Thumbnail
  • ქართველ კალათბურთელებს ფინეთთანა და შვეიცარიასთან შესარჩევი მატჩები ელით
  • სხვადასხვა მიზეზთა გამო, ნაკრებში არაერთი კალათბურთელი ვერ ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევროპის ჩემპიონატის მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავენ. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს. ესპოოში E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 კალათბურთელი სრული შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება, მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.

კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდის საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

საქართველოს ნაკრებს სერიოზული დანაკლისი აქვს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლები აწუხებთ. ბურჯანაძეს ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გაურთულდა. გრან კანარიას ქართველ ფორვარდს მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ასევე ვერ ჩადიან ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილიც.

ბექა ბურჯანაძე: “უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ, სიტუაცია უფრო გამიუარესდა. ვირუსის გამო გადადებული მატჩი კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი თამაში მოგვიწია. 4-5 დღეში 3 შეხვედრა ჩავატარეთ და ჩემმა მუხლმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო. ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას”.

გიორგი ცინცაძე: “არაბთა გაერთიანებუილი საამიროების ჩემპიონატი არ ჩერდება და ნაკრებში რომ წამოვიდე, უმეტესი თამაშების გაცდენა მომიწევს. რეგულარულ ჩემპიონატში სულ 8 მატჩია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შემოსვლისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს, 5-6 მატჩის გაცდენა მომიწევს, რაზეც გუნდი თანახმა არაა”.

მიხეილ ბერიშვილი: “ყატარის ჩემპიონატში კვირაში 2-3 მატჩი ტარდება და ნაკრებში წასვლით, საკარანტინე პერიოდის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი შეხვედრის გაცდენა მომიწევდა. ამის გარდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში უკან დროულად, ან საერთოდ ვერ დავბრუნდე. საბუთების მოგვარება დიდი პრობლემა იქნებოდა და თან, გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სანაკრებო ფანჯრისას მომეცემა საშუალება, ჩვენს გუნდს დავეხმარო”.

დუდა სანაძე, რომელმაც ახლახან ყატარულ ალ ხორთან გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ცოტა ხნის წინ გამომიჩნდა ყატარის ჩემპიონატის გუნდის ვარიანტი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. მართალია, ევროპულ კლუბში გადასვლის სურვილი და რამდენიმე ვარიანტიც მქონდა, თუმცა ალ ხორმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გადავწყვიტე, გადავსულიყავი. აქაური რეგულაციების თანახმად, 7 დღე სასტუმროში უნდა ვიყო, შემდეგ 7 დღეს კი უკვე ბინაში, თვითიზოლაციაში გავატარებ. ამის გამო ვერ ვახერხებ ფინეთში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩასვლას”.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად აღმოჩნდნენ ახალგაზრდა კალათბურთელები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ლუკა ბულაშვილი ეროვნულ ნაკრებში ისევ გამოჩნდა

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს  ევროსაკვალიფიკაციოშიც ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში ნაკლებად გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. 

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის კაენში მოთამაშე გიორგი კორსანტია და რუეილის წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური ბაბლის მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს “მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები