Thumbnail
  • ეს იყო შეხვედრა ერთ გოლამდე, გოლის შემდეგ საქართველომ თამაში შეწყვიტა
  • ამ ფორმაციის გუნდს მხოლოდ კონტრშეტევებზე შეეძლო შეტევა
  • ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ბევრი ვერაფერი აჩვენა
  • ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა
  • სახელმწიფო ამ თამაშს მოუმზადებელი შეხვდა

უკვე თამაშამდე ვიცოდი, რომ ამ მატჩზე ანალიტიკური სტატიის დაწერა ძალიან რთული იქნებოდა. როცა სასწორზე ყველაფერია, 30-წლიანი მოლოდინის და მთელი ქართული ფეხბურთის მომავლის ჩათვლით, ემოცია ანალიზს ჭარბობს. ყველა შემთხვევაში, მოვიგებდით, თუ წავაგებდით, ნათელი იყო, რომ წინა პლანზე ემოციები იქნებოდა.

ამის მიუხედავად, უნდა ვცადოთ და ცივი გონებით გავაანალიზოთ, რატომ წავაგეთ იმ მეტოქესთან, რომელიც საქართველოს ნაკრებზე ძლიერად არ გამოიყურებოდა.

თამაში გოლამდე

ეს ფინალი იყო და ფინალში თამაში რთულია. მით უმეტეს, გამოუცდელი გუნდისთვის. საქართველოს (და მეტ-ნაკლებად არც მაკედონიის) ფეხბურთელებს ამ კალიბრის თამაშების გამოცდილება არ აქვთ. ასეთი თამაშები პირველ რიგში უდიდესი ემოციური სტრესია - ფეხები გიმძიმდება, ცოტა გეშინია, ნერვიულობ, ჩქარობ, სტრესის და დაძაბულობის ფონზე იოლად იღლები, ცდილობ შეცდომა არ დაუშვა და ზედმეტად ფრთხილი ხარ. მოკლედ, ისიც გავიწყდება, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში კარგად იცოდი.

ამ თამაშში ბევრი ბრძოლა და ცოტა ფეხბურთი იყო

კლასიც ზუსტად ეს არის - როცა ამ სტრესს იმდენად მიჩვეული ხარ, რომ მის ფონზე იმას აჩვენებ, რაც შეგიძლია. კრიშტიანოს, იბრას და მესის ამ სტრესის ფონზე თამაში მუდმივად უწევთ. საქართველოს ნაკრებისთვის კი ეს პირველი გამოცდილება იყო.

სწორედ ამიტომ, ასეთი თამაშები უმეტეს შემთხვევაში ერთამდეა, პირველ შეცდომამდე ან პირველ გოლამდე. გოლი მეტოქეს იმხელა უპირატესობას აძლევს, რომ გათანაბრება თითქმის შეუძლებელია. ასე იყო გუშინდელ შეხვედრაშიც. ნათელი იყო, რომ პირველი გოლი თამაშის ბედს გადაწყვეტდა. ასეც მოხდა. რეალურად, თამაში ორ ნაწილად იყოფა - გოლამდე და გოლის შემდეგ.

გოლის შემდეგ რაც მოხდა, ამას ბევრი ანალიზი არ უნდა. საქართველოს ნაკრებმა უბრალოდ არ იცოდა, როგორ უნდა შეეტია, მეტოქეს დრო გაყავდა და კონტრშეტევებზე სახიფათო იყო. ისეთი განცდა მქონდა 35 კი არა, 90 წუთიც რომ ყოფილიყო დარჩენილი, საქართველო გოლის გამტანი არ იყო. ტაქტიკურ საკითხებზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ფსიქოლოგიურად კი ის მომხვდა თვალში, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ეროვნულ გუნდს არც სჯეროდა და არც იცოდა, გოლი როგორ უნდა შეეგდო. მორალურადაც გატეხილი იყო. ამით ნაკრების ფეხბურთელებზე ცუდის თქმა არ მინდა. ეს პიროვნული თვისებების კი არა, კვალიფიკაციის და გამოცდილების ამბავია.

საქართველოს ნაკრებმა კარში და კარისკენ დარტყმების 73 პროცენტი საჯარიმოს გარედან შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვჩქარობდით და პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში დარტყმისკენ მიგვიწევდა გული - მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია იყო. ესეც სტრესიდან მოდის.

რა იყო გოლამდე?

გაშვებულ გოლამდე საქართველომ არცთუ ცუდი ტაიმი ითამაშა. როცა განრისხებული გულშემატკივარი ამას წაიკითხავს, შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ "არცთუ ცუდ ტაიმში".

საქართველოს ნაკრებს, ზოგადად, რა შეუძლია, ეს მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ მაინცდამაინც ამ თამაშში ვაისის გუნდი იმაზე ბევრად უკეთ ითამაშებდა, ვიდრე შეუძლია და ჩვეულებრივ თამაშობს ხოლმე, არასწორი იქნებოდა.

"არცთუ ცუდად" თამაშში ვგულისხმობ, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ეროვნულ ნაკრებს თავისი თამაში ჰქონდა - სცენარი, თუ როგორ უნდა მოეგო მეტოქისთვის. ტაიმის დიდი ნაწილი ბურთი საქართველოს ეჭირა (59:41), მეტოქეს თითქმის არაფრის საშუალება მისცა, პანდევის ერთი დარტყმის მეტი არაფერი შეაქმნევინა და თავად კი რამდენიმე პერსპექტიული შეტევა ჰქონდა, რომელიც ორჯერ ოქრიაშვილის სახიფათო დარტყმით და ყაზაიშვილის მომენტით დასრულდა. მოკლედ, საქართველო 1:0-ზე თამაშობდა და პირველ ტაიმში თითქოს ამ შედეგთან მეტოქეზე უფრო ახლოს იყო.

ოქრიაშვილი შეტევაში ყველაზე აქტიური იყო

ცალკე სალაპარაკო თემაა მაკედონიის ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ, ვერაფერი ვნახე, რაც დამარწმუნებდა, რომ იგორ ანგელოვსკის გუნდი საქართველოს ნაკრებზე უკეთ თამაშობს ფეხბურთს. პირველ გოლამდე მონაკვეთს ვგულისხმობ, თორემ 1:0-ზე რომ საქართველომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ამაზე ზემოთ გვეწერა.

ეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. ისეთ გუნდთან წავაგეთ, რომელთან მოგებაც თავისუფლად შეგვეძლო. ასეთ მაკედონიას თუ ვერ მოუგე, ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ რა გინდა?!

ერთი, რაც მაკედონიას ნამდვილად კარგად გამოსდიოდა, პრესინგი იყო. შემტევი სამეული და დამატებით ფლანგის მოთამაშე საქართველოს ისე აპრესინგებდა, რომ დაცვიდან უმეტეს შემთხვევაში ვაისის გუნდს გრძელი გადაცემით ამოსვლა უწევდა. პირველ ტაიმში ამან რამდენჯერმე იმუშავა, რადგან ნიკა კაჭარავა ამ გრძელ გადაცემებს კარგად იღებდა და რამდენიმე კარგი კონტრშეტევა სწორედ ასე გამოვიდა.

თუმცა, ვაისის გუნდს ჯამური 448-დან 100 გრძელი გადაცემის (ან ჩაწოდების) შესრულება მოუწია. ეს 22-პროცენტიანი მაჩვენებელია, რაც ზედმეტად დიდი შედეგია, რადგან გრძელი პასები სიზუსტის მხრივ ყოველთვის დაბალპროცენტიანია. ბევრი გრძელი პასი ბევრ დაკარგვას ნიშნავს.

მაგალითად, გიორგი ლორიას ბურთი 36-ჯერ ჰქონდა, საიდანაც მან 28 გრძელი პასი შეასრულა. მაკედონიის პრესინგი მოკლე გადაცემების საშუალებას უბრალოდ არ აძლევდა.

სხვა საქმეა, რომ ამ კონტრშეტევების იქით საქართველოს ნაკრებს შეტევაში უბრალოდ არ უთამაშია. აქამდეც ბევრჯერ გვეწერა, რომ ვაისის გუნდს შეტევაში პოზიციური თამაში საერთოდ არ ჰქონდა და ფონს ინდივიდუალიზმის წყალობით გადიოდა. კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის არყოფნამ და ყაზაიშვილის და გვილიას სუსტმა თამაშმა ის განაპირობა, რომ ნაკრების მთელი შეტევა ოქრიაშვილის ინდივიდუალური ისტატობის იმედზე დარჩა. ოქრიაშვილი ბევრს ცდილობდა, თუმცა მაკედონია არ არის ის გუნდი, ვისაც შეიძლება მარტომ მოუგო. ჯამში თორნიკეს 5 დრიბლინგი ჰქონდა, მაგრამ ამასთან ერთად, 8 დაკარგვაც.

მოკლედ, არგაშვება და "შემთხვევით" გოლზე თამაში ვაისის გუნდის ერთადერთი სცენარი იყო. ისე მოხდა, რომ მაკედონიამ თავისი მეორე მომენტი გოლად აქცია - ელმასი-ნესტეროვსკი-პანდევის კომბინაცია მართლა ძალიან კარგი იყო. სერია A-ს კლასი ამ შეტევაში გამოჩნდა - ლაშა დვალს თამაშგარიდან ამოსვლა დააგვიანდა და სამმა კაცმა მთელ დაცვას გაუტანა. ასეთ მომენტებში საქართველომ ვერ შეასრულა.

📺 ვიდეო: გორან პანდევის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

პანდევი ცალკე თემაა. ზემოთ სტრესის ფონზე თამაშის ჩვევაზე ვთქვი. აი, პანდევს ეტყობოდა, რომ მას ეს გამოცდილება აქვს. მოედანზე ის სხვა კლასის ფეხბურთელი იყო. პრინციპში, ის და ელიფ ელმასი მაკედონიაში საუკეთესოები იყვნენ. დანარჩენებმა ვერაფრით გაგვაკვირვეს და ამის გამო ეს წაგება ორმაგად საწყენია.

ვაისის შეცდომები

ვაისმა რომ თამაში 1:0-ზე ააწყო, ეს შემადგენლობიდანვე ჩანდა. ეროვნულ გუნდში მხოლოდ ოთხი მოთამაშე იყო, რომელთაც შეტევაში თამაში ეხერხებათ - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, გვილია და კაჭარავა. მოედანზე ერთდროულად ორი საყრდენი (კანკავა, კვეკვესკირი) იდგა, რომელთაც ცუდად არ უთამაშიათ. მეტიც, ნიკა კვეკვესკირი ალბათ საუკეთესო იყო ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მეტოქის კარს საფრთხეს არცერთი არ უქმნის. როცა მოედანზე ორი საყრდენი გყავს, აქცენტი ფლანგებიდან შეტევაზე მაინც უნდა გააკეთო.

ნიკა კვეკვესკირი ალბათ საუკეთესო იყო ეროვნულ ნაკრებში

ოთარ კაკაბაძე შეტევაში ხშირად ერთვებოდა და ვაისის გუნდის შეტევების 40% სწორედ მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო, თუმცა მარცხენა ფლანგზე ლაშა დვალი შეტევაში პროდუქტიული საერთოდ არ იყო. შედარებისთვის, კაკაბაძეს 66 გადაცემა ჰქონდა (თუმცა, ზუსტი პასების ძალიან დაბალი პროცენტი ჰქონდა), დვალს კი - 38.

კონტრშეტევებზე, ღია სივრცეებში, ოთხი კაცით შეტევაში შეიძლება რაღაც გამოვიდეს, თუმცა მეტოქის მასირებული დაცვის წინააღმდეგ მხოლოდ ოთხი შემტევითა და ერთ ფლანგით თამაში უტოპიაა. გოლს უბრალოდ ვერ გაიტან. მით უმეტეს, რომ შემტევი ოთხეულიდან თამაში არ წაუვიდათ ვაკო ყაზაიშვილს და ვაკო გვილიას.

ამ სიტუაციაში ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ შეცვლა სასწრაფოდ იყო გასაკეთებლი. ამ შემადგენლობით ეროვნული გუნდი პოზიციურად უბრალოდ ვერ შეუტევდა. მარცხენა ფლანგზეც შეიძლებოდა უფრო შემტევი მცველის შემოყვანა და წინა ხაზშიც ცვლილებები გასაკეთებელი იყო. მოკლედ, ვაისმა ძალიან ბევრი იფიქრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც გოლის გაშვებიდან 5 წუთში უნდა გაეკეთებინა. სანახავი და დასაკვირვებელი არაფერი იყო - ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს მეტოქისთვის პოზიციური შეტევის რესურსი უბრალოდ არ ჰქონდა.

წაიკითხე | მთავარი პრობლემა - როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები თითქმის მთელი ტაიმი აგებდა, ბურთი თამაშის 59 პროცენტი ეჭირა, მაგრამ თამაშის 27 პროცენტი მაინც მის მესამედზე წარიმართა, მაკედონიის მესამედზე კი მხოლოდ - 23 პროცენტი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ბურთი თავის ნახევარზე ჰქონდა, თუმცა შეტევაში როგორ წასულიყო, არ იცოდა.

ამის შესახებ ბელარუსთან თამაშის შემდეგაც ვწერდით. ნაკრებს ბურთი წინ უფრო მეტად არა პასის და სისტემური, კომბინაციური თამაშის, არამედ დრიბლინგის ხარჯზე გადაჰქონდა. ეს თავიდანვე არასწორი მიდგომაა, რადგან ტალანტი ყოველთვის შედეგს ვერ მოიტანს, სათამაშო სისტემაა საჭირო. მაკედონიასთან ფინალშიც ასე მოხდა, მეტოქე ბელარუსზე ძლიერი იყო და ვაისის გუნდს მთავარი ინდივიდუალისტები აკლდა. შედეგად, ბურთი დაცვიდან შეტევაში როგორ უნდა გადაეტანა, ეროვნულმა გუნდმა საერთოდ არ იცოდა. 

პირველი შეცვლა მე-80 წუთზე ვნახეთ, მომდევნო შეცვლები კი საერთოდაც მაშინ, როცა თამაში, ფაქტობრივად, დასრულებული იყო. არადა, სკამზე ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე ისხდნენ, რომელთაც ფლანგებიდან შეტევის გამწვავება ნამდვილად შეუძლიათ.

ვაისი რომ სუსტი ტაქტიკოსია, ამის შესახებ ბევრჯერ გვეწერა. ისიც გვეწერა, რომ სულ ინდივიდუალიზმი შედეგს ვერ მოიტანდა. ეს ორივე ფაქტორი მაკედონიასთან ვნახეთ.

ქვეყანამ წააგო

გუშინ საქართველოს ნაკრებზე მეტად ქვეყანამ წააგო. მეტიც, ფეხბურთელებზე თითქმის არც გავბრაზებულვარ - რაც იციან, ის ითამაშეს. აი, ქართული სახელმწიფო ნამდვილად უფრო მეტად მოუმზადებელი შეხვდა ამ მატჩს, ვიდრე საქართველოს ნაკრები.

მაკედონურ პრესას რომ ვუყურებდი, გული მწყდებოდა. მათთვის ეს იყო ზეიმი სახელმწიფო დონეზე. ჩანდა, რომ ეს საქვეყნო ამბავი იყო. არადა, პანდემია მაკედონიაშიც არის.

30 წლის განმავლობაში ერთადერთი შანსი გვქონდა, რომ გადამწყვეტი თამაში საშინაო ტრიბუნებზე გვეთამაშა. ასეთ მატჩებში ეს დიდი უპირატესობაა. იმ ფონზე, როდესაც თვეების განმავლობაში საარჩევნო კამპანია სრული სვლით მიდიოდა და აქცია-დემონსტრაციები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმშია, გულშემატკივარს არ ესმის, რატომ ვთქვით ჩვენივე ნებით თუნდაც ნაწილობრივ შევსებულ სტადიონზე უარი. ან რატომ ჯობდა, რომ ბოლო ერთ თვეში ასეულობით გულშემატკივარი სტადიონთან უკვე მეორედ შეკრებილიყო და არა მის შიგნით.

მეტიც, ეს საკითხი თითქოს არც განხილულა სახელმწიფო დონეზე. არადა, ფეხბურთის სიყვარულ-არსიყვარულს თავი რომ დავანებოთ, ეს ის სპორტია, რომელშიც თავად სახელმწიფო ასეულობით მილიონის ინვესტირებას ახდენს. წესით, სახელმწიფოს ყველაზე მეტად უნდა ადარდებდეს, რამდენად წარმატებული იქნება მისი ინვესტიცია.

გულშემატკივარის დასწრება-არდასწრება გვერდზე გადავდოთ, სარეკლამო-სამოტივაციო კამპანიის დონეზეც არ იგრძნობოდა, რომ ეს საქვეყნო თამაშია. არადა, ფეხბურთი საქართველოში მართლა სახალხო სპორტია. რამდენჯერაც არ უნდა წავაგოთ, ეს ასე იქნება. ეს თამაში სახელმწიფოსთვის თითქოს პოლიტიკასა და სხვა პრობლემებში ჩაიკარგა. არადა, ამ შანსს 30 წელი ველოდით და არჩევნებით თითქმის ყოველწლიურ რეჟიმში ვართ "განებივრებულები", არც პანდემიის სტატისტიკა შეიცვლება უკეთესობისკენ ცარიელ ტრიბუნებზე თამაშით.

მოკლედ, ამ ქვეყანას უფლება არ აქვს, ამ გუნდს მეტი მოსთხოვოს. ყველაზე საფეხბურთო ამბავი სტადიონს მიღმა ხდებოდა. გულშემატკივარი ნაკრებს ისე დახვდა, როგორც ეს ამ თამაშის წინ უნდა ყოფილიყო და პოტენციურ მძიმე ჯარიმასაც არ მოერიდა, თამაშის ბოლომდე თავის გუნდს სტადიონთან უერთგულა. ეს ხალხი კი ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატს.

🇬🇪

🇬🇪 v 🇲🇰 | ეპიკური დახვედრა ფინალის წინ! 🇬🇪 🔥🔥

Posted by popsport on Thursday, November 12, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები