- 'მედულამ' რამდენიმე პრიზი მოიპოვა საერთაშორისო ინდი ფესტივალებზე
- თამაში iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია
- თამაშის ავტორია ქართული დეველოპერული სტუდია Lemondo Games
'მედულა' თავსატეხის სტილის სათავგადასავლო თამაშია, რომლის ავტორიც ქართული დეველოპერული სტუდია ლემონდოა. თამაშის მთავარი პერსონაჟი, ტაკიტო, უცნაურ სამყაროში მოგზაურობს, რომლის დიზაინიც მაგიურ სიზმარს ჰგავს. ამ დამაბნეველ, სიურეალისტურ სამყაროში, გმირს უამრავი სიძნელის გადალახვა უწევს.
'მედულას' რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, საერთაშორისო კონკურს Indigo Awards-ზე 4 ჯილდო მოიპოვა: ოქროს მედლები კატეგორიებში Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020, ხოლო კატეგორია Sound Design & Use of Music for Games 2020-ში - ვერცხლი.
ლემონდოს გუნდი მედულაზე 5 წელი მუშაობდა. თამაში iOS-ის მომხმარებლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია: მისი გადმოწერა ამ ლინკიდან შეგიძლიათ. რაც შეეხება Android-ს, ავტორები გვპირდებიან, რომ თამაში ამ პლატფორმაზეც სულ მალე გადავა.
პოპსპორტი ლემონდოს დამფუძნებელსა და მედულას პროექტის ხელმძღვანელს, გიორგი ოთიაშვილსა და თამაშის საუნდტრეკის ავტორს, ირაკლი მანჩხაშვილს, იგივე Betkho-ს ესაუბრა.
POPSPORT: რა იყო მთავარი შთაგონება Medulla-ს შესაქმნელად? როგორ გაჩნდა მისი იდეა?
გიორგი ოთიაშვილი: თამაშს მივუდექით ისე როგორც აბსტრაქციონისტი მიუდგებოდა სუფთა ტილოს. მეტწილად პროცესი გვკარნახობდა, საით წაგვეყვანა თამაშის მიმდინარეობა. ყოველ ახალ ეტაპზე განსხვავებული იდეები მოდიოდა. ყველაზე საინტერესო ეპიზოდები სპონტანურად და გაუცნობიერებლად იქმნებოდა. საბოლოო ჯამში, თამაშს მიეცა სიზმრის მაგვარი სახე, რაც ამართლებდა ჩვენს საწყის ჩანაფიქრებს.

POPSPORT: ვინ მუშაობდა თამაშზე?
გიორგი ოთიაშვილი: პროექტი კომპანია Lemondo Games-ისა და გია ბოხუას (გრაფიკული დიზაინერი) კოლაბორაციით მუშავდება. მოგეხსენებათ, კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებს რამდენიმე სფეროდან აღებული კომპონენტი შეადგენს. რაც შეეხება პროექტის გრაფიკულ მხარეს, ილუსტრაციები გაკეთებულია ნუცა ავალიანის მიერ, ხოლო ანიმაციაზე მუშაობდა გერგი რეხვიაშვილი. ტექნიკურ დეველოპმენტზე მუშაობენ პროგრამისტი ცოტნე მელაძე და ლეველ დიზაინერები ნუკრი ჟვანია და თორნიკე გოდერძიშვილი. გუნდში ასევე მუშაობდნენ პროგრამისტები გიორგი აბელაშვილი და სანდრო მაღრაძე. თამაშის ვიზუალურ მხარეს გრაფიკოსი და არტ-დირექტორი გია ბოხუა ზედამხედველობს, ხოლო ტექნიკურ მხარეს - მე.
POPSPORT: ცნობილია, რომ თამაშმა რამდენიმე ჯილდო მოიგო. რას ნიშნავს ეს ამ თამაშის, ან ზოგადად, თქვენი კომპანიის მომავლისათვის?
გიორგი ოთიაშვილი: პროექტმა ჯილდოები აიღო Indigo Awards-ისგან, Game Design-ისა და Visual Design-ის კატეგორიებში. ეს მოვლენა დამატებითი მოტივაცია გახლდათ თამაშის შექმნის პროცესში, პროექტის რელიზის შემდეგ კი კიდევ სხვა მსგავს აღიარებებს ველოდებით სხვადასხვა პორტალების თუ ორგანიზაციებისგან.
POPSPORT: თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანი და პოპულარულია პლატფორმერი თამაშები? რატომ გადაწყვიტეთ თამაშის ამ სტილში გაკეთება?
გიორგი ოთიაშვილი: თამაშის ადრეულ სტადიაზე, იმ ვიზიუალური და აზროვნებითი თავგადასავლის გადმოსაცემად, რომელიც იდეაში გვქონდა, ყველაზე მეტად ჟანრის ეს ფორმატი ვარჩიეთ. ზოგადად მიგვაჩნია, რომ თამაშის წარმატებას ყოველთვის განსაზღვრავს არა მისი ჟანრი, არამედ ამ ჟანრის თამაშისთვის ხარისხიანი და მიზნობრივი გამოყენება.

POPSPORT: ვინ არიან მედულას პერსონაჟები? არიან თუ არა ისინი დაფუძნებული რომელიმე მითოლოგიაზე?
გიორგი ოთიაშვილი: მედულას პერსონაჟების ვიზუალმა შესაძლოა მოგაგონოთ რამდენიმე მითოლოგიური არსება, თუმცა თამაშის სამყარო რომელიმე კონკრეტულ მითოლოგიაზე დაფუძნებული არ გახლავთ. ყოველი მათგანი ემსახურება სამყაროს უცნაური, სიზმრის მსგავსი ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც სამყაროს გაცნობის როლს ტექსტის ნაცვლად ვიზუალი და მუსიკა ირგებს.
POPSPORT: თამაში უკვე ხელმისაწვდომია iOS-ზე. სხვა რა პლატფორმებზე გეგმავთ მის გამოშვებას?
გიორგი ოთიაშვილი: თამაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: Steam, iOS, Android, Playstation 4, Nintendo Switch.
POPSPORT: რა გეგმები გაქვთ მომავალში? ამჟამად მუშაობთ თუ არა რამე სხვა თამაშზე?
გიორგი ოთიაშვილი: სამომავლო გეგმები დიდწილად დამოკიდებულია Medulla-ს რელიზზე. წარმატების შემთხვევაში გეგმაში გვაქვს თამაშის გაგრძელების, ან მის სტილში უფრო დიდი მასშტაბის პროექტის დაწყება.
POPSPORT: წარმატებას გისურვებთ!

მედულას სამყაროს მაგიურობას, ვიზუალის გარდა, მუსიკაც ქმნის: მისი საუნდტრექი ერთდროულად, ცოტა უცნაური, საშიში და ფანტასტიკურია. პოსპორტი საუნდტრეკის ავტორს, მუსიკოს ირაკლი მანჩხაშვილს, იგივე betkho-ს გაესაუბრა.
POPSPORT: მედულას საუნდტრეკს საკმაოდ მისტიკური და ცოტა 'ქრიფი' განწყობა აქვს. რა იყო შთაგონება ამ მუსიკის?
Betkho: ყოველთვის, როცა ვიწყებ თამაშის მუსიკის და საუნდ დიზაინის კეთებას, პირველ რიგშ ვცდილობ წარმოვიდგინო, რა გამისწორდებოდა ეს თამაში მე რომ მეთამაშა. თამაშებში ყოველთვის დიდ მნიშნელობას ვანიჭებ საუნდს და მუსიკას და ვეძებ ხოლმე საინტერესო ინდი თამაშებს, სადაც ამ კუთხით სერიოზული შრომაა ჩადებული.
მედულაზე რომ მითხრეს, ძალიან გამიხარდა. აქამდე ასეთ დიდ თამაშზე არ მიმუშავია. მერე ილუსტრაციებიც მაჩვენეს და ჩემთვის უკვე გადავწყვიტე რა საუნდიც იქნებოდა. შემდეგ შევხვდით და ვილაპარაკეთ რა და როგორ წარმოუდგენიათ შემქმნელებს. ბევრი დრო არ დაგვჭირდა, მალევე მივედით ერთ აზრამდე და პირველი ლეველის ემბიენთი და მუსიკაც ასე შეიქმნა.
ყოველი ახალი ლეველი ახალ შთაგონებას მაძლევდა თავისი დიზაინით. თითქმის ყველა ლეველი განსხვევდება და დაკირვებული მოთამაშე, აუცილებლად აღმოაჩენს მისთვის საინტერესო დეტალებს საუნდ დიზაინში, ემბიებსში და მუსიკაში
POPSPORT: როგორ აღწერდი მედულას გუნდთან მუშაობის პროცესს? ადრე თუ გიმუშავიათ ლემონდოსთან?
Betkho: მედულას შემქმენელებთა ბევრი წელია ვთანამშრომლობ. ადრეც გვიმუშავია თამაშებზე, მაგრამ ასეთი დიდი თამაში ყველასთვის პირველი იყო, ჩემი აზრით. ჩემთვის საკმაოდ კომფორტულია გუნდათ მუშაობ. რაც მთავარია, ვიდეო თამაშების სიყვარული გვაქვს ყველას და ეს უკვე საკმარისია, როცა ნიჭიერი ადამიანები ერთად იწყებენ მუშაობას.
POPSPORT: საკუთარ შემოქმედებაზე მოგვიყევით. როგორ ქმნით მუსიკას, რა სტილის თრექებზე მუშაობთ?
Betkho: მუსიკას დიდი ხანია ვქმნი. ასე უცებ რომ გითხრა, მგონია რომ დაბადებიდან. მაგრამ აქტიურ ფაზაში მაინც სოციალური ქსელების გამოჩენასთან ერთად გადავედი.
რაზე აღარ მიმუშავია. ფესტივალების სთეიჯზე, ფილმების აუდიო პოსტპროდაქშენი, მუსიკა სერიალებისთვის: კლინიკა, ნაფიცი მსაჯული, გოგონა გარეუბნიდან. საუნდ დიზაინი და მუსიკა თამაშებითვის და რეკლამებისთვის.
ბოლო დიდი პროექტი რაზეც ვიმუშავეთ იყო ბადაგონის საახალწლო კამპანია "მაესტრო". მუსიკა დავწერეთ მე და მებო ნუცუბიძებ. გარდა ჩვენი პროექტისა The BearFox, ხშირად ვმუშაობთ კომპანიებთ, რომლებსაც ლამაზი ვიდესთვის ლამაზი მუსიკა სჭირდებათ. ჩემი მთავარი მუსიკალური პროექტებია Catch The Clouds და The BearFox. დღეს აქტიურად ვმუშაობ ჩემს ალბომზე სახელად "დაისი".
POPSPORT: წარმატებას გისურვებთ!
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ iOS-ის პლატფორმაზე თამაში უკვე ხელმისაწვდომია. მისი გადმოწერა ამ ლინკიდან შეგიძლიათ.
კომენტარები