Thumbnail
  • მრავალჯერ გადადებულ ტურნირს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს
  • დღეს ტატამიზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 4 წარმომადგენელი გავა

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტს აიღებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და 19-21 ნოემბერსღა გაიმართება, ცხადია, ისევ მაყურებლების გარეშე. ტურნირში მონაწილეობას 11 ქართველი ძიუდოისტი (9 ვაჟი+2 ქალი) მიიღებს, რომელთაც უკვე მეტოქეების ვინაობაც შეიტყვეს.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაერთვება, სადაც ბულგარელ იანისლავ გერჩევსა და იტალიელ ბიაჯიო დ’ანჯელოს შორის უმჯობესს დაელოდება. მისივე ჯგუფშია ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ცხადაია. ამავე წონაში ძალებს მოსინჯავენ რობერტ მშვიდობაძე, იაგო აბულაძე (ორივე – რუსეთი) და ლუკა მხეიძე (საფრანგეთი).

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე რაუნდში რუს მიხაილ პულიაევს გაჯიბრება, ლაშა შავდათუაშვილი კი, რომელიც საქართველოს ღირსებას 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში იცავს, საწყის წრეში თავისუფალია და უკრაინელი ჰევორჰ ხაჩატრიანისა და გერმანელი ანტონი ზინგის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება.

ლუხუმ ჩხვიმიანმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოც

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე დაიცავენ და შესაძლოა, ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალშივე გადაეყარნონ, რადგანაც ერთ ჯგუფში მოხვდნენ. გრიგალაშვილი მე-2 წრეში იტალიელ კრისტიან პარლატის დაუპირისპირდება, მაისურაძის მეტოქე კი მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩი იქნება.

90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი ისლანდიელი ეგიილ ბლონდალს გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ძალებს ბერძენ გიორგიოს მალიაროპულოსთან სცდის, მძიმე წონაში (+100 კგ.) კი ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: ლევან მატიაშვილი ევროპირველობას ნიდერლანდელ როი მეიერთან შერკინებით დაიწყებს, ხოლო გურამ თუშიშვილის მეტოქე რუმინელი ლუკა კუნსაბო იქნება.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრთაგან ტატიანა ლევიცკა-შუკვანის პირისპირ აზერბაიჯანელი გულტაჯ მამადალიევა (52 კგ.) დადგება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) კი ჩეხი ვერა ზემანოვას დამარცხებას ეცდება.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის განრიგი

19 ნოემბერი

ქალები: 48 კგ, 52 კგ,  57 კგ. კაცები: 60 კგ, 66 კგ.

20 ნოემბერი

ქალები: 63 კგ, 70 კგ. კაცები: 73 კგ, 81 კგ.

21 ნოემბერი

ქალები: 78 კგ, +78 კგ. კაცები: 90 კგ, 100 კგ, +100 კგ.

ამგვარად, დღეს ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანს, ვაჟა მარგველაშვილს, ტატიანა ლევიცკა-შუკვანსა და ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 19:00 საათზე და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები