Thumbnail

'კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის რეპუტაცია' - სეოკ-ის განცხადება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს პირველი ჩოგანი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს და შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, რის გამოც ის დააკავეს და შემდეგ, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიმდინარეობის საქმის გამოძიება. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ...

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები