Thumbnail

ალექსანდრე მეტრეველი: რომიდან ფული ჩემოდნით წამოვიღე, მეგონა, ვერ გადავრჩებოდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მითხრეს, ნახევარს შენ აიღებ, ნახევარი ჩვენთან მოგაქვს, თანაც, ეს არავისთან დაგცდესო'
  • 'დევისის თასი 2-ჯერ უნდა მოგვეგო, თუმცა, ორივე შემთხვევაში გამიზნულად წავაგეთ'
  • 'სლავა მეტრეველი ჩემზე პოპულარული იყო, ფეხბურთი ხომ პირველი ნომერი სპორტია'
  • 'ამერიკელებმა 'ფორდ მუსტანგი' მაჩუქეს, ისეთი მანქანა მთელს საბჭოეთში არ დადიოდა'
  • 'თითქმის 40 წლის კაცი ამ დონეზე ვერ უნდა თამაშობდეს, თუმცა, ფედერერი ამას ახერხებს'

ბელარუსულმა Pressball-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს. ის თავის დროზე მსოფლიოს მე-9 ჩოგანი იყო, დიდი სლემის ტურნირებზე კი, ყველაზე დიდ წარმატებას 1973 წელს მიაღწია, როდესაც უიმბლდონის ფინალში ითამაშა. გასაგებ მიზეზთა გამო, მეტრეველის ყველა წარმატება საბჭოთა კავშირის აქტივში იწერებოდა და მის მიერ გახსენებული ისტორიებიც სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება. ის თანამედროვე ჩოგბურთში არსებულ სიტუაციასაც შეეხო.

როგორც ცნობილია, თქვენს პერიოდში საპრიზო თანხების მიღება დიდი პრობლემა იყო. ამაზე რას გვეტყვით?

ეს, ნამდვილი თავისტკვილი გახლდათ. რაიმე ერთი წესის შემოღება უჭირდათ, რადგანაც ვიღაც პირველივე წრეში აგებდა, ვიღაც კი ფინალში გადიოდა, თანაც ტურნირებზე სხვადასხვა საპრიზო თანხა იყო გაწერილი. მახსოვს, რომის ტურნირზე მივდიოდი, რომელსაც სოლიდური საპრიზო ფონდი გააჩნდა. ამიტომაც, მოსკოვთან კონტაქტზე ლამის 1 წლით ადრე გავედი. იქ მითხრეს: “მოდი, ასე მოვილაპარაკოთ. ნახევარს შენ აიღებ, ნახევარი ჩვენთან მოგაქვს, თანაც, ეს არავისთან დაგცდეს”. ვუპასუხე: “კი, მაგრამ ეს ფული საზღვარზე როგორ გადმოვიტანო?”. “ეს, უკვე ჩვენი პრობლემა აღარაა”. რომის ტურნირზე კარგად დავიწყე, მატჩებს ერთი მეორის მიყოლებით ვიგებდი, ამ დროს მოსკოვიდან დამირეკეს და მეუბნებიან: “იცი, ნახევარი ბევრია, მოდის, შემთვის მეოთხედი დაიტოვე, დანარჩენი კი – აქეთ”. რომის ტურნირის დირექტორმა კუთვნილი თანხა თავად ჩამითვალა, თანაც პატარა კუპიურები იყო, ერთიდან ათ დოლარამდე. მთელი ჩემოდანი გამოვიდა. როგორც წესი, საბაჟოზე არავინ მამოწმებდა, მაგრამ ამჯერად ძალიან მეშინოდა. მეგონა, ვერ გავავრჩებოდი. ჩემოდანი რომ გაეხსნათ, რა უნდა მეთქვა? მადლობა ღმერთს, ამჯერადაც არავის შევუმოწმებივარ.

ალექსანდრე მეტრეველმა 1973 წელს უიმბლდონის ფინალში ითამაშა

თქვენი ყველაზე დიდი წარმატება უიმბლდონს უკავშირდება. 1973 წელს ფინალში ითამაშეთ. მაშინ მიღებულ თანხას რა ბედი ეწია?

იმ ფულთან ახლოსაც კი არავინ მიმიშვა, ჩემს მაგივრად აიღეს. სასტუმროს ფულიც კი ჩემით გადავიხადე. ეს ეხლაა, რომ მაგალითად დევისის თასზე ოჯახთან ერთად ჩასვლაც შეიძლება, მაშინ კი, ეს, წარმოუდგენელი იყო. სასტუმროს ნომერზე პირადად უნდა გეფიქრა, თუ კარგი ნომერი გინდოდა, დამატებით უნდა გადაგეხადა. მაშინ პოლიტიკური მომენტებიც სჭარბობდა. იგივე დევისის თასის მოგება 2-ჯერ შეგვეძლო, თუმცა, 2-ვე შემთხვევაში გამიზნულად წავაგეთ. პირველ ჯერზე, ბადეში ჩილე გვყავდა, სადაც სახელმწიფო გადატრიალება ახალი მომხდარი იყო, მეორეჯერ კი სამხრეთ აფრიკა გველოდა, სადაც აპარტეიდი მძვინვარებდა. შესაბამისად, წინა რაუნდებში წავაგეთ. მოგებას აზრიც არ ჰქონდა. შემდეგ საერთოდ კორტზე გასვლაზე უნდა გვეთქვა უარი, რასაც დისკვალიფიკაცია და ჯარიმები მოჰყვებოდა. ჩვენთან ყოველთვის ამბობდნენ, რომ პოლიტიკა სპორტში არ ერეოდა, თუმცა, ვიცოდით, რომ ეს, ასე არ იყო.

საბჭოთა სპორტსმენები მოგვიანებით ხშირად ჰყვებოდნენ, რომ უცხოეთში ვიზიტებისას გასაყიდად ბევრი რამ მიჰქონდათ. ჩოგბურთელებში თუ ხდებოდა ასეთი ამბები?

როგორ არა? ვიცი ისტორია, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ჩოგბურთელი ტურნირზე სამკაულით ჩავიდა და იქაურ ნაცნობს მისი გაყიდვა სთხოვა. ის გარკვეული არ იყო, რომ საბჭოთა ადამიანისთვის ამგვარი ქცევა ქმედება იყო. მეორე დღეს ვარჯიშზე მოვიდა, სამკაული ჩვენი დელეგაციის პირველივე შემხვედრ წევრს დაუბრუნა და უთხრა: “გადაეცით მას, რომ გაყიდვა ვერ მოვახერხე”. ალბათ, გესმით, იმ ჩოგბურთელს რა დღე დაადგებოდა.

დაახლოებით თქვენს პერიოდში კიდევ ერთი მეტრეველი ბრწყინავდა – ფეხბურთელი. თბილისში რომელიც უფრო პოპულარული იყავით. თქვენ თუ ის?

როგორც წესი, ფეხბურთელები უფრო პოპულარულები არიან ხოლმე. ეს ხომ სპორტის ნომერი პირველი სახეობაა, თუმცა, ჩვენს პრესაში ასეთი სათაურიც ყოფილა: “მეტრეველიდან მეტრეველამდე”. რომელიღაც წელს ჟურნალისტებმა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენადაც კი დამასახელეს, როდესაც სლავა მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა. მასთან ვმეგობრობდი. ერთად ხშირად ვიყავით ხოლმე, რადგანაც შედარებით მეტი თავისუფალი დრო ორივეს ერთ პერიოდში გვქონდა – ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში.

მგონია, რომ საქართველოში სპორტსმენობა ძალიან რთულია. იქ ხომ მუდმივად სხვადასხვა სუფრებზე გეპატიჟებიან.

ამის გარეშე საქართველოში მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, მაღალი დონის სპორსტმენი უნდა ხვდებოდეს, რომ ზღვარი ყველაფერში საჭიროა. ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს. მეგობრების კომპანიაში ჭიქა ღვინის დალევა პრობლემა არაა. მთავარია, ძალიან არ გაერთო. საერთოდაც, საბჭოეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, თბილისში უფრო მეტი თავისუფლება იყო. მაგალითად, მოსკოველებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ, რომ ტურნირზე მეუღლესთან ერთად წასულიყვნენ, ჩემთვის კი, ეს საკითხი რესპუბლიკურ დონეზე წყდებოდა. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა საბჭოეთის პერიოდიდან არაერთი ამბავი გაიხსენა

მინსკში სპეციალური გამანაწილებელი ორგანო არსებობდა, სადაც ცნობილი სპორტსმენები განსაკუთრებულ ნობათებს იღებდნენ. ამ მხრივ, თბილისში რა ხდებოდა?

ასეთი რამ არ იყო, სამაგიეროდ, იყვნენ ბაზრებისა და მაღაზიების ნაცნობი დირქტორები. ვაჭრობის მინისტრსაც კარგად ვიცნობდი, ამდენად, პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს მქონია. მაშინ 2 მანქანაც კი მყავდა, რაც საბჭოთა ადამიანისთვის წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა. პირველი “ვოლგა” იყო, რომელიც სწორედ რომის ტურნირზე აღებული თანხით ვიყიდე, მეორე კი – “ფორდ მუსტანგი”, ვერცხლისფერი სპორტული მანქანა. ის არა, დიპლომატები რომ დადიოდნენ და ყოველთვის რიგში დგომა უწევდათ. როგორც წესი, მათ ძველი, ნახმარი ავტომანქანები ხვდებოდათ, ჩემი კი სრულიად ახალი იყო, ამერიკელების ნაჩუქარი. ასეთი თბილისში ნამდვილად არ დადიოდა და ვეჭვობ, დანარჩენ საბჭოთა კავშირშიც სადმე ყოფილიყო.

ეს მუსტანგი საიდან გყავდათ?

აშშ-ში ტურნირზე მიმიწვიეს, არადა, მაშინ ხელი მტკიოდა და სათანადოდ თამაშს ვერ მოვახერხებდი. ისინი მაინც მეპატიჟებოდნენ და მითხრეს, რომ კარგ საჩუქარსაც დამახვედრებდნენ. ჩავფრინდი და მეკითხებიან: რა გინდა? მანქანა ვთხოვე. “არაა პრობლემა!”. ამერიკელებმა სიტყვა შეასრულეს და ფორდი მომიყვანეს. გამიხარდა, მაგრამ იმისიც მეშინოდა, შინ დაბრუნებისას რა პრობლემები შეიძლებოდა შემხვედროდა. კიდევ კარგი, მეგობრები დამეხმარნენ და ეს მანქანა შევინარჩუნე.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი მილიციელები თქვენს მანქანას არ აჩერებდნენ.

მართალია. სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარი იყო, მისი მოადგილეც, თუმცა, წესებს მაინც არასდროს ვარღვევდი. საერთოდაც, ბევრი მეგობარი მყავდა და მათი რეკომენდაციები არაერთხელ დამხმარებია. თითქმის 5 წელი საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილედაც ვიმუშავე.

საქართველოში დიდი სპორტსმენების მიმართ ყოველთვის თბილი დამოკიდებულება იყო. ისინი კარიერის დასრულების შემდეგაც კარგად ცხოვრობდნენ. მაგალითად, იგივე სლავა მეტრეველი რესტორნის დირექტორი გახდა. სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში ასეთი მიდგომა არ ყოფილა.

მაშინ კერძო ბიზნესი არ იყო, ამიტომაც, დამსახურებულ ხალხს ისეთ პოსტებს სთავაზობდნენ, სადაც კარგი შემოსავალი იყო. რესტორნის დირექტორი ღარიბი ვერაფრით იქნებოდა, თუმცა, გამოგიტყდებით, რომ მინისტრის მოადგილედ უფრო ნაკლებს ვიღებდი, ვიდრე სპორტსმენობისას ან მწვრთნელად მუშაობის დროს. სამაგიეროდ, ძალიან გამიმართლა, რომ ბევრი მეგობარი მყავდა. ნებისმიერი პრობლემას მოგვარება შეიძლებოდა. იქნებოდა ეს შეკრებისთვის კარგი სასტუმრო, კვება, მატარებლისა და თუ თვითმფრინავის ბილეთები, ვიღებდი ტელეფონის წიგნაკს და შესაბამის ადგილას ვრეკავდი. მაშინ ამ ნაცნობობით ბევრი რამ გვარდებოდა.

თუ სწორად მახსოვს, მაშინ მუშაობდით, როდესაც 1981 წელს დინამო თბილისმა თასების მფლობელთა თასი მოიგო.

