Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში არ ჩატარდება! უეფამ გეგმა შეცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როგორც ირკვევა, უეფამ ევროპის ჩემპიონატის გეგმები შეცვალა
  • გერმანული მედიის ინფორმაციით, ტურნირის 12 ქვეყანაში ჩატარება გამოირიცხა

უეფამ გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში აღარ ჩაატაროს. ამის შესახებ გერმანული მედია, კონკრეტულად კი ტელეკომპანია RTL იტყობინება, რომელიც სანდო წყაროზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ კონტინენტის პირველობის ორგანიზების დარჩენილი სცენარებიდან არცერთი არ მოიცავს ტურნირის 12 ქვეყანაში ჩატარებას.

RTL-ის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში არ გაიმართება

უეფამ ოფიციალურად 5 მარტს უნდა გამოაცხადოს, რა გეგმა აქვს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ახალი გეგმით, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე უნდა გაიმართოს. ბოლო დროს არაერთი მედიასაშულება წერდა, რომ ტურნირის 12 ქვეყანაში გამართვა არარეალური იყო.

RTL-ის ინფორმაციით ახლა აქტუალურია ოთხი შესაძლო სცენარი. უეფა პირველ რიგში ევროპის ჩემპიონატის 10 ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს. მეორე ვარიანტია 5 ქვეყნის 5 ქალაქი, ასევე 2 ან 3 ქვეყანა და ბოლოს, კლასიკური ვარიანტი - ტურნირის ერთ ქვეყანაში ჩატარება. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. საუბარია გერმანიაზე, ინგლისზე, ავსტრიასა და პორტუგალიაზე. უეფაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და გერმანელ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ გადაწყვეტილება მარტში გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები