Thumbnail

‘წლების წინ, ჩემთან ტაისონ ფიური მოიყვანეს’ - ინტერვიუ ზაურ ანთიასთან

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • თავმდაბალი ქართველი გენიოსი - ასე მოიხსენიებენ მას ირლანდიაში
  • ზაურ ანთია ირლანდიის მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია
  • მან პოპსპორტის რამდენიმე კითხვას უპასუხა

„იგი სამოყვარულო კრივის ალექს ფერგიუსონია“; “ის, რომ ირლანდიური კრივი ასეთი წარმატებულია, კონკრეტულად ერთი ადამიანის დამსახურებაა და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს“; „იგი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია“ - ყველა ეს გამონათქვამი ირლანდიელ მოკრივეებს, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონებს ეკუთვნით და ქართველ მწვრთნელს, ზაურ ანთიას ეხება. 2003 წელს 3-ეტაპიანი კონკურსის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ანთიამ ირლანდიის ნაკრები ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, ირლანდიელმა მოკრივეებმა საერთო ჯამში 140 მედალი მოიპოვეს. ზაურ ანთიამ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა.

POPSPORT: როგორ მოხვდით ირლანდიაში?

ზაურ ანთია: ირლანდიაში 2003 წელს ჩავედი. საქართველოში ცხოვრებისას შევიტყვე იმის შესახებ, რომ ირლანდიაში კონკურსი იყო გამოცხადებული და ჩემი CV გავაგზავნე. ამის შემდეგ იყო 3-ეტაპიანი გასაუბრება, რომელშიც მონაწილეობას ჩემი ჩათვლით 17 კანდიდატი იღებდა. იმის გამო, სულ ბოლოს ჩავფრინდი, მე-17 ვიყავი. უნდა შერჩეულიყო ერთი მწვრთნელი. პირველი ეტაპი გასაუბრება იყო, მეორე - გუნდის მომზადების გეგმის შედგენა და მესამე ეტაპი ამ გეგმის განხორციელება. სამივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და ამგვარად მოვხვდი ირლანდიის ნაკრებში.

POPSPORT: ახლა კონკრეტულად რა სამუშაოს ასრულებთ?

ანთია: ამჟამად ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. აქ პირამიდული სისტემაა. ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

POPSPORT: რომელი წონითი კატეგორიების სპორტსმენებთან მუშაობთ და გაქვთ თუ არა თქვენი ფავორიტი წონითი კატეგორიები?

ანთია: სამოყვარულო კრივში 10 წონითი კატეგორიაა. როგორც გითხარით, მთავარი მწვრთნელი ვარ და ამიტომ, ფაქტობრივად გამოდის, რომ ყველა წონის ნებისმიერი სპორტსმენი, ჩემი შეგირდია.

POPSPORT: რომელი წონითი კატეგორიაა ირლანდიაში ყველაზე პოპულარული?

ანთია: პოპულარობას სპორტსმენის წარმატება განსაზღვრავს. ქალ მოკრივეთაგან უაღრესად პოპულარულია კეტი ტეილორი, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, რომ ლეგენდარული სპორტსმენია. იგი 60 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. კაც მოკრივეთა შორის წარმატებულია ჯონ ჯო ნევინი (56 კგ), რომელიც ოლიმპიადის ფინალისტია, აგრეთვე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელები პედი ბარნსი (49 კგ) და მაკლ კონლანი (52 კგ). ორივე მათგანი პროფესიონალი მოკრივეები გახდნენ. კონლანი კი საერთოდ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 

POPSPORT: რატომ არის კრივი ირლანდიაში ასე პოპულარული?

ანთია: საერთოდ, კრივი ბრიტანეთიდან მოდის. სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარული პატარა, დაუმორჩილებელ ქვეყნებშია. ირლანდიაც, თავისი ისტორიიდან გამომდინარე, სულ ომში იყო. ჩემი აქ ჩამოსვლა საკმაოდ კარგ პერიოდს დაემთხვა. ეს იყო დრო, როდესაც სახელმწიფომ კრივისთვის ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა. ირლანდიელები ძალიან კარგი ხალხია. აქ არ არსებობს, მონდომებული იყო და ეს არ დაგიფასდეს - მუდმივად ცდილობენ, ხელი შეგიწყონ იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოავლინო. კრივი ირლანდიაში ყველაზე პოპულარული სახეობა არ არის. იგი ფეხბურთს და რაგბის ჩამოუვარდება, მაგრამ სწორად დასახულმა გეგმამ, უნარიანი და მონდომებული ადამიანების საქმეში ჩართვამ კარგი შედეგები მოიტანა. სწორად გამიგეთ: არ მინდა, ვთქვა, რომ კრივის ბუმი აქ ჩემი ჩამოსვლის გამო დაიწყო, უბრალოდ, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დროში დაემთხვა.

‘კრივში გულიანი უნდა იყო. თუ ერთხელ გული აიცრუე, მაშინ სჯობს, თავი დაანებო’

POPSPORT: რა სახასიათო ნიშნები აქვს ირლანდიურ და ზოგადად ბრიტანულ საკრივო სკოლას?

ანთია: როდესაც საქართველოში ვმუშაობდი, იყო პერიოდი, ვნატრობდით, რომ ბრიტანული სკოლის წარმომადგენელი შეგვხვედროდა. მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ბრიტანული სკოლისგან განსხვავებით, ირლანდიელი მოკრივეები უფრო ე.წ. მოჩხუბარი სტილისანი არიან. ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული დაცვა. ბრიტანელები უფრო ახლოს არიან უნივერსალურ სტილთან. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრები უკვე წარმატებულია, კლუბები ჯერჯერობით სუსტად გამოიყურებიან. საქმე ისაა, რომ არ არის აუცილებელი, საკლუბო დონეზე მომუშავე მწვრთნელები პროფესიონალები იყვნენ. ამ მწვრთნელებისთვის ეს უბრალოდ ჰობია, მაგრამ როდესაც ამ კლუბებიდან მოკრივეები ნაკრებებში ხვდებიან, მათ უკვე პროფესიონალებისგან შემდგარი და ძალიან მონდომებული სტაფი ხვდებათ. კრივში გულიანი უნდა იყო. თუ ერთხელ გული აიცრუე, მაშინ სჯობს, საერთოდ თავი დაანებო. ასე ხდება ხშირ შემთხვევაში, თუმცა გულიანობა საკმარისი არაა. შეიძლება იყო ძალიან მონდომებული, მაგრამ თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ გაიზარდე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ირლანდიელებს ვაჟკაცობა არ აკლიათ. ამ ქვეყნის ისტორია და საქართველოს ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ირლანდიელებში იყო კრივის პოტენციალი, უბრალოდ ამ პოტენციალს რეალიზაცია სჭირდებოდა.

POPSPORT: თქვენი შეგირდებიდან ვის გამოყოფდით?

ანთია: ჩემი ყველაზე საყვარელი შეგირდი კარლ ფრამპტონია. ეს სწორედ ის ფრამპტონია, რომელმაც ალექს ფერგიუსონს შემადარა. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ენდი ლისთან, რომელიც მსგავსად ფრამპტონისა, პროფესიონალი მოკრივეა. საერთოდ, ირლანდიელები ძალიან კარგი ხალხია - მეგობრულები, ზრდილობიანები, მიზანდასახულები არიან.

POPSPORT: რას იტყოდით ქართულ საკრივო სკოლაზე და ზოგადად კრივის მდგომარეობაზე საქართველოში?

ანთია: ყველაფრის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვი, რომ კრივი საქართველოში ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ გვყავდა სახელოვანი მოკრივეები და ახლაც ძალიან ნიჭიერი სპორტსმენები გვყავს. უკვე გვყავს ოლიმპიური თამაშების ერთი ლიცენზიანტი. საკმაოდ კარგად მუშაობენ მწვრთნელები. მაგალითად, ბეჟან ჭიჭინაძე - მან ძალიან ბევრი გააკეთა და მჯერა, რომ კიდევ ბევრს გააკეთებს.

POPSPORT: რა იქნება თქვენი პროგნოზი ფიური-ჯოშუას ბრიტანულ დაპირისპირებაზე?

ანთია: თავდაპირველად გეტყვით, რომ ორივეს ახლოს ვიცნობ. საერთოდ, ირლანდიაში მძიმე წონა ჭირს. წლების წინ, ჩემთან ტაისონ ფიური მოიყვანეს. მისი მშობლები ირლანდიელები არიან. იმ დროს მას ირლანდიის ნაკრებში მოხვედრა სურდა, მაგრამ იმისათვის, რომ ნაკრებში მოხვდე, საჭიროა, ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, ეს კი რაღაც საბუთის არქონის გამო ვერ მოხერხდა.

ზაურ ანთია და ბილი უოლში ირლანდიის ნაკრებში ერთად 13 წლის განმავლობაში მუშაობდნენ

ფიური გამოკვეთილად ინდივიდუალისტია. ასეთ მოკრივეებთან გამარჯვება ძალიან ძნელია. ისინი იმპულსურები არიან, მათი მოქმედება ნაკლებადაა გეგმიური და უფრო სიტუაციურია. ასეთი იყო მაგალითად ჯონჯო ნევი. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან ნახევარფინალში უძლიერესი კუბელი სპორტსმენი დაამარცხა. გამარჯვებას იმის ხარჯზე მიაღწია, რომ კონტრშეტევაზე „იმუშავა“. ფინალში მისი მეტოქე ინგლისელი ლუიკ კემბელი იყო. როდესაც კემბელის შეხვედრების ვიდეოანალიზსს ვაკეთებდით, გავაფრთხილე, რომ ისევ კონტრშეტევაზე უნდა ემოქმედა, მაგრამ ფინალისტობა თავში აუვარდა, მეტოქე შესაბამისად აღარ შეაფასა და საბოლოოდ დამარცხდა. ჯოშუა უფრო კლასიკური სტილის მოკრივეა. იგი დასახულ გეგმას ზუსტად მიჰყვება. ჩემი სიმპატიები სწორედ მისკენ იხრება.

კომენტარები

ბოლო ამბები