Thumbnail
  • 'გარკვეული რეგულაციების გათვალისწინებით, სეზონი აუცილებლად უნდა განახლდეს'
  • 'კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოშია'
  • 'რონალდო თუ მესი? განა ამას კითხვა სჭირდება? პასუხი ხომ ნათელია'

ტრაბზონსპორის ყოფილი ვარსკვლავი შოთა არველაძე გადაცემაში Asist Analiz ჩაერთო და წამყვანის გარდა, თურქი ქომაგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ შოთა ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის და წარმატებულადაც მუშაობს, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მას თურქეთში შესაძლო დაბრუნებაზეც ჰკითხეს. არველაძის პასუხებში სხვაც ბევრი რამ იყო საინტერესო.

დღეს, ყველა იმაზე მსჯელობს, საჭიროა თუ არა საფეხბურთო სეზონის განახლება. თქვენი აზრი როგორია?

ცხადია, ყველაზე მარტივი ისაა, რომ სეზონი დასრულებულად გამოაცხადო და ამით, თავიდან პრობლემები აიცილო, თუმცა, მოდით, საკითხს სხვაგვარად შევხედოთ. არავინ ვიცით, კორონავირუსი სადამდე გაგრძელდება ანაც წასვლის შემთხვევაში, როდის დაბრუნდება. გამოდის, რომ თუკი მცირე საფრთხეც კი იქნა, ფეხბურთი აღარასოდეს უნდა ვითამაშოთ. ამდენად, ვფიქრობ, რომ გარკვეული რეგულაციების გათვალისწინებით, სეზონი აუცილებლად უნდა განახლდეს. მსოფლიოში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება და ამას მივესალმები. გამოსავალი უკვე ნახა სამხრეთ კორეამ, ბელარუსში ისედაც თამაშობდნენ, მატჩები უკვე დაიგეგმა გერმანიაში. ამდენად, გარკვეული გადაწყვეტილება თურქულ სუპერლიგაშიც უნდა იქნას მიღებული.

უზბეკეთზეც მინდა გკითხოთ, სადაც თქვენ მუშაობთ. იქ რა ხდება? ვიცით, რომ ტაშკენტის ფახთაქორთან ერთად დუბლი შეასრულეთ და ამას გილოცავთ კიდეც. ახლა, რა ვითარებაა?

აზიურ ჩემპიონთა ლიგაში თამაში გვიწევდა და კარგადაც დავიწყეთ, რადგანაც ირანისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ კლუბებს მოვუგეთ. მერე საუდის არაბეთის ალ-ჰილალთან უნდა გვეთამაშა, სადაც ბაფეტიმბი გომისი ირიცხება, თუმცა, პანდემიის გამო, ვეღარ მოვასწარით. უზბეკეთშიც იმედი აქვთ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება, რადგანაც 35-მილიონიანი ქვეყანაში 2 500-მდე ინფიცირებულია და ეს, დიდი რიცხვი ნამდვილად არააა. სხვათა შორის, ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოშია. 600-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და ნახევარი უკვე გამოჯანმრთელდა. ამისთვის, ჩვენს საოცარ ექიმებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

თქვენს შემდეგ, ტრაბზონსპორში არაერთმა სახელოვანმა ფორვარდმა ითამაშა, თუმცა, თქვენი მაჩვენებლები ვერავინ გადაფარა. მხოლოდ სტარიჯი და მალუდა რად ღირს. ახლა, პირველ პლანზე სორლოტია, რომელსაც თქვენამდე 7 გოლი უკლია. როგორ ფიქრობთ, დაგეწევათ?

რეკორდები სწორედ იმისთვის არის, რომ დაემხოს და ეს, ასეც მოხდება. ისე, ბევრი წელი კი გავიდა და მართალი გითხრათ, ამ რბოლას თვალს ნამდვილად არ ვადევნებდი. სორლოტი კარგი ფეხბურთელია, თუმცა, მხოლოდ გოლები არ კმარა. გამიხარდება თუკი ის რაიმე ტიტულს მოუგებს, პირველ რიგში, ჩემპიონობას ვგულისხმობ.

'არჩილი ძველებურად აღარ მგავს, რადგანაც წონაში მოიმატა'

ტრაბზონში გატარებული პერიოდიდან რაიმე სახალისო ამბავს ხომ არ გაიხსენებდით? თუნდაც, ახალი ჩამოსული რომ იყავით.

კი, თურქეთში სულ რამდენიმე კვირა გვქონდა გატარებული, როდესაც მე და ჩემს ძმას აეროპორტში ერთი კაცი მოგვიახლოვდა და გვკითხა, ინგლისურად თუ ვსაუბრობდით. თანხმობა განვუცხადეთ, მან კი გვითხრა: “არჩილ, შოთა” და გატრიალდა. აი, ინგლისური ენის ესეთი მცოდნე ადამიანი გავიცანით. ისე, ახლა არჩილი ნაკლებად მგავს, რადგანაც წონაში მოიმატა (იცინის).

ვიცით, რომ თურქეთთან ახლაც მჭიდრო კავშირები გაქვთ...

რასაკვირველია, ჩემი ოჯახი ხომ სტამბულში ცხოვრობს. ამას გარდა, აქაურ გუნდებში არაერთი წელი გავატარე მწვრთნელის რანგშიც. ქაშიმპაშას პრეზიდენტს დღემდე დიდ პატივს ვცემ და ვმეგობრობ.

თქვენ აქ იმიტომაც უყვარხართ, რომ თურქულად კარგად საუბრობთ. არადა, მათაც ვიცნობთ, ვინც წლებია, ჩვენთან იმყოფებიან და 5 სიტყვის გადაბმა არ შეუძლიათ...

ტრაბზონში 1993 წელს ჩამოვედი და ცხადია, თავიდან მეც ძალიან გამიჭირდა, თუმცა, ნელ-ნელა ენა ნამდვილად ვისწავლე, ხოლო როდესაც თურქეთში მწვრთნელობა დავიწყე, ცოდნის დონე კიდევ უფრო ავიმაღლე. ენა ჩემი ოჯახის წევრებმაც იციან, რადგანაც აქ უკვე 10 წელი აქვთ გატარებული.

ტრადიციული კითხვებიც წამოვიდა. რონალდო თუ მესი?

ამას განა კითხვა სჭირდება? პასუხი ხომ ცხადია. პირველ ადგილზე გენიოსი უნდა დავაყენოთ, ეს კი, მესია.

შიდათურქულ დაპირისპირებაზეც გადავიდეთ. ჰაჯი თუ ალექსი?

ვფიქრობ, ჰაჯი. ის წარმატებული მხოლოდ თურქეთის ჩემპიონატში არ ყოფილა. მისი სახელი მთელმა მსოფლიომ იცოდა. რეალში, ბარსელონასა და მსოფლიოს პირველობაზე უთამაშია. ალექსი მაგარი იყო, თუმცა, ნაკლებადცნობილი.

მუშაობა რომ ფენერბაჰჩემ შემოგთავაზოთ, რას უპასუხებთ?

ფენერბაჰჩე? რატომაც არა? მათდამი მტრულად განწყობილი ნამდვილად არ ვარ. ისინიც ხომ თურქეთს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს ტრაბზონსპორის გარდა, აიაქსში, რეინჯერსში, ალკმაარსა და ლევანტეში უთამაშია, სამწვრთნელო პოსტზე კი ზურგს ალკმაარში, ქაისერისპორში, ქაშიმფაშაში, ტრაბზონსპორში, თელ-ავივის მაკაბისა და ფახთაქორში მუშაობა უმაგრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები