Thumbnail
  • ქართველი მეკარის წყალობით, ალმერიამ სტუმრად ალკორკონი დაამარცხა
  • ესპანური მედია 30 წლის გოლკიპერის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის მეკარე სეგუნდა დივიზიონში მორიგი ბრწყინვალე მატჩით გამოირჩა. ალმერიას ქართველმა გოლკიპერმა ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, სტუმრად ალკორკონთან, კარი რამდენიმე რთულ ეპიზოდში გადაარჩინა და თავის გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ალმერიამ მოედანზე შეცვლაზე შესული უმარ სადიქის გოლის წყალობით მოიგო (1:0) და ესპანური სპორტული მედია სტუმრების გამარჯვებას უმთავრესად სწორედ მაკარიძისა და სადიქის კარგ თამაშს უკავშირებს. ალკორკონი-ალმერიას მატჩისადმი მიძღვნილი ლამის ყველა სტატია სწორედ ასეა დასათაურებული. 

გიორგი ალკორკონი-ალმერიას მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

"მაკარიძემ და სადიქმა ალკორკონის სერია დაასრულეს", - წერს ცნობილი ესპანური გამოცემა AS

"ნიგერიელი ფორვარდის უმარ სადიქის გოლმა 59-ე წუთზე, ალმერიას "სანტო დომინგოზე" ალკორკონთან გაამარჯვებინა, რომელსაც ამ მატჩში უკეთესი მომენტები ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენების შესაძლებლობა ქართველმა მეკარე მაკარიძემ არ მისცა", - წერს Mundodeportivo.

"...ალმერიას ჰქონდა კედელი, რომელიც ალკორკონის ყველა დარტყმას უკუაგდებდა - მაკარიძე. დიდებული და მბრწყინვალე მეკარე, რომელიც არაჩვეულებრივ სეივებს ასრულებდა", - წერს ესპანური Besoccer.

Sofascore-ის თანახმად, გიორგის ალკორკონთან შეხვედრაში 4 სეივი ჰქონდა, მისი თამაში კი 7,6 ბალით არის შეფასებული, რაც ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (მაკარიძეზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს).

ბოლო ტურში გამარჯვების წყალობით, ალმერიამ 32 ქულა დააგროვა და ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მაკარიძის გუნდი სულ 3 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილს, რომელიც ლა ლიგის საგზურს პირდაპირ იძლევა. მომდევნო ტურში, 9 დეკემბერს, ალმერია საკუთარ მოედანზე გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსას მიიღებს.

გიორგი მაკარიძე ალმერიაში სექტემბერში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ სეგუნდას 9 შეხვედრაში ითამაშა, გაუშვა 5 გოლი, 4 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები