Thumbnail

ლეგენდარული ირლანდიელი მორაგბე ბრაიან ო’დრისკოლი საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა და აღფრთოვანება გამოხატა გიორგი კვესელაძის ასპარეზობით. შეგახსენებთ, რომ დუბლინში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 23:10 მოიგეს, კვესელაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ბრწყინვალე ლელოს ავტორიც გახდა. აი, რა დაწერა ო’დრისკოლმა სოციალურ ქსელში:

“მე რომ ევროპულ კლუბს წარმოვადგენდე და მომავალი სეზონისთვის შუამარბს ვეძებდე, სერიოზულად დავაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების 13 ნომერ გიორგი კვესელაძეს შაბათის მატჩში. მან ჩინებული ლელო ხომ დადო და დაცვაშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ხისტად მოქმედებდა და შრომისმოყვარეც სჩანს. მისი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაც შეიძლებოდა”.

ო'დრისკოლის ტვიტს ირლანდიელი რაგბის ქომაგებიც გამოეხმაურნენ და ქართველი ცენტრის თამაში მათაც მოიწონეს. "და წარმოიდგინეთ ის როგორ გააუმჯობესებდა თამაშს, ყოველკვირეულად რომელიმე ევროპულ ლიგაში რომ თამაშობდეს", - დაწერა Jay Harris-მა. შთაბეჭდილებების ქვეშ იყო Mike Hennessy-ც: "ერთ მომენტში ჯონ რაიანს შეეჯახა და უკან მოისროლა, ამის ნახვა ნამდვილად ღირდა".

გიორგი კვესელაძის ლელო ირლანდიასთან მატჩში

ცნობისთვის, აწ უკვე 41 წლის ო’დრისკოლი ირლანდიის ნაკრების რიგებში 1999-2014 წლებში ირიცხებოდა და 133 მატჩში 245 ქულა აქვს აღებული. ბრაიანს არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და ბარბაროსების მაისურითაც.

რაც შეეხება 23 წლის კვესელაძეს, მას ბორჯღალოსნებში უკვე 28 მატჩი უგროვდება და აქტივში 5 ლელო აქვს. სავარაუდოა, რომ გიორგი მორიგ კეპს 5 დეკემბერს მოიხვეჭს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები “შემოდგომის ერთა თასის” მე-7 ადგილისთვის მატჩში ფიჯის დაუპირისპირდება. თამაში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ მარიფილდზეა დაგეგმილი და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები