Thumbnail

თბილისის საბურთალო ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსულ აპოლონთან სტუმრად გამართავს. მატჩამდე პოპსპორტი საბურთალოს ნახევარმცველ სანდრო ალთუნაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მეტოქე გაცილებით გამოცდილია და ძლიერი გუნდია, მაგრამ ერთ თამაშში, რომელიც ფინალის ტოლფასი დაპირისპირებაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და საბურთალოს მიზანი მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება იქნება.

POPSPORT: როგორ მოემზდეთ მატჩისთვის და როგორი განწყობაა გუნდში თამაშის წინ?

ალთუნაშვილი: კარგად ვემზადებოდით და გუნდში კარგი გაწნყობაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა - ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი და მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობთ. სხვა საფიქრალი არ გვაქვს, რადგან ჩემპიონატის მატჩიც ახლო ომავალში არ არის. ვფირობ, რომ ეს კვირა კარგად მოვემზადეთ და მგონია, რომ კარგად ვითამაშებთ. არამარტო საბურთალოს სახელით, არამედ საქართველოს სახელით გამოვდივართ და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ თამაშზე.

POPSPORT: ეროვნული ლიგის სეზონი გახურებულია და როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ ეს ფაქტორი? მითუმეტეს, რომ კვიპროსში სეზონი ახლახან დაიწყო...

ალთუნაშვილი: უპირატესობა არის, სეზონი მიმდინარეობს და ასეთ დროს ფეხბურთელი უფროა ფორმაში, ვიდრე სეზონის საწყის პერიოდში და ვფიქრობ, რომ ეს დაგვეხმარება.

POPSPORT: მეტოქის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? აპოლონის თამაში ალბათ გააანალიზეთ...

ალთუნაშვილი: აგრესიული გუნდია, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს და გამოვარჩევდი თავდასხმის ხაზს. წინ უფრო კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ვიდრე ნახევარდაცვასა და დაცვაში. თუმცა, მთლიანობაში ძალიან კარგი გუნდია.

POPSPORT: რამდენად იქონიებს გავლენას ის ფაქტი, რომ აპოლონი ბოლო წლებში ევროთასებზე სტაბილურად და მუდმივად თამაშობს?

ალთუნაშვილი: უფრო გამოცდილი გუნდია ასეთი დონის მატჩებში და ტურნირებზე. იციან, როგორ უნდა ითამაშონ ასეთ დონეზე. გამოცდილების ხარჯზე უფრო ითამაშებენ, ვიდრე იმის მიხედვით, თუ როგორ ფორმაში არიან კონკრეტულ მომენტში.

POPSPORT: ორრაუნდიანი დაპირისპირებების ნაცვლად გამარჯვებული ერთი თამაშით გაირკვევა. კარგია ეს, თუ ცუდი?

ალთუნაშვილი: ვფიქრობ, რომ უკეთესია, რადგან ერთი თამაშია. ამ მატჩში წყდება შემდეგ ეტაპზე გასვლა - ფინალის ტოლფასია და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, შედარებით გამოუცდელი გუნდისთვის, ეს კარგია.

კომენტარები

ბოლო ამბები