- მანჩესტერ სიტიმ ტვიტერზე ახალწვეული დაანონსა
- პოსტის შინაარსიდან გამომდინარე, ის ყველას მესი ეგონა
მანჩესტერ სიტის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა დღეს, 17:00 საათზე, ახალი შენაძენის გამოცხადება დაანონსა. ანონსში ეწერა, რომ გუნდის ახალი დანამატი ამ სამყაროდან არ იყო. 'ქალაქელების' ოფიციალურმა გვერდმა ეს ინფორმაცია Manchester City Esports-ის ტვიტერიდან გადააზიარა. სიტის ტვიტს 2 საათში 22 000 ლაიქზე მეტი და 2 500 კომენტარი ჰქონდა.
ცნობილია, რომ ლიონელ მესის ბარსელონაში არსებული სიტუაცია არ მოსწონს და კატალონიური გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. უცხოური პრესა კი არგენტინელის ტრანსფერში ფავორიტად მანჩესტერ სიტის ასახელებს.
'ქალაქელების' ოფიციალურმა ანონსმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გულშემატკივრების უმრავლესობა იმის მოლოდინში იყო, რომ ინგლისური კლუბი მსოფლიო ფეხბურთის ისოტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ტრანსფერს გააოფიციალურებდა, თუმცა ამაოდ. მანჩესტერულმა გუნდმა ყველა 'დატროლა'. სინამდვილეში, ახალწვეული მანჩესტერ სიტის მასკოტი, მხიარული უცხოპლანეტელი 'მუნჩესტერია', რომელიც გაზიარებულ პოსტერზე საბრძოლო ონლაინ თამაშის, Fall Guys-ის პერსონაჟის ფორმით არის წარმოდგენილი.
Fall Guys: Ultimate Knockout პლატფორმერის ტიპის საბრძოლო ონლაინ თამაშია, რომელიც 2020 წლის 4 აგვისტოს გამოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. თითოეულ მატჩში, 60-მდე მოთამაშე, სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულებას ცდილობს. Fall Guys სატელევიზიო შოუს სტილის თამაშია, რომელიც თავისი მხიარული ფერებით, ბავშვური ანიმაციის სტილითა და სახალისო მუსიკალური გაფორმებითაა ცნობილი. მისი პერსონაჟები დიდ ჟელიბონის დათუნიებს ჰგვანან, რომელთა გარეგნობის შერჩევა მოთამაშეს სურვილის მიხედვით შეუძლია.
კომენტარები