Thumbnail

ბაჩო ხურციძე: საქართველოს ექვსი ერი უსამართლოდ არ მოექცა

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • ინტერვიუ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატთან
  • ბაჩო ხურციძე ქართული რაგბიში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს
  • პრეზიდენტობის კანდიდატმა ექვსი ერის გადაწყვეტილებაც შეაფასა

ქართულ რაგბიში ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციას სახარბიელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. შეჩერებულია დიდი 10-ის გათამაშება და ქართული კლუბები ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან, გაურკვეველია საქართველოს ეროვნული ნაკრების ტესტების საკითხიც. პრობლემების გაღვივებას ხელი მსოფლიოში მოდებულმა კორონავირუსმა შეუწყო, თუმცა, ფაქტია, რომ ქართულ რაგბის გამოწვევები ისედაც არ აკლდა.

აღნიშნულის ლოგიკური გამოძახილი იყო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის მიერ თანამდებობის დატოვება. ახალ არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში ჩატარდება, რაგბის კავშირს გიორგი გორგასლიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან, ბაჩო ხურციძესთან საუბარი, სწორედ გორგასლიძის პიროვნების ფართო საზოგადოებისთვის უფრო დეტალური წარდგენის თხოვნით დავიწყეთ.

POPSPORT: პირველ რიგში, მკითხველს გიორგი გორგასლიძეზე ინფორმაცია მივაწოდოთ.

ბაჩო ხურციძე: გიორგი გორგასლიძე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 2008 წლიდანაა. ამ თანამდებობაზე იგი ჯერ კიდევ გია ნიჟარაძის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქუთაისის აიას უკავშირდება. ეს სახელოვანი კლუბი კრიზისში იყო და გორგასლიძის დახმარებით, რომელმაც ძალიან დიდი ინვესტიცია მოიზიდა, აიამ ეს კრიზისი დაძლია. თამამად შეიძლება თქმა, რომ ქუთაისურ კლუბს მან ახალი სული შთაბერა. გარდა ამისა, გორგასლიძე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული, რომელიც გია ნიჟარაძის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა.

გორგასლიძე რაგბის კავშირს არჩევნებამდე უხელმძღვანელებს

POPSPORT: ქართულ რაგბიში არსებულ კრიზისზე უკვე დაუფარავად საუბრობენ. გასაგებია, რომ ეს ძალიან ფართო თემაა, მაგრამ იქნებ მაქსიმალურად ლაკონურად შეძლოთ ამ კრიზისის მიზეზების და მათი გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.

ხურციძე: ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კრიზისი მეტწილად არასწორი მენეჯმენტითაა გამოწვეული. ეს არაა შეგნებულად გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ, იქნა დაშვებული შეცდომები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. სწორი მმართველობის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსაც გადავლახავდით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ COVID 19-მა უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ გავლენა ქართულ რაგბიზეც იქონია, მაგრამ მთლიანად პანდემიაზე გადაბრალება სწორი არ იქნება. რაგბის კავშირს არ აქვს ფუფუნება, რომ არსებული დაფინანსების პირობებში, თანხები არასწორად განკარგოს, ანუ იმ პროექტებში ჩადოს, რომლებიც ახლა უკვე ჩავარდნილად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.

ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, მითუმეტეს, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულება სრულად შეასრულა. დღეს კი იმ სიტუაციაში ვართ, რომ მეორე ტრანშის თანხა, რომელიც კლუბებს მომავალ სეზონში უნდა გამოეყენებინათ, უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ჩაამთავრონ და ისიც საკმარისი იქნება თუ არა, უცნობია.

ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით - არსებულ ვითარებაში სახელმწიფო დაფინანსების გარეშე ქართული რაგბი ვერ გადარჩება. ჩვენს ქვეყანაში არაა ის ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს, რომ მთლიანად იზრუნოს კლუბების დაფინანსებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირს ჰყავს სპონსორები და ამ მიმართულებით გამუდმებით მუშაობენ გუნდებიც, ეს თანხები საქართველოში რაგბის არსებობისთვის საკმარისი არაა. ქართულმა რაგბიმ წინსვლა განიცადა და წარმატებებს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში მიაღწია. რაგბი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის სპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული სახეობა. ამ მომენტში ასეთი მოცემულობა გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ თანხები კერძო ბიზნესიდან შემოდიოდეს, მაგრამ იქამდე, სანამ საქართველოში ის ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელიც ახლა გვაქვს, სახელმწიფო დახმარებას ალტერნატივა არ გააჩნია. 

ექვსი ერი უპირატესობას ფიჯისა და იაპონიას ანიჭებს

POPSPORT: გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას 8 ერის ტურნირში. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?

ხურციძე: შევეცდები, მაქსიმალურად დეტალურად ავხსნა ჩემი პოზიცია. ეს არის ტურნირი, რომლიც ერთჯერადია და დაიგეგმა იმის გამო, რომ კალენდარში პანდემიიდან გამომდინარე ცვლილებები მოხდა. 6 ერის ქვეყნებს დაემატა ორი ქვეყანა - იაპონია და ფიჯი.

იაპონელებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ორი მომენტი იყო - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სპორტული მიღწევები. მოგეხსენებათ, რომ იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის პატრონი ქვეყანაა. იაპონიის ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს პატრონაჟს ისეთი გიგანტი კომპანიები უწევენ, როგორებიც არიან "ტოიოტა", "ტოშიბა", "იამაჰა"... შესაბამისად, ამ ტურნირში იაპონიის ჩართვა კომერციულად ძალიან მომგებიანია, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყნის სპორტული მიღწევებიც თვალსაჩინოა. გავიხსენოთ, რომ უკანასკნელ მსოფლიოს თასზე იაპონიის ნაკრებმა ¼-ფინალში ითამაშა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაგბი ამ ქვეყანაში აღმავლობას განიცდის და თამაშის ხარისხიც სრულიად დამაკმაყოფილებელია. 

მეორე ქვეყანა, რომელიც მიიღებს ამ ტურნირში მონაწილეობას, ფიჯია. ფიჯის ნაკრებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სათამაშო სტილი აქვს. ფიჯელი მორაგბეები ტოპლიგებში თამაშობენ, ნაკრებს კი გრანდები ჰყავს დამარცხებული, ამიტომაც სპორტული თვალსაზრისით მათი ჩართვა სრულიად გამართლებულია და რაც მთავარია, ორივე ეს გუნდი რეიტინგში საქართველოს ნაკრებზე მაღლა დგას. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლოდ ჩვენ არავინ მოგვქცევია და გადაწყვეტილება სამართლიანია. 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტიდან მოყოლებული არ უთამაშია

POPSPORT: დაბოლოს, ისევ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

ხურციძე: რა თქმა უნდა, ვაპირებ. მე ისევ ვიქნები პრეზიდენტობის კანდიდატი. შუა გზაზე საქმის მიტოვება არ მჩვევია.

კომენტარები

ბოლო ამბები