Thumbnail
  • შარშანდელის მსგავსად, რეალმა წელსაც აჯობა სტუმრად ბაიერნს
  • ბაიერნმა წლევანდელ სეზონში შინ პირველად წააგო
  • კრიშტიანო რონალდომ გოლი ამჯერადაც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს

როგორც გასული სეზონის ¼-ფინალში, ბაიერნი ახლაც დომინირებდა, მაგრამ ვერაფრით გამოიყენა შანსი ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობის მოსაპოვებლად. მართალია, მეტოქის შეტევების ჩასახშობად შედგენილმა ზინედინ ზიდანის გეგმამ ვერ იმუშავა, მაგრამ მასპინძლების დაუდევრობამ მოქმედ ჩემპიონს მატჩის ბედის შემოტრიალების საშუალება მაინც მისცა. ფაქტია, რეალმა სტუმრად მოიგო და კიევური ფინალისკენ გაიწია.

ეს გამარჯვება მადრიდელებისთვის სხვა მხრივაც გამორჩეულია: 

იუპ ჰაინკესმა "ალიანც არენაზე" ულტრაშემტევი შემადგენლობა გამოიყვანა - კარზე დაგეშილი ლევანდოვსკი, რიბერი, რობენი, ხამესი და მიულერი სტარტზე ერთად დადგნენ, ნახევარდაცვაში დაცვაზე მზრუნველი კი მხოლოდ ხავი მარტინესი აღმოჩნდა. მაგრამ ჰაინკესს გეგმები უკვე მე-8 წუთისთვის აერია, როდესაც არიენ რობენმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჰოლანდიელის ნაცვლად მოედანზე ტიაგო ალკანტარა გავიდა.

ეს არც ფრინველია და არც თვითმფრინავი. ეს სუპერმენი კეილორ ნავასია

თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რეალმა აუღო ალღო ჰაინკესის ჩანაფიქრს, მაგრამ 28-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა და ჯოშუა კიმიხმა კეილორ ნავასის გამწარება მაინც შეძლეს. კოლუმბიელის მშვენიერი პასის შემდეგ, კიმიხმა მარჯვენა ფლანგზე თავისუფალ ზონაში გაინავარდა და მაშინ, როცა ყველა მისგან იერიშში ჩართულ ლევანდოვსკისა თუ რიბერიზე პასს მოელოდა, მიუნხენელთა მცველმა საჯარიმოში შეჭრისთანავე კარში დაარტყა - 1:0.

კიმიხის მესამე გოლი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში

ჰაინკესს შემადგენლობის ნაადრევად შეცვლის განხორციელება მალე კიდევ ერთხელ მოუხდა - 33-ე წუთზე უკვე ჟერომ ბოატენგი გამოაკლდა ბაიერნს, მისი ადგილი კი ნიკლას ზულემ დაიკავა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა რეალის კართან სახიფათო მომენტების შექმნას მოუხშირეს - ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ერთი-მეორის მიყოლებით ჰქონდათ რიბერის, ჰუმელსსა თუ მიულერს, მაგრამ შესვენებამდე გოლი მაინც საპირისპირო მხარეს გავიდა. 

44-ე წუთზე ბაიერნის საჯარიმოში თითქოს იგივე სცენა იდგმებოდა, გულშემატკივარმა ტურინში, იუვენტუსი-რეალის მატჩში რომ ნახა - რონალდოს "მაკრატელა". კრიშტიანომ მარჯვენა ფრთიდან კარვახალის ჩაწოდების შემდეგ, თითქოს ამჯერადაც დააპირა ჰაერში დატრიალება, მაგრამ გადაიფიქრა, ბურთი კი საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ მარსელოს მიუვიდა. ბრაზილიელმა ერთი შეხებით, უძლიერესად დაარტყა და ულრაიხისგან შორეულ დაბალ კუთხეში გაჭედა - 1:1.

პსჟ-ისა და იუვენტუსის შემდეგ, მარსელომ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ბაიერნსაც გაუტანა

შესვენების შემდეგ ბაიერნი ამაოდ ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, ზინედინ ზიდანმა კი მეორე ტაიმში დაშავებული ისკოს ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა და ფრანგსაც გაუმართლა. ოღონდ, ასენსიოს გოლში თუ ვინმეს "წვლილი" უნდა აღინიშნოს, ეს რაფინიაა, რომელმაც ბურთი მეტოქეს ჩააბარა. ვასკესი-ასენსიოს სწრაფი იერიში ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა - 1:2.

მარკო ასენსიომ ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის ფინალის შემდეგ

თავისი გოლი შეაგდო კრიშტიანო რონალდომაც, ოღონდ მისი გარჯა არბიტრმა არ დააფასა - 71-ე წუთზე პორტუგალიელმა ბურთის მიღებისას აშკარად ხელი გამოიყენა, აი, ფეხით დარტყმა კი მართლაც ეფექტურად შეასრულა. 

დარჩენილ დროში ბაიერნი ცდილობდა, ცდილობდა, მაგრამ ხან მასპინძელთა ფეხბურთელები სცოდავდნენ, ხანაც კეილორ ნავასი იყო მოწოდების სიმაღლეზე. შანსი კვლავ ჰქონდათ ლევანდოვსკის, ბენზემას, რიბერისა თუ მიულერს, მაგრამ მეტი გოლი "ალიანც არენაზე" აღარ გასულა.

კრიშტიანო დღეს მხოლოდ თანაგუნდელების გოლებით ხარობდა

დასრულებული ჯერ არაფერია - 1-ელ მაისს საპასუხო დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება, მაგრამ ფაქტია - ზინედინ ზიდანმა მიუნხენში გამარჯვებით მისთვის ზედიზედ მესამე ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საუკეთესო ფეხბურთელი - მარსელო

მართალია, როდესაც ბაიერნმა ანგარიში გახსნა, იმ ეპიზოდში პოზიცია ბრაზილიელმა დაკარგა, მაგრამ ამის შემდეგ სწორედ განაპირა მცველმა მოახერხა ჭაობიდან რეალის ამოთრევა, რომელსაც თამაში აშკარად არ მისდიოდა. პირველი ტაიმის მიწურულს მარსელოს შთამბეჭდავმა დარტყმამ საჯარიმოს მისადგომებიდან, ძალთა თანაფარდობა მოედანზე სრულებით შეცვალა. 

მარსელო ბრწყინავს მნიშნელოვან მატჩებში - ჩემპიონთა ლიგაში მან ბოლო ხუთი გოლი სწორედ პლეი ოფებში შეაგდო. ბრაზილიელმა მცველმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა მადრიდის რეალისთვის.

კომენტარები

იუპ ჰაინკესი (ბაიერნის მთავარი მწვრთნელი): "რეალს ორი გოლი ვაჩუქეთ, მაგრამ თავადაც არაერთი მომენტი შევიქმენით. რა დაგვაკლდა? მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, რობენისა და ბოატენგის დაკარგვა კი დიდ პრობლემად გვექცა. შესვენებამდე ძალიან ბრიყვული გოლი გავუშვით, ნაჩუქარი იყო მეორეც. ხელებს არ ჩამოვუშვებთ, წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს".

ზინედინ ზიდანი (რეალის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. ვიწვალეთ, მაგრამ გავუმკლავდით. ტრავმის გამო ისკო გამოგვაკლდა, მაგრამ მარკო ასენსიო კარგად ჩაერთო თამაშში და ეს გვახარებს. ისკოს ზურგი თავიდანვე აწუხებდა. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი სჭირს. ასენსიოს თამაში სიურპრიზი არ იყო. ის მუდამ დაგეშილია კარზე, ფლობს სისწრაფეს, დარტყმას. ის ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლუკას ვასკესმა. მან ბევრი იმუშავა, თამაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაასრულა, სადაც კარგად გაუმკლავდა რიბერის".

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

► რეალი და ბაიერნი 25-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ევროთასების რეკორდია.

► მადრიდელებმა რეკორდმაისტერი ზედიზედ მეექვსედ დაამარცხეს

► რეალი გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 150-ე გამარჯვება იზეიმა.

► მარსელოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში 7 გოლი დაუგროვდა - ეს მცველებში რეკორდია.

► ასენსიომ ტურნირში გატანილი 4 გოლიდან 2 ბაიერნის კარში მიითვალა.

► რონალდომ ჩემპიონთა ლიგის 151-ე მატჩში ითამაშა და ამ მაჩვენებლით ჩავის გაუთანაბრდა. რეკორდი რეალის ყოფილ მეკარე იკერ კასილიასს უკეთვნის - 167 მატჩი.

► მიულერმა ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალში მე-13 მატჩი ჩაატარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია გერმანელ ფეხბურთელებს შორის.

► ბაიერნს საკუთარ მოედანზე მანამდე გამართულ ყველა ტურნირის 21 მატჩში მარცხი არ ჰქონდა.

ბაიერნი 1:2 რეალი

გოლები: 1:0 კიმიხი (28), 1:1 მარსელო (44), 1:2 ასენსიო (57).

ბაიერნი [4-1-3-1-1]: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი (34. ზულე), ჰუმელსი, რაფინია - მარტინესი (75. ტოლისო) - როდრიგესი, რობენი (8. ალკანტარა), მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

რეალი [4-3-3]: ნავასი - კარვახალი (67. ბენზემა), რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კასემირო (83. კოვაჩიჩი), კროოსი - ლუკას ვასკესი, რონალდო, ისკო (46. ასენსიო).

კომენტარები

ბოლო ამბები