Thumbnail

ალბათ, გაინტერესებთ, საბოლოოდ, რა გახდა ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის ლოკომოტივიდან წასვლის მიზეზი და ვინ აფასებდა მას 25 მილიონ დოლარად. ამისთვის, რუსული Match TV-ს ინტერვიუს ფრაგმენტი უნდა წაიკითხოთ ვიკტორ ტიშჩენკოსთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოსკოვის ლოკომოტივის მთავარი სელექციონერი გახლდათ. 71 წლის სპეციალისტმა ქართველი ტალანტის შესახებ, რომელიც რუსული პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, საინტერესო ამბები გაიხსენა.

ხვიჩა კვარაცხელია როგორ აღმოაჩინეთ?

ტიშჩენკო: სხვადასხვა ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და შევამჩნიე, რომ ის საქართველოში ყველა გუნდში ხვდებოდა: იქნებოდა ეს U17, U19 თუ U21-წლამდე ნაკრებები. ამასთან, ყველგან საუკეთესო იყო. სწრაფი, მწვავედ მოთამაშე, მისთვის შეტევის გაგრძელება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. დღესდღეისობით, ასე თამამად დრიბლინგს ვერავინ იწყებს, მას კი არ ეშინია, წინ მიდის და ხიფათს ქმნის. როდესაც ხვიჩა პირველად ვნახე, გადავწყვიტე, რომ ის გამოგვადგებოდა და რომელიღაც თამაშის წინ, სიომინს ვუთხარი: “ერთი 17 წლის ბიჭია. უნდა ავიყვანოთ. ამას რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ, მით – უკეთესი. მას ყველაფერი შეუძლია. რაღაცით ლიოშკა მირანჩუკს ჰგავს". მან მიპასუხა: “17 წლის ბიჭი ავიყვანოთ? რას ამბობ, გაგიჟდი? არა".

იმ მატჩის მერე სიომინი ჩემთან კიდევ ერთხელ და მეუბნება: “ის მართლა ასეთი კარგია?". “ხომ გითხარი, რომ ასეა". “მაშინ წადი და კიდევ ერთხელ ნახე. იქნებ, ცდები". წავედი და რუსთავის თამაშს ერთხელაც ვუყურე. კვარაცხელიამ თავიდანვე 2 ძალიან კარგი პასი გააკეთა, თუმცა, პირველი ტაიმის შუაში კოჭში მოარტყეს და კოჭლობა დაიწყო. გავიფიქრე, რომ ტყუილად ჩავედი. შესვენებამდე, ვეღარაფერი გააკეთა, რადგანაც ძლივს დადიოდა, აი, მე-2 ტაიმში კი, გოლი სწორედ მისი პასით გაიტანეს. თავად მას არ გაუტანია, თუმცა, ჭკვიანური ქმედებებით თავი ისევ დამამახსოვრა.

შემდეგ რა მოხდა?

ტიშჩენკო: მატჩის შემდეგ, ხვიჩას მეგობრებმა რუსთავის გასახდელში შემიყვანეს, რათა მენახა, რა სახის ტრავმა ჰქონდა. შევედით და ვხედავ: ის ზის, გვერდზე ექიმი უზის, კოჭი კი საოცრად გასიებული აქვს. ახლაც ვერ წარმომიდგენია, ის ფეხი ბუცში როგორ ჩაატია. მაშინ ხვიჩას თაობაზე კიდევ ერთი დასკვნა გამოვიტანე: ყველაფერთან ერთად მებრძოლიც ყოფილა. რაც უფრო სერიოზული თამაშია, ის უფრო მოტივირებული ხდება.

თავდაპირველად, ის ლოკომოტივს უფასოდ დაუთმეს, ხელფასსაც კი აგენტი უხდიდა. შემდეგ მისი ერთი წლით დატოვებაც იგივე პირობებით სურდათ, ოღონდ კი, სიომინთან ემუშავა, თუმცა, ლოკომოტივის ახალმა ხელმძღვანელობამ ეტყობა, რაღაც სხვაგვარად იფიქრა და ხვიჩასთან ცნობილი აგენტი ანდრეი ლოსიუკი მიაგზავნა. მან კვარაცხელიას კონტრაქტის გაფორმება სიომინისა და მისი აგენტის ზურგს უკან შესთავაზა. ხვიჩამ უარი განაცხადა, რასაც ლოსიუკის პასუხი მოჰყვა: “მაშინ აიღე ჩანთა და დილას აქ შენი ფეხი არ იყოს".

ამას ლოკომოტივში საუბრები მოჰყვა: “არაფერი დაშავებულა. ახალგაზრდულ გუნდში მისნაირი ბევრი გვყავს". არადა, კვარაცხელიას მსგავსი არავინ იყო და არა მხოლოდ – ლოკომოტივში. მის თაობაზე გუცაევს ნათქვამი აქვს: “საქართველოში 40 წელია არ დაბადებულა ისეთი ტალანტი, როგორიც ხვიჩაა".

კვარაცხელიას კონტრაქტის მისი აგენტისგან ფარულად გაფორმებას რატომ სთავაზობდნენ?

ტიშჩენკო:  ხელმძღვანელობამ ეს იმით ახსნა, რომ თითქოს მისი აგენტები რაღაცას ითოვხდნენ, თუმცა, ეს ტყუილია. მათ არაფერი უნდოდათ. იმ ხალხს ვენდობი. კიდევ ერთი სეზონით ერთადერთი მოთხოვნით ტოვებდნენ: თუკი კარგად ითამაშებდა, ნორმალური ხელფასი უნდა მიეღო. მახსოვს ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც. როდესაც ხვიჩა ლოკომოტივში პირველად გამოჩნდა, ხორვატმა ვედრან ჩორლუკამ, რომელსაც ინგლისსა და გერმანიაში ჰქონდა ნათამაშები, თქვა: “ხორვატიაში ის 25 მილიონ ევრო ეღირებოდა". ეს ყურადსაღები ფაქტორია. გამოცდილმა ფეხბურთელებმა მისი ნიჭი თავიდანვე შეამჩნიეს, ბურთს არ უგვიანებდნენ და ყოველგვარი იგნორი გამორიცხული იყო".

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ლოკომოტივს ხვიჩა კვარაცხელია რუსთავიდან უნდა გამოესყიდა, მაგრამ ბოლო მომენტში ქართველი რუბინში აღმოჩნდა. ამან სიომინი აღაშფოთა დ კლუბის ხელმძღვანელობას, ამის გამო, დღემდე, საჯაროდ აკრიტიკებს. 19 წლის ქართველ ტალანტს ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მან პრემიერლიგის გასულ სეზონში 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა და მიმდინარე სეზონიც ძლიერად დაიწყო.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები