Thumbnail

იტალიელი ლეგენდა და 1982 წლის მუნდიალის გმირი გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ის იტალიური ფეხბურთის ლეგენდა იყო

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლის ასაკში განუკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერში Rai Sport-ის ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ გაავრცელა. როსი ბოლო წლებში სწორედ ცნობილ ტელეკომპანიაში ექსპერტად მუშაობდა.

პაოლო როსი 80-იანი წლების გამორჩეული ფორვარდი იყო, ხოლო მისი კარიერის პიკი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოდგა, როდესაც იტალიის ჩემპიონობაში მთავარი როლი ითამაშა. მან ესპანეთში გამართულ მუნდიალზე 6 გოლი გაიტანა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ხოლო წლის ბოლოს ‘ოქროს ბურთიც’ მოიგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პაოლოს თამაში ბრაზილიის ნაკრებთან, რომლის წინააღმდეგ ჰეთ თრიქი შეასრულა და "სკუადრა აძურას" მოაგებინა (3:2).

აღსანიშნავია, რომ როსიმ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო მიღებული 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მუნდიალის დაწყებამდე თვენახევრით ადრე მოიხადა. მიუხედავად ამისა, უთამაშებელი 'პაბლიტო' იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენცო ბეარძოტმა ესპანეთში წაიყვანა და მისმა არჩევანმა არათუ გაამართლა, არამედ მოლოდინსაც გადააჭარბა.

წაიკითხე როსის ცხოვრების მატჩი - როგორ მოკლა იტალიამ ბრაზილიის ჯადოსნური ფეხბურთი

საკლუბო დონეზე როსი კომოს, ვიჩენცას, პერუჯას, იუვენტუსის, მილანისა და ვერონას ღირსებას იცავდა. მას მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა თასი, გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის (1982), სერია A-ს (1977/78), სერია B-სა (1976/77) და ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი (1982/83).

იტალიის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე კრისტიან ვიერისთან და რობერტო ბაჯოსთან ერთად ყველაზე მეტი, 9 გოლი მან გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, როსი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითოჯერ კი ევროპის სუპერთასის, თასების მფლბელთა თასის, იტალიის თასისა და ჩემპიონთა თასის მფლობელი. იტალიის ნაკრებში პაოლო როსიმ 1977-1986 წლებში 48 თამაშში 20 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები