Thumbnail
  • შვეიცარიასთან 3:3-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებს აკრიტიკებენ
  • გულშემატკივრების უმრავლესობა ლიოვის გადადგომის მომხრეა

გერმანიაში ყველა ეროვნულ ნაკრებს აკრიტიკებს. ბუნდესგუნდის კრიტიკა ახლა, შვეიცარიასთან 3:3-ის შემდეგ არ დაწყებულა - დიდი ხანია, იქ პირველი გუნდის თამაში ძალიან აღარ მოსწონთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ სპორტულმა გამოცემებმა გამოკითხვები დაიწყეს - უნდა გადადგეს თუ არა მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. და გულშემატკივრების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბუნდესმწვრთნელის შეცვლის დროა!

ახლა კი ეს 3:3 შეიცარიასთან, 3 გაშვებული გოლით, დაცვის სამარცხვინო მოქმედებებით!

რიუდიგერმა, გოზენსმა და კლოსტერმანმა ყველაზე ცუდი შეფასებები დაიმსახურეს, მხოლოდ გინტერს არა უშავდა. უკრაინასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ლიოვმა თქვა, რომ 3-მცველიან ტაქტიკას შეინარჩუნებდა, მაგრამ შვეიცარიასთან მაინც 4-მცველიანი განლაგება აირჩია - ვერავინ გაიგო, რატომ. “იოგის” ამ გადაწყვეტილებას გერმანიის ნაკრების დაცვაში სრული ქაოსი მოჰყვა. მოგვიანებით, ბუნდესმწვრთნელმა შეცდომა აღიარა.

კითხვაზე, რას ჰგავდა მისი გუნდის დაცვა, ლიოვმა ასე უპასუხა: “რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რადგან განგებ წავედით მაღალ რისკზე. ვთქვით, რომ ასე ვითამაშებდით, პერსონალური დაცვით…”

დაცვის ფლანგებზე ლუკას კლოსტერმანი და რობინ გოზენსი ძალიან “სხვაგან” იყვნენ, ხოლო ცენტრში მათიას გინტერი და ტონი რიუდიგერი ხშირად ზედმეტად შორს იდგნენ ერთმანეთისგან - მათ შვეიცარიელებს ზედმეტად ბევრი და დიდი სივრცეები დაუტოვეს. შედეგი: მანუელ ნოიერს ბურთის კარიდან გამოტანა სამჯერ მოუხდა.

ბევრმა ვერ გაიგო ისიც, თუ რატომ იჯდა ნიკლას ზიულე სკამზე. ლიოვი: “ნიკლასი ჩვენთვის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის თამაშობდა და როცა ფორმაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩვენ დაცვაში ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები არ გვყავს.”

ნოემბრის სანაკრებო თამაშებში იოახიმ ლიოვმა დაცვა უნდა დაალაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიტიკის ქარცეცხლისა და თომას მიულერის ნაკრებში დაბრუნების გარდა, შედეგად იმასაც მიიღებს, რომ ლოთარ მათეუსი, სხვა ექსპერტები და გულშემატკივრები, გერმანიის ნაკრებში ჯერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის დაბრუნებასაც მოსთხოვენ...

კომენტარები

ბოლო ამბები