Thumbnail

ტაკეფუსა კუბო სევილიაში? ანდალუზიელები იაპონელის ტრანსფერში ფავორიტები არიან

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მადრიდის რეალი აზიელს ისევ განათხოვრებას უპირებს
  • სევილია მადრიდულ კლუბთან უკვე თათბირობს

მალიორკამ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 33 ქულა დააგროვა და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითდა. კლუბის წამყვან მოთამაშეებზე კი ინტერესს სხვა გუნდები იჩენენ და კლუბს მათი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ტაკეფუსა მადრიდის რეალის საკუთრებაა

წამსვლელთა სიაშია ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი ტაკეფუსა კუბო. 19 წლის იაპონელი მადრიდის რეალის საკუთრებაა და ის მალიორკაში იჯარის წესით თამაშობდა, თუმცა ლა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, დიდი ალბათობით, კუბო გუნდს გამოიცვლის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" იაპონელის გაშვებას ისევ იჯარის წესით აპირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა ესპანური მედიის თანახმად, ფავორიტი სევილიაა.

ანდალუზიური კლუბი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ეს ფაქტი კი კუბოსთვის მიმზიდველია. ტაკეფუსას სევილიაში განათხოვრება აწყობს მადრიდულ კლუბსაც, ვინაიდან იაპონელი იქ კარგ გამოცდილებას მიიღებს.

სევილია იჯარის ხანგრძლივობასა და სხვა დეტალებზე რეალთან უკვე თათბირობს. ანდალუზიელებს იმედი აქვთ, რომ "სამეფო კლუბი" ტაკეფუსას ერთ წელზე მეტი ხნით გაანათხოვრებს ისე, რომ სევილიელებს სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნებათ.

ტაკეფუსა კუბომ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 35 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები