Thumbnail
  • სტოლე სოლბაკენი ნორვეგიის ნაკრების ახალი მწვრთნელია
  • სკანდინავიელების მიზანი 2022 წლის მუნდიალზე თამაშია

ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს - სტოლე სოლბაკენი. სოლბაკენი პოსტზე ლარს ლაგერბაკს შეცვლის, ვინც სკანდინავიურ ქვეყანას 2017 წლის თებერვლიოდან წვრთნიდა, მაგრამ ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში სერბეთთან მარცხის მერე გუნდიდან წავიდა. დღეს სოლბაკენმა 2022 წლის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება - მისი მიზანი ნორვეგიის ნაკრების მუნდიალზე გაყვანა იქნება. 

სოლბაკენისთვის ნორვეგიის ნაკრები არ არის უცხო - ის 2003-2004 წლებში ნაკრებში აგე ჰარეიდესა და ნილს იოჰან სემბის ასისტენტად მუშაობდა. 52 წლის სოლბაკენი ბოლო 7 წლის განმავლობაში კოპენჰაგენის მთავარი მწვრთნელი იყო, ოქტომბერში ის ცუდი შედეგების გამო მოხსნეს. 

ნორვეგიას 90-იანი წლების შემდეგ საუკეთესო თაობა ჰყავს. გუნდში არიან დორტმუნდის სუპერვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდი (ტრანსფერმარკტი - €100 მილიონი), რეალის ნახევარმცველი მარტინ ედეგორი (45 მლნ), ლაიპციგის ფორვარდი ალეკსანდერ სორლოტი (20 მლნ), შეფილდის ნახევარმცველი სანდერ ბერგი (18 მლნ) და სხვები. 

სტოლე სოლბაკენი ლილესტრიომში, ინგლისურ უიმბლდონში, დანიურ ოლბორგსა და კოპენჰაგენში თამაშობდა. ნორვეგიის ნაკრებში მან 58 მატჩში 9 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 1996 წლის სექტემბერში სწორედ სოლბაკენმა გაუტანა საქართველოს ნაკრებს გამარჯვების გოლი (პენალტიდან) - ის ამხანაგური მატჩი ნორვეგიამ 1:0 მოიგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები