Thumbnail
  • ინგლისი 22:19 საფრანგეთი
  • დამატებით დროში გადამწყვეტი ჯარიმა ოუენ ფარელმა გაიტანა

საფრანგეთის სარაგბო ნაკრებს “შემოდგომის ერთა თასზე” გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. “სამფეროვნები”, რომელთაც ლონდონურ თვიქნემზე ბოლოს 2007 წლის 11 აგვისტოს ჰქონდათ მოგებული, “ვარდებს” მატჩის ბოლო წუთამდე ამარცხებდნენ, თუმცა, თამაში დამატებით დროში გადავიდა, იქ კი, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

გასაგებ მიზეზთა გამო, შეხვედრის უდავო ფავორიტებად ინგლისელები მიიჩნეოდნენ. თუკი მათმა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა თითქმის უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა, ფრანგები თამაშს დიდი დანაკლისით შეხვდნენ. TOP 14-ის გუნდებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეებს მხოლოდ სამ შეხვედრაში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. შედეგად, ისე გამოვიდა, რომ ფაბიენ გალტიემ ფინალზე ლამის მე-3 შემადგენლობა გაიყვანა.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მასპინძლებს ძალიან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველ ტაიმში ოუენ ფარელმა და ელიოტ დელიმ 2 ჯარიმა გაიტანეს, ფრანგების მონაგარი კი ბრის დულინის ლელო და მატიუ ჟალიბერის გარდასახვა და 2 ჯარიმა იყო. შესვენების შემდეგ, იმავე ფარელმა და უკვე ლუი კარბონელმა კიდევ 2-2 ჯარიმა გაცვალეს, ინგლისმა კი მარცხს თავი ბოლო წუთზე დააღწია, რიდესაც შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ლუკ ქოუენ-დიკიმ ლელო დადო, ფარელმა კი გარდასახა – 19:19.

ოუენ ფარელის გადამწყვეტი დარტყმა

გამარჯვებულის გამოსავლენად 2 10-წუთიანი ტაიმი დაინიშნა და “ვარდების” მგეზავს გამარჯვების გაფორმება პირველივე ტაიმში შეეძლო, თუმცა, ჯარიმა ძელს გაარტყა. სამაგიეროდ, შეხვედრის 95-ე წუთზე ფარელმა ზუსტად დაარტყა, ფრანგებს "უეცარი სიკვდილი" დააფიქსირა, ინგლისი კი “შემოდგომის ერთა თასის” პირველი გამარჯვებული გახადა. ცნობისთვის, ეს 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ, პირველი საერთაშორისო სარაგბო მატჩი იყო, სადაც ექსტრა ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. მაშინაც მინდორზე ინგლისი იყო, რომელმაც ავსტრალიას ჯონი ვილკინსონის არეკნის წყალობით 20:17 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ "შემოდგომის ერთა თასზე" საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა, რომელმაც მე-7 ადგილისთვის მატჩში ფიჯისთან 24:38 წააგო. მე-5 პოზიციის მფლობელი უელსი გახდა, რომელმაც იტალიას 38:18 სძლია, ხოლო მე-3 საფეხური ირლანდიამ დაიკავა. "სამყურებმა" შოტლანდიას 31:16 სძლიეს.

📺 ინგლისი 22:19 საფრანგეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები