Thumbnail

მსოფლიო რაგბის მიერ განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 72.85 ქულით მე-12 ადგილი შეინარჩუნა, წინვლის საშუალება კი მომავალ შაბათს ექნება, როდესაც “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში ფიჯის დაუპირისპირდება (მსაჯი შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება).

შეგახსენებთ, რომ ახალი ექსპერიმენტული ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ბორჯღალოსნები” დუბლინში ირლანდიას გაეჯიბრნენ და 10:23 წააგეს. კლასიფიკაციაში დიდი სხვაობის გამო, გუნდების მდგომარეობაზე ამ შედეგს გავლენა არ მოუხდენია.

ირლანდია კვლავაც მეხუთეა, მის წინ კი, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია და საფრანგეთი იმყოფებიან. საერთოდაც, მოწინავე ოცეულში ერთადერთი გადაადგილება მოხდა. პორტუგალიის ნაკრებმა ტესტ-მატჩში ბრაზილიას 33:13 სძლია და მე-20 პოზიციიდან რუსეთი ჩამოაქვეითა.

ირლანდია-საქართველოს მატჩმა კლასიფიკაციაში ასახვა ვერ ჰპოვა

სამაგიეროდ, დიდ გადაადგილებებს უნდა ველოდეთ მომავალ უქმეებზე, როდესაც “შემოდგომის ერთა თასის” საპლეოფო მატჩები ჩატარდება. როგორც აღვნიშნეთ, საქართველო ფიჯის შეერკინება და ამ თამაშში შეჯიბრზე მე-7 ადგილის მფლობელი გაირკვევა, მე-5 პოზიციისთვის უელსი იტალიას დაუპირისპირდება, ირლანდია და შოტლანდია მე-3 საფეხურისთვის ითამაშებენ, ფინალში კი, ინგლისი საფრანგეთს გაეჯიბრება. შემდეგ შაბათსვე რაგბი ჩემპიონშიპის დასკვნით ტურში ავსტრალია არგენტინას უმასპინძლებს.

“ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათიდან შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ “მარიფილდზე” გაეჯიბრებიან და თუკი 15 და ნაკლები ქულით იმარჯვეს, კუნძულელებს ძალიან დაუხლოვდებიან. ამ შემთხვევაში, ფიჯის 74.87 სარეიტინგო ქულა ექნება, ხოლო საქართველოს – 74.19. აი, 15 ქულაზე მეტით გამარჯვება კი, “ბორჯღალოსნებს” მე-11 ადგილს მოუტანს, რადგანაც ქართველი მორაგბეების მაჩვენებელი 74.85-ს გაუტოლდება, ხოლო ფიჯელების – 74.21-ს. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზე მაღლა არასდროს ყოფილა, ამდენად, ეს, ჩვენებურთა რეკორდის გამეორება იქნება.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 30 ნოემბრისთვის

1. სამხრეთ აფრიკა – 94.20, 2. ინგლისი – 89.13, 3. ახალი ზელანდია – 88.50, 4. საფრანგეთი – 85.66, 5. ირლანდია – 84.25, 6. ავსტრალია – 83.80, 7. შოტლანდია – 81.21, 8. არგენტინა – 80.03, 9. უელსი – 79.36, 10. იაპონია – 79.29, 11. ფიჯი – 76.21, 12. საქართველო – 72.85, 13. ტონგა – 71.44, 14. იტალია – 70.88, 15. სამოა – 70.72, 16. აშშ – 68.10, 17. ესპანეთი – 67.51, 18. ურუგვაი – 67.02, 19. რუმინეთი – 65.33. 20. პორტუგალია – 62.44.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები