე? უსწრაფესად მოქმედება მოგვიხდა და ყველანი დავეხმარეთ იმით, რითიც შეგვეძლო. მაგალითად, ბუცები ოთარს ალექსანდრე ჩივაძემ მისცა. სხვათა შორის, დინამოს გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ მეკარის ჩინებული თამაში გახდა, თავად ჩივაძე კი მინდორზე 39 გრადუსი სიცხით გავიდა.

"როდესაც გოლი გაგვიტანეს, თითქოს გული გამიჩერდა. ვიფიქრე: ყველაფერი მორჩა"

მთავარი ისაა, რომ მაშინ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვიყავით. არც მანამდე და არც მას შემდეგ, პირადად ასეთი რამ არ მიგრძვნია. არადა, ყველაფერი ცუდად დაიწყო: როდესაც გოლი გაგვიტანეს, თითქოს გული გამიჩერდა. ვიფიქრე: ყველაფერი მორჩა, თუმცა, მალევე გამოვფხიზლდი, თამაში საკუთარ თავზე ავიღე, 2 გერმანელი მოვატყუე და საგოლე პასი მივაწოდე ვლადიმერ გუცაევს, რომელიც მარჯვენა მხრიდან კარგად მეხსნებოდა. მან დიდებული დარტყმა შეასრულა! და მე-2 გოლი? თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, დარასელიამ ყიფიანის პასი მიიღო, ერთი და იმავე ფინტით, მეტოქეები 2-ჯერ მოატყუა და ისტორიული გოლი შეაგდო.

სამწუხაროდ, იმ გუნდიდან სულ უფრო ცოტანი ვრჩებით. ყოველთვის, როდესაც ვიკრიბებით, პირველ სადღეგრძელოთი განსვენებულებს ვიხსენებთ – ახალკაცი, დარასელია, ყიფიანი”.

შეგახსენებთ, რომ თავად შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ვიტალი დარასელია მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ასევე ავარიაში დაიღუპა დავით ყიფიანი. ის 2001 წლის 17 სექტემბერს 49 წლის გახლდათ. რაც შეეხება ნოდარ ახალკაცს, მას 60 წლის ასაკში, შენგელიას მსგავსად, გულმა უმტყუნა. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები