Thumbnail

'ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვარ პრინციპული' - გიგა ბოკერია მარადონაზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

მარადონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. არ აქვს მნიშვნელობა, ქომაგობს თუ არა ადამიანი არგენტინის ნაკრებს, ამ ამბავმა ყველა შეძრა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მარადონას კულტია. დიეგოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით ისინი გამოირჩევიან, ვისაც ის მსოფლიო ჩემპიონატები ახსოვს, რომლებშიც დიეგო ბრწყინავდა. "პოპსპორტი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და ლეგენდარული არგენტინელის კარიერის მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების გახსენება სთხოვა. ეს მცირე ინტერვიუები ძალიან ემოციური გამოვიდა - იმდენად, რომ საუბრის პროცესში რესპონდენტებს აზრის დალაგებაც კი უჭირდათ. 

დათო ტურაშვილის და გიორგი კეკელიძის შემდეგ, ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა.

გიგა ბოკერია: უცნაური რამ უნდა ვთქვა - დიეგო ნანახი არ მყავდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი უკვე გაგონილი მქონდა. ეზოში ე.წ. "სტოპიატს" ვთამაშობდით და მაშინ თქვა ვიღაცამ, დაარტყი მარადონასავითო.

მისი თამაში პირველად სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ვნახე და მივხვდი, რომ სადაც ხელი მიმიწვდებოდა, მისთვის ყველგან უნდა მეყურებინა. არგენტინელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. იმ თამაშში, რომელზეც ვსაუბრობ, დიეგოს გოლი არ გაუტანია, დიასმა შეაგდო კომბინაციით, რომელშიც მარადონა და კემპესი მონაწილეობდნენ. 

ასაკის გამო, არ მიყურებია იაპონიაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, მაგრამ შემდგომ წლებში ყველაფერი ავინაზღაურე. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ საქმე სრულიად არაორდინალურ ფეხბურთელთან გვქონდა. თვით წაგებულ მატჩებშიც კი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ჩემპიონატი არგენტინამ ბელგიის ნაკრებთან მარცხით დაიწყო, რასაც უნგრელების წინააღმდეგ ფანტასტიკური თამაში მოჰყვა. იმ გამარჯვებაში დიეგომ უდიდესი როლი ითამაშა.

პირადად ჩემთვის, მექსიკაში ინგლისის და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ერთ დონეზე დგას, მაგრამ იყო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც მგონია, რომ მარადონას სიდიადის კუთხით, ზემოთხსენებული თამაშების რანგში დგას. ბელგრადში გამართულ ცრვენა ზვეზდა-ბარსელონას თამაშზე ვსაუბრობ, რომელშიც დიეგომ ზღაპრული ფეხბურთი აჩვენა. 

ნელ-ნელა თბილისში საკაბელო ტელევიზიები გაჩნდა. მომეცა შესაძლებლობა მარადონას თამაშის ფრაგმენტებისთვის ნაპოლიშიც მეყურებინა. მახსოვს, ჩემს მეგობარს გენერატორი ჰქონდა და იტალიურ არხზე RAI DUE-ზე ნაპოლის საჩემპიონო სეზონის ყველა მატჩის 10-15 წუთიანი ჰაილაითი აჩვენეს.

ფაქტია, რომ იმ გუნდებში, სადაც თამაშობდა, ეს ადამიანი არაჩვეულებრივ რამეს აკეთებდა. შთაბეჭდილებები ერთმანეთს ცვლიდა, ერთი მეორეზე უკეთესი თამაშები და მომენტები ჰქონდა. როდესაც ინტერნეტის ეპოქა დაიწყო, ფაქტობრივად ყველაფრის ყურება თავიდან დავიწყე. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, დიეგოს ყურება ცალკე სიამოვნება იყო. იმდენად სრულყოფილი მოთამაშე იყო, რომ რაიმე კონკრეტული მომენტის გამოყოფა ძალიან მიჭირს.

POPSPORT: რამდენად სამართლიანად მიგაჩნია დიეგოს პიროვნების პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა?

გიგა ბოკერია: ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვარ პრინციპული და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მართლდება მოსაზრება, რომ გენიოსებს სახელმწიფო საქმეები ნაკლებად უნდა ანდო. მიუხედავად იმისა, რომ დიეგო სრული ანტიპოდია (ფიდელ კასტროს მეგობარი, პუტინთან თბილი ურთიერთობა) ჩემი წარმოდგენების, ის იმდენად დიდი იყო, რომ მისდამი მაინც ლოიალური ვარ. მის შეხედულებებს სადღაც ღრმად ხალიჩის ქვეშ ვინახავ და ვცდილობ არასდროს გავიხსენო.

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

დამშვიდობება ფეხბურთის ღმერთთან

მეტი ამ თემაზე:

დიეგო არმანდო მარადონა ოთხშაბათს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული ხუთშაბათს, ბუენოს აირესში დაკრძალეს. მისი სახით მსოფლიომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა. გენიალურმა ათიანმა არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

📺 ეპიკური კადრები - 1989 წელი, დიეგო მიუნხენში ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე ხურდება

კომენტარები

ბოლო ამბები