- 📅 14 ივნისი | ⌚ 00:00 | ⚽ მალიორკა V ბარსელონა
- მალიორკას გასავარდნი ზონიდან ამოსვლა სურს
- ბარსელონას სამივე ვარსკვლავური ფორვარდი მინდორზე იქნება
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
- საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ბარსელონა სეზონის პირველ მატჩს შაბათს გვიან ღამით ჩაატარებს. კატალონიელები ბალეარის კუნძულებზე არიან ჩასულნი და Iberostar Estadi-ზე მალიორკას ეთამაშებიან. ძნელი სათქმელია, ვირუსმა გუნდების მდგომარეობაზე როგორ იმოქმედა, თუმცა, არა გვგონია, მასპინძლებს მომავალ თამაშში დიდი შანსი ჰქონდეთ. ბარსა 27 ტურის თავზე 58 ქულით ლიდერობს და ცხადია, ამ სეზონშიც მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მალიორკა კი 25 ქულით გასავარდნ მე-18 ადგილზეა და მიზნად ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაუსახავს.
ბარსელონას ფრანგი მცველი კლემენ ლენგლე ჰყავს ინფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურ ზონას ჟერარ პიკე და სამუელ უმტიტი შეავსებენ. ასევე აკრძალული აქვს თამაში ნელსონ სემედოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია არაფერ შუაშია. საქმე ის გახლავთ, რომ მან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები დაარღვია და კლუბმა ამისთვის დასაჯა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რომელსაც ოცამდე პირი დაესწრო ნიღბის გარეშე. ეს კლუბში შეიტყვეს და ამ დროისთვის, სემედოს ვარჯიშიც კი აკრძალული აქვს. ოპერაციის შემდეგ, ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი, რომელიც წინა ხაზში ლიონელ მესისთანა და ანტუან გრიზმანთან ერთად იქნება გამწესებული.
თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში ტაკეფუსა კუბოს. იაპონელი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში ირიცხებოდა და საბავშვო გუნდებში 2011-15 წლებში თამაშობდა, ახლა კი, მასზე უფლებები მადრიდის რეალს ეკუთვნის და ის მალიორკაში იჯარის წესით თამაშობს. კუბოს უკან მარცხენა ფლანგს ფრან გამესი გაამაგრებს, მარჯვნივ კი ალეხანდრო პოცო დადგება. კუნძულელთა თავკაცის ვისენტე მორენოს გადაწყვეტილებით, ნახევარდაცვის ცენტრში სალვა სევილია და იდრისუ ბაბა ითამაშებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექს ფებასს სათადარიგოს როლით დაკმაყოფილება მოუწევს.

ვისენტე მორენო (მალიორკას მწვრთნელი): “ამ თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ბიჭები მატჩს მოუთმენლად ელიან და ზოგი მათგანი, მგონი, უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე, სეზონის შეწყვეტამდე იყო. ახალ რეგულაციებთან შეგუება მოგვიწევს და ამას ვერაფრით შევცვლით. საუბარი მაქვს იგივე ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშსა და 5 ცვლილების წესზე. ფავორიტი ვინ არის, იოლი გასაგებია. როდესაც ბარსელონას ეთამაშები, გამარჯვებაზე ფიქრი ძალიან ძნელია, თუმცა, უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. გასავარდნ ზონაში ვიმყოფებით და თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხარია, რომ ჩვენს სტადიონზე ლიონელ მესისაც ვნახავთ. ჩემი აზრით, ის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”.

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): “ბოლო დროს ესპანურ პრესაში ჩემს შესახებ ბევრი იწერება. ამბობენ, რომ თუკი ჩემპიონები ვერ გავხდით, თანამდებობის დატოვება მომიწევს. ვერ გეტყვით, რომ ეს მწყინს. მწვრთნელების საქმე ხომ ყოველთვის ასე იყო. თუკი თამაშებს ვერ იგებ, შენი სამსახური აღარ სჭირდებათ. როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ამისთვის, მაშინათვე მზად გახლდით. იძულებითი პაუზის შემდეგ, სეზონის 3 ქულით განახლებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ვერ ვიტყვი, რომ მალიორკასთან იოლი გასეირნების იმედი მაქვს. იმედია, მალე გავიტანთ და ამისთვის, თავიდანვე უნდა შევუტიოთ. მესი კარგადაა და მისი დიდი იმედი მაქვს. იგივეს თქმა შემიძლია სუარესზეც, თუმცა, მან შესაძლოა, 90 წუთი ვერ გაძლოს”.
საინტერესო ფაქტები
⚽ ბარსელონას მალიორკასთან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 4 გოლი აქვს გატანილი.
⚽ ბარსელონას მალიორკასთან ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 10 აქვს მოგებული.
⚽ ბარსელონა მალიორკასთან ყველა შეჯიბრზე ერთად აღებულ უკანასკნელ 6 მატჩში იგებდა როგორც ტაიმს, ისევე – მთლიან თამაშს.
⚽ ბარსელონას ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5 თამაში აქვს მოგებული.
⚽ ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ 5 საგარეო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვს გაშვებული.
⚽ ყველა ტურნირზე ერთად აღებული, გუნდების უკანასკნელი 6 მატჩიდან ხუთში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა.
⚽ ბარსელონამ მალიორკას ბოლო ორ მატჩში 5-5 გოლი გაუტანა.
⚽ მალიორკას ბოლო სამ საშინაო მატჩში 2.5-ზე მეტი გოლია გასული.
სავარაუდო შემადგენლობები
მალიორკა (4-4-2): რეინა – გამესი, რაილო, ვალიენტი, პოცო – კუბო, ბაბა, სევილია, როდრიგესი – ერნანდესი, ბუდიმირი.
ტრავმა: კუტრისი, აგბენიენუ.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დე იონგი – მესი, სუარესი, გრიზმანი.
ტრავმა: დემბელე.
დისკვალიფიკაცია: ლენგლე.
კომენტარები