Thumbnail

'ძალიან გამოგვადგება' - ფრანგულმა ბრივმა მე-9 ქართველი მორაგბე დაიმატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ძლიერი ჰუკერია, რომელიც განსაკუთრებულად კარგად შერკინებაში გამოიყურება'
  • TOP 14-ის კლუბმა ბადრი ალხაზაშვილი 'სამედიცინო ჯოკრის' სტატუსით აიყვანა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ბადრი ალხაზაშვილი ფრანგული ბრივის წევრი გახდა. 25 წლის ქართველი კვაჭი TOP 14-ის წევრს “სამედიცინო ჯოკრის” სტატუსით შეუერთდა. ფრანგული კლუბი ამ აუცილებლობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ზედიზედ დაემტვრა 2 ჰუკერი: ქართველი ვანო კარკაძე და ადგილობრივი ტომა აკუიერი.

ბრივმა ალხაზაშვილი ოფიციალურად სწორედ ფრანგი მორაგბის ნაცვლად აიყვანა, რომელმაც მცირე ხნის აქილევსის მყესები გაიწყვიტა, კარკაძემ კი ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მთელ სეზონს გამოტოვებს. ქართველი კვაჭის ტრანსფერის თაობაზე განცხადება ბრიველთა მენეჯერმა ჯერემი დევიდსონმა გააკეთა:

“ბადრი ალხაზაშვილი ძლიერი ჰუკერია, რომელიც განსაკუთრებულად კარგად შერკინებაში გამოიყურება. მისი ბრძოლისუნარიანობა და აგრესიული თამაშის სტილი სეზონის დასაწყისში ძალიან გამოგვადგება”.

ცნობისთვის, ფრანგულ TOP 14-ში ახალი სეზონი სტარტს 5 სექტემბერს აიღებს და ბრივი პირველ მატჩს, შინ, ბაიონასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ალხაზაშვილის პირველი ფრანგული კლუბი ტულონი იყო, სადაც მან მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ, ქვედა ლიგის წარმომადგენელ პროვანსში (4 თამაში) იყო განათხოვრებული, გასულ სეზონში კი, ლიონის მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა. ბადრის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი.

შეგახსენებთ, რომ ბრივის ღირსებას უკვე იცავს 8 ქართველი მორაგბე. ხსენებული კარკაძის გარდა, ესენი სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ირაკლი ცხადაძე, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები