Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 122:125 ტორონტო რეპტორსი
  • მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ოვერტაიმში მოიგო

NBA-ს პლეი ოფში თითქმის ყველა მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატულია. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ბოსტონისა და ტორონტოს მეექვსე თამაში გამოვიდა, რომელიც სელტიკსმა ორი ოვერტაიმის შემდეგ 122:125 დათმო, რამაც მოქმედ ჩემპიონი ჩემპიონი რეპტორსი გადაარჩინა - წინ მეშვიდე, გადამწყვეტი სუპერმატჩია!

დღის გმირი უდავოდ კაილ ლოური გახლდათ. გარდა იმისა, რომ მან ყველაზე მეტი, 33 ქულა დააგროვა (6/10 სამქულიანი), სწორედ ლოური გახლდათ ის კაცი, ვინც ტორონტო მეორე ოვერტაიმში 4 ქულით დააწინაურა, რაც საბოლოოდ გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.

ასევე ძალიან კარგი იყო ნორმან პაუელი - 23 ქულა სკამიდან. ფრედ ვანვლიტმა ამჯერად 21 ქულას მოუყარა თავი. 10-ზე მეტი ქულა ჩააგდეს სერჟ იბაკამ (13), პასკალ სიაკამმა (12) და ოუ ჯი ანუნობიმაც (13 ქულა, 13 მოხსნა).

რაც შეეხება ბოსტონს: თუ არ ჩავთვლით იმედგაცრუებას კემბა უოკერის სახით (5 ქულა, 2/11), სელტიკსმა ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშა. საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი იყო (31 ქულა, 16 მოხსნა). ჯეისტონ ტეიტუმმა 29 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა, მარკუს სმარტმა სულაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 23 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი. კარგი იყო დანიელ თაისიც (18 ქულა, 7 მოხსნა).

ბოსტონ სელტიკსის და ტორონტო რეპტორსის მეექვსე თამაშში ემოციები დუღდა

“მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა. ორივე გუნდმა ძალიან მაგრად ითამაშა. მწვრთნელს ჩვენი ბოლომდე სჯეროდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კაილ ლოურიმ.

“ბოლოს საკმარისად გვქონდა შანსები, მაგრამ ისე კარგად ვერ ვთამაშობდით, როგორც საჭიროა. თუმცა არა უშავს. თავს კარგად ვგრძნობთ,” - ეს ბოსტონის ლიდერის, ჯეილენ ბრაუნის სიტყვებია.

ტორონტო რეპტორსსა და ბოსტონ სელტიკსს შორის მეშვიდე, გადამწყვეტი თამაში შაბათს გამთენიისას გაიმართება. გამარჯვებული აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გადის, სადაც მეტოქედ მაიამი ჰიტი ელოდება.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები