- იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა
- პაბლიტომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი 38 წლის წინ ჩაატარა
- იტალიამ როსის სამი გოლით ბრაზილიას მოუგო
- ენცო ბეარძოტის გარდა პაოლო როსის არავის სჯეროდა
- ამ მატჩმა ფეხბურთის განვითარება შეცვალა
- 'სელესაოს' მთავარი სიმბოლო სოკრატესი იყო
საფეხბურთო იტალია და მსოფლიო ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელის, პაოლო როსის გარდაცვალებას გლოვობს. ლეგენდარული ფორვარდი 64 წლისა გარდაიცვალა. პოპსპორტის ეს სტატია როსის კარიერის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მატჩზეა, რომელშიც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯადოსნურ ბრაზილიას 3 გოლი გაუტანა. პაოლო როსი იტალიური ფეხბურთის სიბოლოა, ეს თამაში კი მისი ფენომენის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.
ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალზე მეტი აღმოჩნდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც ფეხბურთის და, ზოგადად სამყაროს აღქმის ორი განსხვავებული კონცეფცია შეხვდა ერთმანეთს. ეს იყო თამაში, რომელიც თავისი დაძაბულობის, ესთეტურობისა და დრამატიზმის გამო სრულიად სამართლიანად მიიჩნევა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად. ამ თამაშმა ფეხბურთის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
38 წლის წინ, 1982 წლის წინ 5 ივლისს, ტელე სანტანას მფრინავი ბრაზილია ბარსელონაში, ესპანეთის მუნდიალზე, ენცო ბეარძოტის იტალიას შეხვდა.
მფრინავი ბრაზილია
1982 წლის ბრაზილია ლეგენდის ნაწილია. ეს გუნდი ბრაზილიური ფეხბურთის იდეალს საუკეთესოდ განასახიერებდა. 1958-70 წლებში პელემ და მისმა თაობამ ბრაზილიას არამხოლოდ 3 მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანეს, არამედ ბრაზილიური ფეხბურთი სამარკო ნიშნად, ბრენდად აქციეს. ეს იყო სილაღის, ტექნიკის, დახვეწილობის, რაღაც ირაციონალური მაგიის მქონე ფეხბურთი.
1982 წლის გუნდი, საყოველთაო მოლოდინით, არაფრით ჩამორჩებოდა წინა თაობის ლეგენდარულ 'სელესაოს'. მეტიც: მიიჩნევა, რომ ეს იყო გუნდი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ესთეტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. პირადად მე ამ გუნდის მხოლოდ რამდენიმე თამაში მინახავს, ისიც ჩანაწერში, თუმცა მისაუბრია ბრაზილიის სტაჟიან გულშემატკივრებთან და ვიცი, რომ ეს მათთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი გუნდი იყო. გუნდი, რომელიც ესთეტიკას და სილაღეს ყველაფერზე მაღლა აყენებდა.

ამ გუნდში დიდი ფეხბურთელები იყვნენ: ზიკო, რომელსაც ბრაზილია იმ დროს პელეს შემდეგ თავის ყველაზე დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდა; ფალკაო - ეპოქის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი და, რაც მთავარია, სოკრატესი - კაცი, რომლისთვისაც ფეხბურთი თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალება გახლდათ. სოკრატესი იმ წლებში ბრაზილიური ხუნტის წინააღმდეგ ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო და, ზოგადად, ლიბერალიზმის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ჟურნალისტი არმანდო ნოგეირა: ‘ზიკო პოეტია. ის ფეხბურთს ისე თამაშობს, თითქოს ბურთი ნახევრად გაფურჩქნული ვარდია მის ფეხებში’.
სოკრატესი დიქტატურის წლებში თამაშობდა მაისურზე წარწერით "დემოკრატია", ფეხბურთშიც თავისუფლების მხარეს იყო და ძალადობას ემიჯნებოდა. იგი ეწეოდა და ლუდს ხშირად გასახდელში სვამდა - სოკრატესისთვის ნებისმიერი აკრძალვა შეურაცხმყოფელი იყო. მას არც ვარჯიში უყვარდა: ‘მე ანტიათლეტიზმს განვასახიერებ, ისეთი მიმიღეთ, როგორიც ვარ,’ - ამბობდა იგი.
როგორც ერთი იმდროინდელი ბრაზილიელი ჟურნალისტი წერდა, სოკრატესის თითოეულ მოძრაობაში უფრო მეტი თავისუფლება იყო, ვიდრე მთელს იმდროინდელ ბრაზილიაში.

მრავლისმთქმელია მისი მეტსახელი - ‘დოქტორი’. სოკრატესმა კარიერა შეაჩერა, რათა ესწავლა და ექიმი გამხდარიყო. მისი გრძელი თმის, წვერის და ჰიპური იმიჯის მიღმა, სპორტსმენის კვალობაზე ღრმად განათლებული ადამიანი იმალებოდა. ბრაზილიის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა სოკრატესის ინტერვიუებისთვის მომისმენია და უნდა ვთქვა: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კაცი ფეხბურთის ისტორიაში.
1984 წელს სწორედ ის გახლდათ ბრაზილიის სახალხო, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, რომელმაც მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნების უფლება მოიპოვა.
სწორედ ამიტომ, ტელე სანტანას ბრაზილია უფრო მეტად სიმბოლო იყო, ვიდრე გუნდი. ყველას სჯეროდა, რომ ბრაზილიის და მისი ფეხბურთის გამარჯვება რაღაც უზენაესი სამართლიანობის დასტური უნდა ყოფილიყო.
ენცო ბეარძოტის იტალია
თუკი ბრაზილია დაფრინავდა, იტალიის ბანაკში ყველაფერი კატასტროფულად გამოიყურებოდა. ენცო ბეარძოტის გუნდს თავიდანვე სტრესი და ნეგატიური ფონი ახლდა თან. მუნდიალამდე ორი წლით ადრე იტალიამ საშინაო ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო. ამას დაემატა ის, რომ ზედ მუნდიალის წინ დაასრულა 2-წლიანი დისკვალიფიკაცია (თამაშების ჩაწყობის გამო) პაოლო როსიმ, რომელიც "ოდესღაც" იტალიის მთავარი იმედი გახლდათ. ბეარძოტი მკაცრი და ჯიუტი კაცი იყო. მას ყველაზე ნაკლებად ადარდებდა პირადი იმიჯი და საზოგადოებრივი აზრი. მარტივად რომ აღიქვათ: მუნდიალის წინ, ახალგაზრდა გულშემატკივარმა გოგომ ბეარძოტს სახალხოდ ნაძირალა მიაძახა და მისგან პასუხად სილა მიიღო!

ამის შემდეგ ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, რომ ბეარძოტს არავისი მოერიდა და უვარჯიშებელი პაოლო როსი არამხოლოდ წაიყვანა მუნდიალზე, არამედ თავის ძირითად თავდასხმელად აქცია. აქედან კარგი არაფერი გამოვიდა - იტალიამ ჯგუფში სამი სამარცხვინო ფრე ითამაშა პოლონეთთან, პერუსთან და კამერუნთან. "სკუადრა აძურამ" მხოლოდ ორი გოლი შეაგდო და ჯგუფიდან ძლივს, მეორე ადგილით გააღწია. ამ თამაშებში ყველაზე უფერულად სწორედ პაოლო როსი გამოიყურებოდა, თუმცა ბეარძოტი მას ჯიუტად ენდობოდა.
ეუჯენიო ფაშეტი, მწვრთნელი: ‘ჩემთვის სამარცხვინოა, რომ იმავე პროფესიას მივეკუთვნები, რომელსაც ენცო ბეარძოტი.’
ამ იტალიის მთავარი კაცი და მთავარი სახე კი კლაუდიო ჯენტილე გახლდათ, მეტსახელით ‘კადაფი‘.
ორი თამაში არგენტინასთან
1982 წლის მუნდიალს უცნაური ფორმატი ჰქონდა. ოთხი სამგუნდიანი მეოთხედფინალური ჯგუფი იქმნებოდა, რომელთა გამარჯვებული ნახევარფინალში გადიოდა. ერთ ჯგუფში ბრაზილია, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა და იტალია მოხვდნენ.
ორივე გუნდის ხასიათი და სათამაშო სტილი ყველაზე უკეთ არგენტინასთან თამაშებში გამოიკვეთა. ბრაზილიამ არგენტინა ისე გაანადგურა, რომ მათი დაპირისპირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი შექმნა. ‘სელესაო’ 3:0-ს იგებდა, როცა არგენტინამ მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. არგენტინას მარადონა ჰყავდა. სულ ახალგაზრდა დიეგოს უკვე მაშინ ჰქონდა პრეტენზია, რომ ფეხბურთს მისნაირად ვერავინ თამაშობდა. მოედანზე საპირისპირო ამბავი გამოვიდა: ზიკო, ედერი, ფალკაო და სოკრატესი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.

მანამდე, ორიოდე დღით ადრე, მარადონას იტალია დაუპირისპირდა. თუ ბრაზილია არგენტინას კოლექტიურად ჯობდა, ენცო ბეარძოტმა ერთ შეხედვით შეუძლებელი ამოცანა დაგეგმა: გადაწყვიტა, რომ მარადონა ინდივიდუალურად გამოეთიშათ და ეს მან კლაუდიო ჯენტილეს სთხოვა.
ჯენტილე: "ღამით ბეარძოტი შემოვიდა და მკითხა: ‘დაკეტავ მარადონას?’. პრობლემა არაა-მეთქი, ვუპასუხე უზრუნველად. ენცო ოთახიდან მაშინვე გავიდა, რათა ჩემთვის გადაფიქრების დრო არ მოეცა. როცა გავიდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა პრობლემის წინაშე ვიდექი. ვიდეოკასეტებს მოვკიდე ხელი და ორი დღე და ორი ღამე მარადონას თამაშს შეუსვენებლად ვსწავლობდი.’
ჯენტილე ამ იტალიის სახე და საუკეთესო მცველი იყო. მეტიც, ის იტალიური ფეხბურთის და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გახლდათ. მის ვიწრო სპეციალიზაციას ერთი-ერთზე თამაში, პერსონალური მეურვეობა წარმოადგენდა.
ჯენტილე იტალიელების მიერ ოკუპირებულ ლიბიაში, ტრიპოლიში, დაიბადა და გაიზარდა. ლიბიის რევოლუციის დროს კადაფის ბაბუა იტალიელებმა მოკლეს. მარტივი მისახვედრია, რომ ლიბიაში დამპყრობელი იტალიელები არ უყვარდათ. ჯენტილემ ფეხბურთი ტრიპოლის ქუჩებში ისწავლა, იქ, სადაც თითოეულ ადგილობრივ არაბს იგი ეზიზღებოდა და, როგორც თვითონ იხსენებდა, მისთვის ფეხის მოტეხვაზე ოცნებობდა. ამ პირობებში გაზრდილი ჯენტილე ფიზიკურად და მენტალურად უჩვეულოდ მყარი პერსონა იყო. ლიბიაში ის ბავშობიდანვე მიეჩვია, რომ ფეხბურთი ბრძოლაა, ყველა შენი ოპონენტი კი - შენი მტერი და ამ ბრძოლაში რომ გადარჩე, ძალიან მაგარი და ძალიან ეშმაკი უნდა იყო.

ქუჩაში თამაშმა ჯენტილეს ისეთი რაღაცეები მისცა, რასაც საფეხბურთო აკადემიებში არ ასწავლიან. ის ძალიან ეშმაკი იყო და ალბათ ასობით ბინძური ტრიუკი იცოდა, მოედანზე მეტოქისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ ექცია: იდაყვები, ფეხის დაბიჯება, მუხლის მირტყმა და მეტოქის შეშინება მისი რეპერტუარის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. ამ ყველაფერს ჯენტილე იმდენად მოხერხებულად და უცოდველი სახით აკეთებდა, რომ კარიერაში მხოლოდ 1 წითელი ბარათი აქვს მიღებული.
კლაუდიო ჯენტილე: ‘მეტოქეს მოედანზე მაშინვე ვაგრძნობინებ ხოლმე, ვინ არის აქ ბოსი!’
ხშირად, საფეხბურთო ლეგენდები ჯენტილეს იმ კაცად წარმოაჩენს, რომელიც მეტოქეებს ფეხებს ამტვრევდა. სინამდვილეში, მისი გზა უფრო მოწინააღმდეგის შეშინებაზე, პატარა ჯარიმებით თამაშისთვის ხელის შეშლაზე და მუდმივი უხეშობის ზღვარზე თამაში იყო, ვიდრე რაიმე ისეთი სისულელის გაკეთება, რომელიც მას დისკვალიფიკაციას მოუტანდა.
ცოტა საწყენია ისიც, რომ ჯენტილე საფეხბურთო ისტორიებში ძირითადად უხეშობის გამო შევიდა. სინამდვილეში ის ძალიან მაღალი კლასის მცველი იყო. როცა 1982 წლის მუნდიალის ჩანაწერებს უყურებ, თვალში გხვდება, რომ იმ იტალიის მასშტაბითაც კი, დაცვაში ჯენტილე საუკეთესო იყო, ათლეტიზმით და ფიზიკური მომზადებით ყველას აღემატებოდა და ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი ჰქონდა.
ჯენტილემ მარადონა ჩაიბარა, მთელი თამაშის მანძილზე დასდევდა, გასაქანის საშუალება არ მისცა, მხოლოდ დიეგოს წინააღმდეგ რეკორდულად ბევრჯერ, 23-ჯერ (გავიმეორებ 23-ჯერ!!!) დაჯარიმდა და თამაშის მერე აღშფოთებულ ჟურნალისტებს აგდებით მიაძახა: ‘ფეხბურთი წყეული ბალერინების თამაში არ არის’. სინამდვილეში, მან ‘წყეულის’ ნაცვლად ბევრად უარესი სიტყვა იხმარა, ისეთი, რომ სტატიაში ნაკლებად დაიწერება...

დიეგო მარადონა: ‘ჯენტილე?! ერთ მომენტში მინდორზე დავვარდი. ხელი გამომიწოდა, ვითომ უნდოდა, რომ ადგომაში დამხმარებოდა. ამ დროს ხელში ფრჩხილები ისე ჩამაჭირა, რომ მატჩის მერე მტევანზე სისხლჩაქცევები მქონდა. თან იღიმოდა.’
წლების შემდეგ, მარადონა იტალიაში, ნეაპოლში განაგრძობს კარიერას და იქ სასწაულებს მოახდენს. ჯენტილე იტალიურ საფეხბურთო მითოსში შესულია, როგორც ერთადერთი კაცი, ვინც მარადონას შეჩერება მოახერხა. თითქმის 40 წლის შემდეგაც კი, მას ყოველთვის ასე წარადგენენ.
იტალიამ კაბრინის და გრაციანის გოლებით მოიგო (2:1). პაოლო როსი ისევ სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. გადამწყვეტ თამაშში იტალიას ბრაზილია ელოდა და მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.
ჯანი ბრერა, იტალიელი ჟურნალისტი: ‘ორივე გუნდმა დაამარცხა არგენტინა, თუმცა ბრაზილიამ უბრალოდ დაამცირა და გაანადგურა. დედამიწაზე არავის სჯერა, რომ იტალია კიდევ ერთ საოცრებას მოახდენს.’
გადამწყვეტი თამაში
ბრაზილია ამ თამაშს ზედმეტად თავდაჯერებული შეხვდა. მთელი მსოფლიო უკვე წლების მანძილზე ამტკიცებდა, რომ მათნაირად ფეხბურთს ვერავინ თამაშობდა. მით უმეტეს იტალია მათი შემჩერებელი არ ჩანდა.
ფალკაო, რომას და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი: "თანაგუნდელები დამცინოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ იტალია იმდენად ცუდი გუნდი იყო, რომ სერია A-ში თამაში იოლი ყოფილა. მე ვპასუხოდი, რომ იტალია ბევრად ძლიერია, ვიდრე ეს ჩანს."
ფალკაო მართალი იყო. ცუდი სტარტის მიუხედავად, იტალია ძალიან ძლიერი იყო. მათი უკანა ხაზი - ლეგენდარული მეკარე დინო ძოფი, მცველები ჯენტილე, შირეა და კაბრინი იუვენტუსში და იტალიის ნაკრებში 7 წელი ერთად თამაშობდნენ, ერთმანეთის თვალდახუჭული ესმოდათ. წლების მანძილზე არავის გაუტანია იტალიის კარში 1 გოლზე მეტი.

ბეარძოტი ე.წ. zona mista-ს სისტემას იყენებდა. ეს სისტემა ჯოვანი ტრაპატონიმ იუვენტუსში დანერგა და იმას ნიშნავდა, რომ დაცვის ნაწილი მეტოქეს პერსონალურად ეთამაშებოდა, ნაწილი კი პოზიციურ დაცვას თამაშობდა. ბეარძოტი ყველაზე იტალიური სქემით, 3-5-2-ით თამაშობდა. დაცვის ცენტრში ჯენტილე და ფულვიო კოლოვატი პერსონალურ მეურვეობას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო მათ უკნიდან გაეტანო შირეა, ლეგენდარული ლიბერო აზღვევდა. იტალიას ძალიან სწრაფი ფლანგები ჰყავდა - ანტონიო კაბრინის მარცხნიდან და რომას ლეგენდას ბრუნო კონტის მარჯვნიდან შეტევა კარგად ეხერხებოდათ.
მოედნის ცენტრში დაცვას ეხმარებოდა ინტერის საყრდენი ლელე ორიალი, მის გვერდით კი მოძრავი და დინამიური იუვენტინო მარკო ტარდელი იდგა - მეტსახელით ‘ცოფიანი ძაღლი’.
ჯიმი გრივსი, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი: ‘ტარდელიმ მეტოქის ფეხებზე უფრო მეტი იარა დატოვა, ვიდრე ჰარფილდის საავადმყოფოს ყველა ქირურგმა ერთად.’
იტალიის ნაკრების მთავარი ფანტაზისტა ჯანკარლო ანტონიონი გახლდათ - ალბათ ერთადერთი კაცი, რომელიც ფლორენციაში გაბრიელ ბატისტუტაზე მეტად უყვართ. მთავარ პრობლემას შეტევა წარმოადგენდა. რომას ჩიჩო გრაციანი უფრო მუშა ფეხბურთელი იყო, გოლები კი იუვენტუსელ პაოლო როსის უნდა შეეგდო, თუმცა ზემოთ უკვე გითხარით, როგორ ფორმაში იყო როსი.
თავად იტალიაშიც კი თითქმის არავის სჯეროდა თავისი ნაკრების წარმატების.
პაოლო როსი: ‘ბრაზილია თითქოს ამ პლანეტიდან არ იყო. 82 წლის 'სელესაო' საუკეთესო გუნდი იყო, რომელიც კი მინახავს. მათ შეეძლოთ, თვალახვეულებს ეთამაშათ და მაინც ეცოდინებოდათ, რა ხდებოდა მოედანზე.’
ეს ფაქტორი იტალიელებს მხოლოდ ეხმარებოდა. ისტორიულად, იტალიის ნაკრები თავის საუკეთესო თამაშებს მაშინ თამაშობს, როცა აუტსაიდერია და მისი არავის სჯერა. 2006 წელს ეს იტალიური ფენომენი ფაბიო კანავარომ ახსნა: ‘როცა ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა, როცა ჩვენი არავის სჯერა, მაშინ ვერთიანდებით და ჩვენს საუკეთესო თვისებებს ვავლენთ.’
ბეარძოტი ბრაზილიის ფანტაზიის, სილაღის და შემოქმედებითობის გარდა მათ შეცდომებსაც ხედავდა. მანამდე, იმავე მუნდიალზე, ‘სელესაო’ საბჭოთა კავშირმა აწვალა, 1:0-ს უგებდა და მსაჯმა საბჭოთა გუნდი აშკარად დაჩაგრა იქამდე, სანამ ბრაზილია თამაშში დაბრუნდა და გაიმარჯვა.
ბეარძოტი იცნობდა კიდევ ერთ იტალიურ თვისებას - ლოდინის, მეტოქის შეცდომის მოლოდინის, უნარს.
მატჩი დაიწყო და ბრაზილია ზედმეტი თავდაჯერებისთვის მეხუთე წუთზევე დაისაჯა. ბრუნო კონტიმ ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ გადმოიტანა, ანტონიო კაბრინიმ ფლანგზე ჩაირბინა და შორეულ ძელთან ბურთი ჩააწოდა. იქ პირველი ბურთზე პაოლო როსი იყო. 1:0.
როსი იხსენებდა, რომ ამ გოლმა მას ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნა. დისკვალიფიკაციის და მუდმივი კრიტიკის სტრესისგან გაათავისუფლა. როსი თანამედროვე ფეხბურთელებში ყველაზე მეტად ფილიპო ინძაგის ჰგავდა. იუვეს მუზეუმში კედელზე ჯანი ანიელის ციტატაა. ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთ რამეს აღწერს, რომ როცა იუვეს გოლი გააქვს და ტრიბუნებიდან არ ჩანს, ბურთს ბოლოს ფეხი ვინ მიარტყა, უკვე იცი, რომ ეს პაოლო როსის გოლია.

ჯენტილე კი ამჯერად ბრაზილიელთა მთავარ ვარსკვლავს ზიკოს ეთამაშებოდა პერსონალურად. ბრაზილიამ მალევე გაათანაბრა: ზიკომ და სოკრატესმა გაათამაშეს. ‘დოქტორი’ მარჯვნიდან შევიდა საჯარიმოში, დინო ძოფი ჭკუაში მოატყუა და ახლო კუთხეში გაუტანა.
მთელმა მსოფლიომ დაიჯერა, რომ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდა და იტალიის პირველი გოლი მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ბრაზილიას ფრე აწყობდა, მაგრამ მაინც უტევდა, იტალიასაც ეს უნდოდა. ‘სკუადრა აძურა’ შეცდომებს ელოდებოდა. შეცდომა მათ მალევე იპოვეს: ტონინიო სერეზომ პირველი ტაიმის შუაში თავისი კარის სიახლოვეს დაუდევარი პასი გააკეთა, ბურთი როსიმ ჩაჭრა და ერთი-ერთზე მეკარე უშანსოდ დატოვა.
ბრაზილია აღელდა. ყველამ იცოდა, რომ იტალიის კარში ერთ გოლზე მეტი ვერავის გაჰქონდა. სერეზოს იმ მომენტშივე ცრემლები წამოუვიდა, რაზეც ჟუნიორი, მარცხენა მცველი დაპირდა, რომ ცხვირს გაუტეხავდა, თუ ტირილს არ შეწყვეტდა.

ბრაზილია უტევდა და უტევდა. მომენტები ბევრი იყო, თუმცა იტალია დაცვაში როგორც კედელი, ისე იდგა. მეორე გოლი მაინც გავიდა, მეორე ტაიმის შუაში ფალკაომ საჯარიმოს მისადგომებთან ყველა გააცურა, პასის ნაცვლად ბურთი შუაში შემოიტანა და საშუალო მანძილიდან დინო ძოფს გაუტანა.
2:2 და მატჩის დასრულებამდე ოციოდე წუთი იყო დარჩენილი. ბრაზილიას ეს ანგარიში აწყობდა. ‘სელესაოს’ ათზე მეტი კუთხური ჰქონდა მოწოდებული, როცა იტალიამ 73-ე წუთზე თავისი პირველი კუთხურის უფლება მოიპოვა. ბრუნო კონტიმ ჩააწოდა, ტარდელიმ დაარტყა, მეკარის საჯარიმოს ხაზთან ამ ბურთს ორი იტალიელი, ჩიჩო გრაციანი და პაოლო როსი ელოდებოდნენ. პირველი ბურთზე ისევ როსი იყო 3:2 და როსის ჰეთ-თრიკი. ბრაზილიამ მთელი გუნდით შეუტია!
აბრაამ კლაინი, მატჩის მსაჯი: ‘ეს იყო, როგორც შეჭრა ნორმანდიაში. მასში მთელი გუნდი მონაწილეობდა. ისინი მთელი გუნდით უკანმოუხედავად უტევდნენ.'
მატჩის დასასრული დრამატული გამოვიდა. ბოლო წუთზე იტალიის სწრაფი კონტრშეტევა ჯანკარლო ანტონიონიმ გოლით დაასრულა, თუმცა მსაჯმა არარსებული თამაშგარის გამო გოლი გააუქმა. ამან ბრაზილიას შანსი დაუტოვა. ეს შანსი 'სელესაომ' მალევე მიიღო. სულ ბოლო წამებზე ბრაზილიელთა ჯარიმას თავური მოჰყვა. 40 წლის დინო ძოფმა წარმოუდგენელი ბურთი აიღო - ბურთი ზედ კარის ხაზზე დაიჭირა.
შემდგომი ეფექტი
იტალიამ ნახევარფინალში პაოლო როსის კიდევ ორი გოლით პოლონეთი დაამარცხა, ფინალში როსიმ გერმანიასაც გაუტანა (3:1) და ბეარძოტის იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ენცო ბეარძოტი იტალიაში წინასწარმეტყველური შარავანდედით შეიმოსა. ის იყო ერთადერთი, რომელიც ფსონს პაოლო როსიზე ჩავიდა. თავად როსი ესპანეთის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდა და იტალიურ საფეხბურთო მითოსს მისი სახელის ესპანური ვერსიით - ‘პაბლიტო’ შემორჩა.

ბრაზილიის მარცხი შოკი, ფსიქოლოგიური ტრავმა იყო. არავის სჯეროდა, რომ ამ გუნდს შეიძლებოდა ვინმესთან წაეგო.
ზიკო: ‘ჯენტილე ჩვენ რომ გვყოლოდა, როსი სამ გოლს ვერასოდეს გაიტანდა. დამწუხრებულები ვართ, თუმცა სუფთა სინდისი გვაქვს. თამაშის წინ ტელე სანტანამ შეგვახსენა, რომ ფრეც საკმარისი იყო, თუმცა ჩვენ მაინც მოგებაზე ვითამაშეთ. ეს ნამდვილი ბრაზილიური გზაა. ჩვენ არ მივეცით უფლება, რომ შედეგზე თამაში ლამაზ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი ყოფილიყო.’
ტელე სანტანა ნაკრებიდანაც წავიდა და ბრაზილიიდანაც. საუდის არაბეთში გადავიდა. ‘ეს იყო ნებაყოფლობითი გაძევება’ - იხსენებდა მისი შვილი.
ამ თამაშმა ბრაზილიური ფეხბურთიც შეცვალა. მოედნის ცენტრში ჩამშლელები გამოჩნდნენ. ბრაზილიელთა თვალთახედვით რისკი და ზედმეტი სილაღე მხოლოდ ვნებდა საბოლოო შედეგს. მომდევნო ათწლეულებში ბრაზილიური საფეხბურთო სისტემა უკვე დუნგას, ემერსონის, ჟილბერტო სილვას და კაზემიროს ტიპის ფეხბურთელებს შექმნის. მაგალითად, ფალკაოსნაირი შუა ნახევარმცველი ბრაზილიას აღარც ყოლია. ეს იტალიასთან მიღებული ტრავმის შედეგია.
ზიკო: ‘იტალიასთან ჩვენ რომ მოგვეგო, ფეხბურთი სხვანაირი იქნებოდა. იმ დღეს 5 გოლიც რომ გაგვეტანა, იტალია 6-ს გაიტანდა. ისინი შეცდომებს არ გვპატიობდნენ. მერე მთელი მსოფლიო ასე ათამაშდა: გამარჯვება ნებისმიერი ხერხით, სხვისი იდეების და ჩანაფიქრების დანგრევა, ტაქტიკური ჯარიმები. ბრაზილიის მარცხი ცუდად აისახა მთლიანად ფეხბურთზე.’
ფეხბურთი მერე მართლაც უფრო იტალიური გზით წავიდა. თავად იტალიაშიც გაჩნდა ტერმინი ‘წმინდა კატენაჩო’, ბეარძოტის სქემა (3-5-2) პოპულარული შემდეგი ათწლეულების მანძილზე გახდა.
სოკრატესი: ‘ჩვენ ღიმილით ვთამაშობდით და ჯადოსნური გუნდი გვყავდა. შემდეგ როსიმ გაიტანა სამი გოლი სამი შეხებით და ფეხბურთი, რომელიც ჩვენ ვიცოდით, იმ დღეს მოკვდა.’
კომენტარები