Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ვიდეო-კონფერენცია გამართა და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ფინეთის ქალაქ ესპოოში იმყოფებიან, სადაც E ჯგუფის 4 ნაკრები ე.წ. “ბაბლის” პრინციპითაა შეკრებილი.

ზუროსმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ თად მაკფადენის საკითხი მოგვარებულია (მას პირველი ტესტით COVID 19 დაუდასტურდა, თუმცა, მეორე უარყოფითი აღმოჩნდა), ამდენად, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მომავალ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.

“ესპოოში 2 რთული მატჩი გველის, განსაკუთრებით კი, მასპინძელ ფინეთთან. ცხადია, მოგება მეტოქეებსაც ძალიან უნდათ, რადგანაც ჩვენგან განსხვავებით, მათ ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული არ აქვთ და დიდ კონკურენციაში იმყოფებიან. ფინელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც გასულ მატჩებში არაერთი ძლიერი მეტოქეები დაუმარცხებია. მათი უპირატესობა ისაა, რომ დიდი ხანია ერთად არიან და კარგად არიან შეთამაშებულნი. ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგანაც საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით ვართ ჩამოსულნი.

ამავდროულად, უკეთეს სიტუაციაში ვიმყოფებით იმ მხრივ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული გვაქვს და გარკვეული ექსპერიმენტების არ უნდა შეგვეშინდეს. კარგი დროა, რათა ასპარეზი ახალბედებს დავუთმოთ და მათ თავის გამოჩენის შანსი მივცეთ. იცით, რომ პირველი ფანჯრის დროს საკმაო წუთები მიეცათ ანდრონიკაშვილს, კორსანტიასა და ტურძელას და მინდა, რომ იგივე სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებთან დაკავშირებითაც მოხდეს.

ილიას ზუროსის გუნდში არაერთი ახალბედა კალათბურთელია

რთულ ვითარებაში ვართ იმ მხრივ, რომ ნაკრებს ორივე ძირითადი გამთამაშებელი აკლია. გიორგი ცინცაძე ყოველთვის ნაკრების ტვინი გახლდათ, ანდრონიკაშვილი კი ის კალათბურთელია, რომელიც ბოლოსკენ უკვე სტაბილურად 15-მდე წუთს თამაშობდა და უკვე სანაკრებო სქემებშიც კარგად იყო გარკვეული. ცხადია, მათი შემცვლელები გვყავს, თუმცა, ცუდი ისაა, რომ შეთამაშებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. მოგეხსენებათ, ყოველ ზაფხულს საქართველოში ვიკრიბებოდით და საჭირო მომენტებს ვამუშავებდით, წლეულს კი, გასაგებ მიზეზთა გამო, ეს ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, იგივე ფინეთმა ეს შესძლო და ზაფხულის მერე რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. 

ფინელების სათამაშო სრილი ყველასათვის ცნობილია: მოედანზე სწრაფი გადაადგილები და ბევრი შორეული სროლა. თითქოს იოლი გასაშიფრია და ასახსნელადაც იოლია, თუმცა, თუკი გუნდის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, ძნელია რაიმე გააკეთო. წარმოიდგინეთ, ამ შეკრების დროს მხოლოდ 2-3 ვარჯიში გვქონდა, დაცვის მიმართულებით კი, დღეს საერთოდაც პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ყველამ იცის, რომ ჩემი სათამაში ფილოსოფია სწორედ დაცვას უკავშირდება და ყველაფერი აქედან ეწყობა, თუმცა, მართლაც ექსტრემალურ ვითარებაში ვიმყოფებით. იმ ფონზე, როდესაც ნაკრებში ზოგი მოთამაშე – გვიან, ზოგი კი საერთო ვერ ჩამოდის, გეგმის მიხედვით მოქმედება ძალიან რთულია.

ბერძენი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბს საფიქრალი არ აკლია

მადლობა მინდა ვუთხრა იმ ბიჭებს, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი ნაკრების დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებენ. თად მაკფადენი ყოველთვის გულით თამაშობს, ბოლომდე იხარჯება და მჯერა, ახლაც ასე იქნება. მან უკვე ცნობილი მიზეზის გამო, 1 ვარჯიში გამოტოვა, თუმცა, ახლა ყველაფერი მოგვარებულია და ის გუნდთან ერთადაა. ხვალ ველით თორნიკე შენგელიას, რომელსაც ევროლიგაში მადრიდის რეალთან თამაში ელის, თუმცა, მიუხედავად რთული გრაფიკისა, ნაკრებში მაინც მოემგზავრება. თოკოს ჩამოსვლისთანავე კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ამის შემდეგ, მას ადაპტაციისთვის ძალიან მცირე დრო, ყველაზე კარგ ვარიანტში 1 ვარჯიში ექნება და ეს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. სხვა გზა არ გვაქვს. მისი და გიორგი შერმადინის დატვირთვას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგანაც ყველამ იცის, რომ ჩვენი მთავარი ძალა, ფარქვეშ, სამწამიან ზონაში თამაშია.

ბოლოს, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც გვერდში გვიდგას და საერთო მიზნისთვის ვიბრძვით. გვპირდებით, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გუნდი მაქსიმალურად გამოაჩენს თავის ხასიათს, ისევე, როგორც წინა ფანჯრის დროს, ბელგრადში, სერბეთთან მოგებულ მატჩში. საერთო ჯამში, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისში დაგეგმილ ევრობასკეტზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქართველ ხალხს დიდი სიხარული მოვუტანოთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ფინეთში მასპინძლების წინააღმდეგ თამაში 28 ნოემბერს უწევს, 30-ში კი, შვეიცარიასთან თამაშია დაგეგმილი. ილიას ზუროსის შეგირდებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ ხსენებული შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები