Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინს მოგება გაუუქმეს - მას წოდებაში დაქვეითება ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოზე მე-8 მარცხი განიცადა
  • ტოჩინოშინს წაგება მსაჯთა კომისიამ  ჩაუთვალა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმის მომასწავებელია, რომ უარყოფით ბალანსსა (მაკე-კოში) და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

დასავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ტოჩინოშინმა დღეს დასავლეთისვე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკისთან წააგო და ეს მეტად დასანან ვითარებაში მოხდა. 32 წლის ქართველმა სეკიტორმა 26 წლის იაპონელის იერიშის მოგერიება მოახერხა და კონტრშეტევის დროს მისი დოჰიოსკენ დაქნევა შეძლო. შედეგად, ჩვენებურის გამარჯვება დაფიქსირდა, თუმცა, მსაჯთა კომისიამ (მონოიმ) პირველადი გადაწყვეტილება გააუქმა და მოგება კაგაიაკის მიანიჭა. ეს ვერდიქტი გულდასაწყვეტი გახლდათ, თუმცა, სამართლიანი, რადგანაც გამოჩნდა, რომ დოჰიოს კიდესთან მდგარმა ტოჩინოშინმა ქუსლი ტავარას მიღმა გადადგა.

ამგვარად, ქართველ სუმოისტს აკი ბაშოზე 5 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და დარჩენილი 2 ორთაბრძოლის მოგება იმასღა თუ მისცემს, რომ წოდებაში ვარდნა შედარებით მცირე იქნება. ცნობილია, რომ სექტემბრის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტამავაში იქნება. 35 წლის მონღოლს მიმდინარე ტურნირზე ასევე მაკე-კოში აქვს დაფიქსირებული, ქართველთან ურთიერთშეხვედრებში კი 11:20-ს აგებს.

📺 ტოჩინოშინი V კაგაიაკი

კომენტარები

ბოლო ამბები