Thumbnail

ქართული სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა. ამ ჯგუფს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვს: შეიქმნას საბჭო, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირში არსებულ პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე იმსჯელებს.

“ჩვენი მიზანია, პრემიერ-მინისტრს გავაცნოთ ქართულ რაგბში არსებული მდგომარეობა, რომელიც სახარბიელო ნამდვილად არ არის. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება. ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც მდგომარეობის გამოსწორების გზად გვესახება. შეხვედრისას მას პრემიერ-მინისტრს აუცილებლად წარვუდგენთ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რატი ურუშაძემ.

ირკვევა, რომ 32 სარაგბო კლუბიდან უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში 31 მათგანი იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის გადადგომის შემდეგ, კრიზისული ვითარების მოგვარება საკუთარ თავზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აიღო, თუმცა, საქმე წინ არ წასულა. 

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია დასჭირდება, ვიდრე დღეს არის საჭირო. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და საზოგადეობაში სარაგბო რეპუტაციის გაქრობა", - აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის წევრმა რამაზ ხარაზიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში ვარჯიში არ განახლდება და 26 სექტემბრამდე საქართველოს ჩემპიონატი – დიდი 10 არ გაგრძელდება, ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან ტესტისთვის მომზადებასაც ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა. გორგასლიძე აღნიშნულ პოსტზე სულ რაღაც ათიოდ დღის წინ დაამტკიცეს. ეს საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა, რომელზეც ცნობად იქნა მიღებული რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

სვანიძემ თანამდებობა ივლისის მიწურულს დატოვა. მისი გადაწყვეტილების მიზეზად სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისი დასახელდა, რის გამოც ჯერ ეროვნული ჩემპიონატი – დიდი 10-ის განახლებაც კი ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომდევნო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის დეკემბერშიღა იგეგმება. პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იმავე სვანიძის გარდა, ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები