Thumbnail
  • გაგრა 1:0 დინამო ბათუმი | გოლი: ობოაბონა (39-საკ. კარში)
  • გაგრამ საქართელოს თასის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო

საქართველოს თასის მერვედფინალში დინამო ბათუმი გაგრას დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გია გეგუჩაძის გუნდი, რომელიც წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა, მოულოდნელად დამარცხდა. შედეგად, აჭარული კლუბი ასპარეზობას გამოეთიშა.

თამაში გუნდებმა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყეს და ლოგიკურია, რომ საგოლე მომენტების შექმნაც ძალიან გაუჭირდათ. მატჩის დასაწყისში დინამოელებმა დაახლოებით 30 მეტრიდან ჯარიმა შეასრულეს, თუმცა გაგრას მეკარემ დავით კერესელიძემ დამაჯერებლად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ გაგრას კიპერმა მთელი თამაში საიმედოდ ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. გაგრას ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ბაქარ ლაღაძე საჯარიმოში შეიჭრა, გადაცემაც გააკეთა, რომლის ჩაჭრას გოდფრი ობოაბონა ცდილობდა, ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, მაგრამ ნიგერიელს ავტოგოლი გამოუვიდა და გაგრა დააწინაურა.

მე-2 ტაიმის სტარტზევე გია გეგუჩაძემ ორი ცვლილებით თამაშის სურათის შეცვლა სცადა, თუმცა, როგორც გამოჩნდა, ამისგან არაფერი გამოვიდა. უფრო მეტიც, გაგრა კონტრშეტევებზე შესანიშნავად გადადიოდა და ორჯერ ძალიან ახლოს იყო უპირატესობის გაზრდასთან. 54-ე წუთზე ლაღაძე დარჩა მეკარისთან პირისპირ, მაგრამ იჰორ ლევჩენკომ კარგად ითამაშა და დინამო გადაარჩინა. ზუსტად 20 წუთში უკრაინელი კიდევ ერთხელ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ამჯერად გიორგი ივანიაძეს არ გაატანინა.

საბოლოოდ, გაგრამ თამაშის სასურველ შედეგამდე მიყვანა შეძლო, 1:0 იმარჯვა და საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდა. დინამო ბათუმი კი ასპარეზობას გამოეთიშა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგაში 3 ოქტომბერს, თელავის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გაგრა 1:0 დინამო ბათუმი

გოლი: 1:0 ობოაბონა (39-საკ. კარში)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კაკიაშვილი, ივანიაძე, ხაბელაშვილი, ქობულაძე, სულთანიშვილი (79. ვეკუა), ერგემლიძე (64. მაქაცარია), ლაღაძე (81. ჯაფარიძე)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ლევჩენკო - მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - ვაგნერი (46. გაფრინდაშვილი), რეინალდო (46. თევდორაძე), ჯიღაური - დვალიშვილი (57. ნიქაბაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები