Thumbnail
  • ნორსვესთერნ ვაილდქეთსი 56:81 ილინოის ფაითინგ ილინი
  • ქართველი კალათბურთელის გუნდმა ტაიმი 40 ქულით მოიგო

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ს მორიგ მატჩში ნორსვესთერნ ვაილდქეთსი 81:56 გაანადგურა და ეს თამაში უცნაური მიმდინარეობის გამო, ისტორიაში შევიდა.

საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი ტაიმი 15 ქულის სხვაობით (28:43) წააგო, მეორეში კი მეტოქე 53:13 დაამარცხა, თანაც მასპინძლებს თამაშიდან ჩაგდებული მხოლოდ 2 ბურთი და 9 შეცდომა მოუგროვდათ. ფაითინგ ილინისთვის ეს ნორსვესთერნში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა 2000 წლის 19 თებერვლის მერე, როდესაც მათ 63:30 იმარჯვეს.

ილინოისი პირველი გუნდი გახდა ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელიც შესვენებაზე 15-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თამაში კი 20 ქულის სხვაობით მოიგო. ამას გარდა, ფაითინგ ილინი პირველი კლუბია უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში, ვინც მოწინააღმდეგეს საკონფერენციო მატჩის ერთ ტაიმში 40 ქულით აჯობა. ბოლოს ეს, 2003 წლის მარტში კენტუკიმ მოახერხა ვანდერბილთან შეხვედრაში და მაშინ სხვაობამ 43 ქულა შეადგინა.

“ასეთი რამის მონაწილე არასდროს ვყოფილვარ. თქვენც ყელაფერი ნახეთ. მე-2 ტაიმში სასწაულად ვითამაშეთ. აღფრთოვანებული ვარ. მოედანზე ვიყავი და ყველაფერს ახლოდან ვხედავდი. თავს დიდებულად ვგრძნობ”, - განაცხადა თამაშის შემდეგ ილინოისელთა ცენტრმა კოფი კოკბერნმა, რომელმაც სეზონში მე-8 ორმაგი დუბლი (18 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა.

ამ ისტორიულ მატჩში მოედანზე 13 წუთი გაატარა ბეჟანიშვილმა, რომლის მონაგარიც 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია. ილინოისს 6 საკონფერენციო მატჩიდან 5 მოგებული აქვს და ბიგ თენში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი, 11 იანვარს მერილენდ ტერაპინსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები