Thumbnail

ხმა მიეცით გიორგი ცინცაძეს - გახდება ის დეკადის საუკეთესო პასის ავტორი?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფიბას ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი გამოკითხვა დაიწყო
  • ცინცაძემ დაუვიწყარი პასი 2015 წლის ევრობასკეტზე ლიეტუვასთან გააკეთა

ფიბამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოლო დეკადის (10 წელი) საუკეთესო პასის გამოვლენა დაიწყო და ამისთვის საუკეთესო 16 ასისტი (კაცთა და ქალთა შორის) შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრის გიორგი ცინცაძის შედეგიანი გადაცემაც მოხვდა.

საუბარია პასზე, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა 2015 წლის ევრობასკეტზე ლიეტუვასთან მატჩში გააკეთა და ის ჩვენი კალათბურთის ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს. მაშინ გიორგიმ ბურთი ბრუნში ზურგსუკან გაუშვა, მანტას კალნიეტისსა და იონას ვალანჩიუნასს შორის გააძვრინა, შეტევა კი მანუჩარ მარკოიშვილმა დაასრულა. ის შეხვედრა მერვედფინალურ ეტაპზე შედგა და საქართველოს ნაკრებმა 81:85 წააგო, არადა, მოგების შანსი ნამდვილად იყო.

ცინცაძის პირველი მეტოქე სერბი დუშან ბულუტია

გამოკითხვას შეჯიბრის სახე აქვს და გამარჯვებული პლეი ოფის სისტემით გამოვლინდება. ცინცაძისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი. საწყის რაუნდში ქართველი უკანახაზელის კონკურენტი სერბი დუშან ბულუტი და მისი პასია, რომელიც მან 3X3 კალათბურთში 2016 წლის მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიასთან გააკეთა.

ამ დროისთვის, ცინცაძე სერბთან საგრძნობი უპირატესობა (60%-40%) აქვს, თუმცა, ხმის მიცემა კიდევ 5 დღე გაგრძელდება. თუკი ქართველმა კალათბურთელმა გულშემატკივრების დახმარებით ვაჟთა ბადის ნახევარფინალში გააღწია, დაპირისპირება ესპანელ მარკ გასოლთან ან ნიგერიელ ჩემიზ მეტუსთან მოუწევს.

წარმოგიდგენთ წყვილებს, პლეი ოფის ბადეს და თითოეული პასის ვიდეოს:

ფაკუნდო კამპაცო (არგენტინა) მსოფლიო თასი 2019 VS სერბეთი
პატი მილსი (ავსტრალია) მსოფლიო თასი 2019 VS დომინიკა

დერიკ როუზი (აშშ) მსოფლიო თასი 2014 VS სერბეთი
რუსტამ მურზაგალიევი (ყაზახეთი) აზიის თასი 2017 VS ლიბანი

მარკ გასოლი (ესპანეთი) ევრობასკეტი 2013 VS სერბეთი
ჩემიზ მეტუ (ნიგერია) მსოფლიო თასი 2019 VS კოტ დ’ივუარი

გიორგი ცინცაძე (საქართველო) ევრობასკეტი 2015 VS ლიტვა
დუშან ბულუტი (სერბეთი) 3×3 მსოფლიო თასი 2016 VS ახალი ზელანდია

34 წლის ცინცაძე კარიერას ჯერაც აგრძელებს და მცირე ხნის წინ კონტრაქტი არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ ბანიჯას აბუ დაბისთან გააგრძელა. ცინცაძისთვის აზიაში თამაში უცხო ხილი არაა, რადგანაც გასული 2 წელი ყატარულ ალ შამალიში გაატარა (ქვეყნის ჩემპიონიც გახდა), გასულ სეზონში, 13 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 15.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 7.6 პასი და 1.5 ჩაჭრა იყო.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძეს საკმაოდ მდიდარი სათამაშო ბიოგრაფია აქვს. უცხოეთში იგი ცსკას (რუსეთი), სამარას (რუსეთი), ურალ გრეიტის (რუსეთი), დინამო მოსკოვის (რუსეთი), ტარტუს (ესტონეთი), ტრიკალას (საბერძნეთი), დონეცკის (უკრაინა), სოპოტის (პოლონეთი), ბუდიველნიკის (უკრაინა), ჩემპვილის (ლიბანი), სკოპიეს (მაკედონია), გრაველინის (საფრანგეთი), რუენისა (საფრანგეთი), იაშის (რუმინეთი) ღირსებასაც იცავდა.

📺 ცინცაძის დაუვიწყარი პასი ლიეტუვასთან

კომენტარები

ბოლო ამბები