- 📅 8 ოქტომბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ბელარუსი
- ბელარუსული ფეხბურთის ლეგენდამ პოპსპორტის კითხვებს უპასუხა
- ‘ვიცი, როგორ გააბედნიერებს ეს საქართველოს’ - ინტერვიუ ივო შუშაკთან
- ვლადიმირ ვაისი: მონდომებას ქართული ტექნიკა უნდა დავუმატოთ
- ყველაფერი მთავარ თამაშზე
1982 წელი საფეხბურთო ისტორიაში, პირველ რიგში, ესპანეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატითაა შესული, სსრკ-ის საფეხბურთო ისტორიაში კი - ეს წელი მინსკის დინამოს ჩემპიონობით შევიდა. ბელარუსის დედაქალაქის გუნდი ამ ტიტულს პირველად და უკანასკნელად დაეუფლა. იმ ფორმაციის მინსკის დინამოს უცვლელი ფეხბურთელლი, მცველი სერგეი ბოროვსკი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალზე იმყოფებოდა. დღეს ბოროვსკი ბელარუსული კლუბის, ისიოჩის მწვრთნელ-კონსულტანტია. 64 წლის სპეციალისტს თანამედროვე ბელარუსულ ფეხბურთზე, ეროვნულ გუნდზე და ასევე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ნაკრებზე გავლენის შესახებ ვესაუბრეთ.
POPSPORT: თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბელარუსის ნაკრებს?
სერგეი ბოროვსკი: მოდით, დადებითით დავიწყოთ. ბელარუსის ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც საკმაოდ კვალიფიციურები არიან და რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობენ. ვიცი, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი მოთამაშე უფრო მეტი ჰყავს. გარდა ამისა, ჩვენი მეტოქის ფეხბურთელთა ნაწილი დასავლეთ ევროპის კლუბებშიც თამაშობენ. ამ კომპონენტში, ისევე როგორც ტექნიკაში, საქართველოს აშკარად ჩამოვრჩებით, მაგრამ ბელარუსის ნაკრებს ნებისმიერი ოპონენტის დამარცხება შეუძლია. ამაზე ფაქტებიც მეტყველებს: მაგალითად, ჩვენ დამარცხებული გვყავს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი, ხოლო 2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი მესამე ადგილზე გავედით. ისტორიული გამარჯვებები აქვთ მოპოვებული კლუბებსაც. მარტო ის რად ღირს, რომ ბატეს ბაიერნისთვის აქვს მოგებული. თუმცა ამ ყველაფერს შეგვიძლია, მეორე მხრიდანაც შევხედოთ: ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს ასევე შეუძლია, ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდეს და სამწუხაროდ, ამის მაგალითებიც არსებობს - თანაც, იმაზე მეტი, ვიდრე გამარჯვებების. საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან იქნებიან გუნდები 8 ოქტომბრის მატჩისთვის.
POPSPORT: რომელ სათამაშო კომპონენტებზე აკეთებს აქცენტს ბელარუსის ეროვნული ნაკრები?
ბოროვსკი: ჩემი გადმოსახედიდან, ბელარუსის ნაკრებს უპირატესობა სათამაშო დისციპლინაში და ძალისმიერ ფეხბურთში ექნება, მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს საქართველოს ნაკრებს აუტსაიდერად მივიჩნევდე, პირიქით! საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, როდესაც საქმე ტექნიკურად ძლიერ გუნდთან გაქვს, ხშირად საკმარისი არ არის. ბევრ შემთხვევაში, ძალა ტექნიკას ვერ ამარცხებს და მერწმუნეთ, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ეს შეხვედრა პლეი ოფია და საბოლოოდ ყველაფერი ერთ აქსიომამდე დადის: ვისაც მოგება უნდა, ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვას.
'მარხელი უპირატესობას ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებს და სტანდარტულ სიტუაციებს დიდ ყურადღებას უთმობს'
POPSPORT: ვრცელდება ინფორმაცია ბელარუსის ნაკრების დანაკლისზე. თანაც, ზოგ შემთხვევაში საუბრობენ, რომ ეს დანაკლისი არასაფეხბურთო მიზეზითაა გამოწვეული. ადასტურებთ მსგავს ფაქტებს?
ბოროვსკი: პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ვინც დღეს ნაკრებს არასპორტული მიზეზით გამოაკლდა, არაა გუნდის წამყვანი ფეხბურთელი. საუბარია ილია შკურინზე, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რაც შეეხება სტანისლავ დრაგუნს: მას კორონავირუსი ჰქონდა და გუნდში ამიტომ არ არის. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ოფიციალური განცხადება დრაგუნისგან, რომ მას ეროვნულ გუნდში თამაში არ სურს, არ ყოფილა.
POPSPORT: როგორ შეაფასებდით ბელარუსის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხაელ მარხელს, გქონიათ თუ არა მასთან პირადი ურთიერთობა?
ბოროვსკი: მასთან ერთად არ მიმუშავია. ჩვენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მწვრთნელები ვართ. როდესაც მე საფეხბურთო კარიერა დავასრულე, მინსკის დინამოში იგი სწორედ იმ წელს მოვიდა. საკმაოდ ამბიციური სპეციალისტია, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებებში კარგი შედეგები ჰქონდა. ეროვნულ გუნდშიც, პირველ რიგში იმიტომ დანიშნეს, რომ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრირება მოახდინოს, მაგრამ ხვდებით ალბათ, რომ ეს ადვილი არაა. ეროვნულ გუნდში სხვა მოთხოვნებია. ახალგაზრდებისთვის ნაკრებში ადაპტირება, ხანგრძლივი და საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მარხელი უპირატესობას ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებს და დიდ ყურადღებას სტანდარტულ სიტუაციებს უთმობს.
POPSPORT: ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ბელარუსის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ფეხბურთის დაფინანსება შეამციროს, ან საერთოდ შეწყვიტოს...
ბოროვსკი: ზამთარში გაკეთდა ამის შესახებ განცხადება, მაგრამ იმ დღიდან საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა. ყველა ხვდება, რომ სახელმწიფო ჩვენი ფეხბურთის მთავარი დონორია. ბელარუსში სამი კლუბი თუ მოიძებნება, რომელსაც ძლიერი სპონსორი ჰყავს. ფინანსურად უზრუნველყოფილები არიან შახტიორი, ბატე, ბრესტი. ეს ბოლო პერიოდია, ფინანსები მინსკის დინამოსაც გაუჩნდა, დანარჩენი გუნდები კი სახელმწიფო დაფინანსებით საზრდოობენ. ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა ექნება, მაშინ ეყოლება ფინანსურად ძლიერი საფეხბურთო კლუბებიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არაა. ბევრ გუნდს საკმაოდ უჭირს, რაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებზეც უარყოფითად აისახება. არ მგონია, რომ სახელმწიფომ წარუმატებლობის შემთხვევაში ფეხბურთის დაფინანსება შეამციროს, მაგრამ არც ის მგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიცვალოს რამე.
'საბოლოოდ ყველაფერი ერთ აქსიომამდე დადის: ვისაც მოგება უნდა, ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვას'
POPSPORT: თბილისის დინამოს წინააღდეგ ბევრჯერ გითამაშიათ. რომელიმე მატჩი განსაკუთრებით ხომ არ დაგამახსოვრდათ?
ბოროვსკი: დინამოსთან დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესო იყო. როგორც ფეხბურთელს, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ყიფიანის, შენგელიას გუცაევის, ჩივაძის წინააღმდეგ თამაში. განსაკუთრებით რთული რამაზ შენგელიას შეჩერება იყო. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ დინამოს მწვრთნელებმა შენგელიასთან თამაშისას ჩემი პრობლემების შესახებ იცოდნენ. თუ დაცვის ცენტრში ვმოქმედებდი, რამაზი საჯარიმო მოედნიდან არ გამოდიოდა, მარჯვენა ფლანგზე გადავიწევდი და უცებ აღმოვაჩენდი, რომ შენგელია ჩემი ფრთიდან უტევს. საბოლოოდ კი ეს კონკურენცია კლასის ამაღლებაში დამეხმარა. ასე რომ, შემიძლია თამამად განვაცხადო: საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩემი მოხვედრა ნაწილობრივ შენგელიას დამსახურებაცაა.
📌 სერგეი ბოროვსკი ფეხბურთელობის პერიოდში 13 წლის მანძილზე მინსკის დინამოს ღირსებას იცავდა. ამ გუნდის შემადგენლობაში მას 400 მატჩი აქვს გამართული. 1982 წელს ბოროვსკი სსრკ-ის ჩემპიონი გახდა. იმავე წელს, მან, როგორც საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელმა, ესპანეთში გამართულ მუნდიალზე იასპარეზა. სსრკ-ის ნაკრებში ბოროვსკის 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მწვრთნელის რანგში ბოროვსკი ბელარუსის და ლიეტუვას ჩემპიონია, აგრეთვე მოპოვებული აქვს მოლდოვის და ბელარუსის თასი.
კომენტარები