Thumbnail
  • ტურის შეჯამებისას ქართველი მორაგბეების დაცვამ დიდი ყურადღება მიიპყრო
  • 'ბორჯღალოსნებს' ირლანდიასთან მატჩში მხოლოდ 15 ბოჭვა გაუცუდდათ

“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურნირის მე-3 რაუნდი ციფრებში შეაჯამა და მნიშვნელოვან მომენტებში საქართველოს ნაკრების საოცარი დაცვითი თამაშიც გამოარჩია, კონკრეტულად კი, “ბორჯღალოსნების” კაპიტან მერაბ შარიქაძის თავდადებულ გარჯაზე გაამახვილა ყურადღება. აი, რას ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე:

“მართალია, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა, ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში დაუპირისპირა, რაშიც პირველ ტაიმში გიორგი კვესელაძის ჩინებული ლელოც დაეხმარა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველიდან ბოლო წუთამდე მაგრად იბრძოლეს და მატჩის განმავლობაში 219 ბოჭვა შეასრულეს, საიდანაც მხოლოდ 15 გაუფუჭდათ. შედეგად, ირლანდიის ნაკრებმა, რომელსაც 2018 წელს 6 ერი დიდი სლემით აქვთ მოგებული, მეტოქის იოლად გატეხვა ვერ მოახერხა. ამაში უდიდესი როლი ითამაშა მერაბ შარიქაძემ, რომლის აქტივშიც 22 ბოჭვაა და თანაც 100%-იანი წარმატებით. უდავოა, რომ ასეთი წარმატებული დღის შემდეგ, საქართველო გაცილებით თავდაჯერებული გავა ფიჯისთან მატჩზე, რომელმაც “შემოდგომის ერთა თასზე” მე-7 ადგილის მფლობელის ვინაობა უნდა გაარკვიოს”.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან აღნიშნული მატჩი საქართველომ 10:23 წააგო და “ბორჯღალოსნების” თამაშს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი მოწონება დაიმსახურა იმ ლელომაც, რომელიც მოგვიანებით ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელებულმა გიორგი კვესელაძემ დადო. ახლა, ქართველი მორაგბეები ფიჯისთან შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათიდან შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ “მარიფილდზე” დაიწყება და თუკი “ბორჯღალოსნებმა” იმარჯვეს, მსოფლიო რეიტინგში კუნძულელთა გადასწრებას მოახერხებენ.

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები