Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ისტორიული შანსისთვის იბრძოლებს -  ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს უდიდესი მიღწევა იქნება...

"პოსპორტს" მომავალ მატჩზე, მის მნიშვნელობასა და მოლოდინზე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, ამჟამად კი ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ესაუბრა.  

POPSPORT: ოცდაათი წელიწადია, საქართველო ასეთ შანსზე, ასეთი თამაშის მოგებაზე ოცნებობს და თაობები, მათ შორის თქვენი, იბრძოდა ამისთვის. რას ნიშნავს ეს მატჩი შოთა არველაძისთვის?

შოთა არველაძე: ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, სპორტის ომთან, ბრძოლასთან შედარების და ვამბობდი ხოლმე, რომ ეს ფეხბურთია - ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ. მაგრამ ასე ვფიქრობდი აქამდე, დღეს კი, როდესაც მოახლოვდა ეს მატჩი, განსხვავებული შეგრძნება მაქვს - რამხელა მნიშვნელობის არის ეს თამაში, რამხელა რამის მოტანა შეუძლია მას ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო ფეხბურთისთვის. 

დღეს ჩვენ მხოლოდ საფეხბურთო ისტორიას არ დავწერთ. ფეხბურთელებს შეუძლიათ შეძლონ და მიაღწიონ იმას, რასაც საქართველოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა დროში ცდილობდნენ. ძალიან, ძალიან ამაყი ვიქნები, თუ ამას მოახერხებს ფეხბურთი. რა თქმა უნდა, ცოტა ხუმრობით ვამბობ, რომ თუ მოვიგებთ, შემიძლია ნებისმიერი სექტორის, პროფესიის ადამიანს, მათ შორის ექიმებსაც ვეკამათო, რომ ეს გამარჯვება იმაზე მეტია, ვიდრე ის, რასაც ისინი აკეთებენ. 

ეს დღეც რომ დადგა, ესეც უკვე ბევრს ნიშნავს. არ მინდა, რომ ამ დღის სიდიადე დაიკარგოს. ეს ფინალია, ეს სპორტია და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ეს დღეც უკვე ისტორიულია. ამ საღამოს ხომ ყველანი ძალიან დიდი ხანი ველოდით... 

61 მატჩში გატანილი 26 გოლით შოთა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია

POPSPORT: ალბათ არავის ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული იმედები კვარაცხელიას უკავშირდებოდა. როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ ხვიჩა ვერ ითამაშებს და ეს იმის ფონზე, რომ არც ჩაკვეტაძე გვყავს და შენგელიაც დაგვაკლდა.. 

არველაძე: რა თქმა უნდა, დაგვაკლდება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ფეხბურთში ხდება ხოლმე ასე, მაგრამ მთლიან სურათს თუ შევხედავთ, არ მგონია, ბიჭებმა, რომლებიც მწყობრში არიან და თამაშობენ, რამე დააკლონ.

 POPSPORT: ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ხართ, ამჟამად - საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი. რას ეტყოდა შოთა არველაძე თამაშის წინ საქართველოს ნაკრებს...

არველაძე: მარტივად ვიტყვი - ეს ერთი დღე და ერთი დიდი ოცნებაა. ეს არის ერთი დღე, რამდენიმე საათი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იქცეს დიდ სიამოვნებად, გამარჯვებად და სიამაყედ. ახლოს ვართ ამ გამარჯვებასთან და ყველას გისურვებთ საუკეთესო საღამოს, თავისი შამპანურებით!

კომენტარები

ბოლო ამბები