არა, თუმცა, იმ გუნდთან ერთად დავდიოდი. მაგალითად, ჰოლანდიაში პარტიული ხაზით წავყევი. იმ სეზონში მსაჯებთან ურთიერთობა მევალებოდა. მათი დახვედრა, დაბინავება, გაცილება. მაშინ ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღე, რომელიც მოგვიანებით ძალიან დამეხმარა.

ალექსანდრე მეტრეველმა თანამედროვე ჩოგბურთელებზეც ისაუბრა

ყველაზე დიდ ქართველ სპორტსმენად ვინ მიგაჩნიათ?

ცხადია, ვიქტორ სანეევი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც მე-4 ოქროს მოგებაც შეეძლო. დიადი ათლეტი იყო, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სულ რამდენიმეა. მძიმე პერიოდში საცხოვრებლად ავსტრალიაში წავიდა. ვიცი, რომ ფეხებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ყველაფერს გაუძლო. მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოსახვედრად წარმოუდგენელი კონკურენციის გავლა იყო საჭირო. მაგალითად, თუ ნაკრებში ქართველი მოჭიდავე მიჰყავდათ, ის ტურნირიდან აუცილებლად ოქროს ან ვერცხლის მედლით ბრუნდებოდა. 

თანამედროვე ამბებზეც ვთქვათ. ვიცი, რომ ქალთა ჩოგბურთი არ გიყვართ.

ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, უბრალოდ, ჩემი აზრი მაქვს. საუბრობენ კაცთა და ქალთა ჩოგბურთის დონის გათანაბრებაზე. თუ ეს ასეა, მაშინ გავაკეთოთ საერთო ბადე და ვნახოთ, რა მოხდება. კაცები კორტზე ოთხ საათს ატარებენ, ქალები – ერთს. რა თანაბრობაზეა საუბარი? დღეს, ქალთა ჩოგბურთში კრიზისია. ადრე გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ, დღეს კი, არავინ სჩანს. ლამის ყველა ტურნირს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს. იმედი მაქვს, ეს პერიოდი მალე დასრულდება.

ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ვინ მიგაჩნიათ?

ორს დავასახელებ. როჯერ ფედერერი თანამედროვეებიდან და როდ ლეივერი ძველებიდან. ავსტრალიელს კარგად ვიცნობ, ერთად დიდი დრო გაგვიტარებია და შემიძლია გითხრათ, რომ თავისი ეპოქის ლეგენდა იყო. ფედერერი უკვე სხვა დრო და სხვა ჩოგბურთია, ჩოგნებიც კი სხვაა. ახლანდელმა ჩოგბურთელებმა ძველი ჩოგნები რომ ნახონ, ალბათ, ვერც გაიგებენ, იმით როგორ თამაშობდნენ.

ფედერერი მალე 39 წლის გახდება. როგორ ფიქრობთ, მისი მოტივაცია რა არის?

მას თამაში უყვარს, ფულს შოულობს, ხალხი მის სანახავად დადის, საკმარისი მოტივაციაა. ისტორია გვანახებს, რომ ის სპორტსმენები, ვინც მთელს ცხოვრებას ჩოგბურთს უძღვნიან, ფენომენალურ შედეგებს აღწევენ. როჯერი ის მოთამაშეა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების ახალ ზღვარს ადგენს. თითქმის 40 წლის კაცი ასეთ დონეზე ვერ უნდა თამაშობდეს, ის კი, ამას ახერხებს და მილიონობით ქომაგიც ამიტომ ჰყავს.

ახლა, თბილისში რამდენად კომფორტულად ცხოვრობთ?

აქ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი. ახლა, ქალაქგარეთ ვცხოვრობ. მეგობრები ხშირად მსტუმრობენ, რაც ჩვენთვის სრულიად ნორმალური ამბავია. მართალია, პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში კორექტივები შეიტანა, თუმცა, საქართველოში მეზობლებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ამ უბედურებას როგორღაც გავუმკლავდით და მხოლოდ 14 გარდაცვლილი გვყავს, ინფიცირებულიც არაა ბევრი.

კომენტარები

ბოლო ამბები