Thumbnail

ყაზანის რუბინის 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მთავარი სამიზნე იქნება იტალიური ტორინოსთვის. სერია A-ს კლუბის დაინტერესების შესახებ რუსულ პრესას ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი ესაუბრა, Tuttomercatoweb კი პირველი იტალიური გამოცემაა, რომელიც ამ თემაზე წერს.

“ტორინოს სკაუტებს სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. მათი სამიზნე შემტევი ფეხბურთელია, რომელსაც იერიშების დაგვირგვინება შეუძლია და შეტევების თავად დაწყების უნარიც გააჩნია. იტალიურ კლუბში ასეთად ხვიჩა კვარაცხელია მიიჩნევა, რომელიც 2001 წელს არის დაბადებული. 19 წლის ქართველი ტალანტი რუსეთში საფეხბურთო კლუბ რუსთავიდან მოხვდა და ყაზანის რუბინის წამყვანი ფეხბურთელია”.

ტორინო და მისი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო შემადგენლობის გაძლიერების საჭიროებაში მას შემდეგ დარწმუნდნენ, რაც კლუბმა სერია A-ს მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. ტურინელებს 4 მატჩში 1 ფრე და 3 წაგება აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფებიან. ტორინოს მომდევნო შეხვედრა 1 ნოემბერს შინ, რომის ლაციოსთან ელის.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში 2019 წლის დასაწყისში გადაბარგდა, სადაც მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გამოდიოდა, ზაფხულში კი რუბინში გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი, მიითვალა 1 საგოლე პასი და მოიპოვა 3 პენალტი. ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, TRANSFERMARKT 7.5 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები