- 📅 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
- პოპსპორტთან ინტერვიუში ისტორიულ მატჩზე კახა კაჭარავა საუბრობს
- 5 ფაქტორი, რომელიც ფინალის ბედს გადაწყვეტს
- 'ემოციური ფონი იქნება, ყველაფრისთვის მზად ვართ!' - რა თქვა ვაისმა
- კოშმარული ამბავი: ფინალი კვარაცხელიას გარეშე! 2 ფეხბურთელი ინფიცირებულია
- PREVIEW | ყველაფერი ან არაფერი - ერთი ნაბიჯი ისტორიამდე
1990 წლის 27 მაისი კახა კაჭარავას არასდროს დაავიწყდება. იმ დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა - ეს იყო ტესტ-მატჩი ლიეტუვის ნაკრებთან (2:2). კაჭარავამ 81-ე წუთზე გაიტანა. იმ დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა და დღეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია - ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან. და ამ ისტორიულ მატჩში უკვე კახა კაჭარავას შვილს, ნიკას შეუძლია გატანა. ახლა უმცროსი კაჭარავაა ქვეყნის პირველი გუნდის ცენტრფორვარდი.
საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, უფროს კაჭარავას მდიდარი სამწვრთნელო კარიერაც აქვს. თავის დროზე იგი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებსაც ედგა სათავეში. გარდა ამისა, რამდენჯერმე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელიც იყო. ისტორიული მატჩის წინ მან პოპსპორტის კითხვებს უპასუხა.
POPSPORT: ნაკრებს კვარაცხელია და შენგელია გამოაკლდნენ. პირველი მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრია. შესაძლებელია თუ არა ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა?
კახა კაჭარავა: ფაქტია, კვარაცხელიას გამოკლებამ სიტუაცია ძალიან გაართულა. ხვიჩა ჩინებულ ფორმაში იყო და მისი არყოფნა ძალიან სამწუხაროა. კვარაცხელიას შეცვლა არათუ მარტივი არ არის, თითქმის წარმოუდგენელიცაა. იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნებიან არც შენგელია და არც ჩაკვეტაძე, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. დარწმუნებული ვარ, რომ ვაისს აქვს სათადარიგო გეგმა. ეს ყოველთვის ასეა. მწვრთნელები მატჩის განვითარების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და შესაბამის სიტუაციას, კონკრეტულ ქმედებებს არგებენ ხოლმე. სხვა საკითხია, ეს გეგმა რამდენად შესრულებადია და რამდენად მუშაობს ხოლმე.
საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალურად უნდა სცადოს მეტოქის დაცვის „გაჭიმვა"
POPSPORT: რა აზრის ხართ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებზე?
კახა კაჭარავა: ადვილი მეტოქე ნამდვილად არ არის. ძალიან დისციპლინირებული და კარგად ორგანიზებული გუნდია. ისინი თამაშს კონტრშეტევებზე ააგებენ და შანსს დაელოდებიან. დარწმუნებული ვარ, პირველ წუთებში ძალიან ფრთხილად ითამაშებენ. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ შეცდომები არ დაუშვან და მარტივად იმოქმედონ.

POPSPORT: ყველა ტაქტიკურ სქემას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 3-5-2 სქემით თამაშობს. რა პლუსები და მინუსები აქვს ამ სისტემას?
კაჭარავა: როდესაც მოწინააღმდეგე ფლანგებზე თითო ფეხბურთელს აყენებს, ამის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალურად უნდა სცადოს მეტოქის დაცვის „გაჭიმვა", ამის გაკეთება კი, რაც შეიძლება მეტად თამაშის ფლანგებზე გადატანის მეშვეობითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ მოწინააღმდეგეს აუცილებლად დარჩება ცარიელი ზონები და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი სწრაფად იმოქმედებს, სტუმრებს პრობლემები შეექმნებათ. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ინდივიდუალისტები. აუცილებელია ამ ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების გამოყენება. როდესაც მეტოქე დაცვიდან გეთამაშება, თითოეული ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. აუცილებელია კონცენტრაციის შენარჩუნება. დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ „მეორე ბურთის“ მოგებას, რათა მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მოვუსპოთ.
'თუ საჯარიმომდე ბურთი სწრაფად ვერ მიიტანე და იგი მოედნის ცენტრში აგორავე, შედეგი არ იქნება'
POPSPORT: რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ბურთის კონტროლი?
კაჭარავა: ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გააჩნია სიტუაციას. თუ ანგარიშში წინ ვიქნებით, ეს სათამაშო კომპონენტი მეტოქის შეტევების პრევენციის უებარი საშუალებაა, მაგრამ სხვა ვითარებაში მიმაჩნია, რომ აგრესიული, სწრაფი და ვერტიკალური თამაში უფრო მისაღებია. თუ საჯარიმომდე ბურთი სწრაფად ვერ მიიტანე და იგი მოედნის ცენტრში აგორავე, შედეგი არ იქნება. მეტსაც გეტყვით: შეიძლება მეტოქემ ამის საშუალება მოგვცეს კიდეც, რათა დრო მოიგოს და დაცვაში მოთამაშეებმა სწორად განლაგება მოასწრონ. იმასაც გააჩნია, ბურთის კონტროლი სად ხდება. თუ მოედნის ცენტრში, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ნაკლები საშიშროება ემუქრება, თუ მის საჯარიმო მოედანთან, მაშინ საფრთხე შედარებით დიდია. მთავარია, რომ ბურთზე კონტროლმა არ დააგდოს ტემპი. სისწრაფე ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
POPSPORT: ეს მატჩი გამორჩეულია. ფაქტობრივად ფინალია. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ასეთი შეხვედრების მოგება გუნდმა უნდა იცოდეს?
კაჭარავა: საქართველოს ნაკრებს არ აქვს ასეთი შეხვედრების გამოცდილება, მაგრამ ეს წესით პრობლემად არ უნდა გადაიქცეს. მთავარი მონდომებაა. მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ სამი წელი იგებდა, მაგრამ არცერთ მოთამაშეს გამარჯვების სურვილი არ განელებია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ფინალებში გამარჯვებების გამოცდილება გვქონდეს, მაგრამ ამ მოცემულობას ვერ შევცვლით და გამარჯვებას ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილების გარეშე უნდა მივაღწიოთ.
POPSPORT: რამ შეიძლება საქართველოს ნაკრებს დასახული მიზნის შესრულებაში ხელი შეუშალოს?
კაჭარავა: ყველაზე მეტად მაშფოთებს აჟიოტაჟი. მეშინია, ფეხბურთელები მოედანზე არა ფეხბურთის სათამაშოდ, არამედ საჩხუბრად არ გავიდნენ. მე მაქვს ასეთი რამ გამოცდილი. ეროვნული მოძრაობის პერიოდში, 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მოსკოვის სპარტაკს მოვუგეთ, შემდეგ დნეპრთან ვთამაშობდით. სიტუაცია ძალიან დაძაბული და დამუხტული იყო, რამაც სამწუხაროდ ხელი შეგვიშალა. მაშინ სწორედ გამოცდილება არ გვეყო. არ ვამბობ, რომ მოთამაშეები ინფანტილურები უნდა იყვნენ, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად კარგად იქნება მომზადებულნი და ეს საკითხი პრობლემად არ გადაიქცევა.
📺 ნიკა კაჭარავას გოლი ესტონეთთან (0:1)
POPSPORT: თქვენი მდგომარეობა სხვებთან შედარებით განსაკუთრებულია. თქვენი შვილი ნიკა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდია. მოედანზე გასვლის წინ რას ეტყოდით?
კაჭარავა: ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ნიკა კლასიკური ცხრიანია, მაგრამ მის ხასიათში ისიცაა, რომ ხშირად პარტნიორს გადამწყვეტი დარტყმის შესრულების უფლებას უთმობს ხოლმე. არადა ფორვარდი როდესაც საჯარიმოში იმყოფება პასზე კი არა, კარში დარტყმაზე უნდა ფიქრობდეს. ვეტყოდი, რომ უფრო თამამი იყოს და გადამწყვეტ მომენტში თამაში თავის თავზე აიღოს.
📌 საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. აქედანვე ცნობილია, რომ წყვილში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.
კომენტარები