Thumbnail

კობიმ თავისი საქმე გვიჩვენა და ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ბრაიან ფილიპსი კობი ბრაიანტის და მისი კარიერის შესახებ
  • რა სხვაობაა კობის გზასა და ჯორდანის გზას შორის
  • რატომ იწვევდა ბრაიანტის ფიგურა კონფლიქტს გულშემატკივრებს შორის

კობიზე ბევრი რამ მინახავს და წამიკითხავს. ეს სტატია ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც მის შესახებ დაწერილა. სწორედ ამიტომ, მისი სიკვდილიდან ზუსტად 3 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბრაიან ფილიპსის ეს სტატია თარგმანის სახით, გადამუშავებული შეგვეთავაზებინა ჩვენი მკითხველისთვის.


დადგა მომენტი, როცა ყველამ ვიცოდით, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ შეიძლება რაიმე შეცდომას ჰქონდა ადგილი. არა, კობი ბრაიანტი არ მომკვდარა! კობი ბრაიანტი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო!

თვალცრემლიანი გულშემატკივრები ყვავილებით უკვე იკრიბებოდნენ ლოს ანჯელესში. მწვრთნელები და მოთამაშები, რომლებიც მას იცნობდნენ, იხსენებდნენ და პატივს მიაგებდნენ, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ ეს სიმართლე არ იყო.

საინფორმაციო სააგენტოები მიყოლებით ადასტურებდნენ TMZ-ის ცნობას, გადმოსცემდნენ დეტალებს: გავიგეთ, რომ ეს კობის პირადი შვეულმფრენი იყო. გავიგეთ კალაბასასის მაღლობებში გაჩენილი ხანძრის შესახებ, რომელიც მაშველებს ავარიის ადგილთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. გავიგეთ, რომ არა ხუთი, არამედ 9 კაცი იყო მასში და მათ შორის კობის 13 წლის შვილი. ლოგიკურად, არ შეიძლება ამდენი რამ არასწორი ყოფილიყო, მაგრამ თითქოს მაინც ველოდებოდით რაიმე ახალ ამბავს, რომელიც გვეტყოდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე კი არა, რაღაც ცუდი სიზმარია.

დღე, როდესაც არ გვჯეროდა

მე ეს ამბავი შუადღის სამ საათზე გავიგე. ‘კობი მოკვდა?’ - მკითხა ჩემმა ცოლმა, რომელმაც მესიჯი თავისი მეგობრისგან მიიღო. ‘არა, არ შეიძლება ეს მართალი იყოს’ - ასეთი იყო ჩემი პასუხი.

კობი 41 წლის იყო, ბრწყინვალე ჯანმრთელობით - იშვიათი ათლეტი, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ ახალი საქმე იპოვა და მასშიც თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდა. ის თავისი კარიერის მეორე ეტაპს იწყებდა და რატომ უნდა მომკვდარიყო მას შემდეგ, რაც ოსკარი მოიგო?!

ვიცით, რომ სიკვდილი ირაციონალურია, თუმცა მაინც ვცდილობთ მას ახსნა მოვუძებნოთ. ასე იყო კობის შემთხვევაშიც - მის სიკვდილს ახსნა უბრალოდ არ ჰქონდა.

შემდეგი ორი საათი ვუყურებდი ამ ტრაგიკული ამბის დეტალებს და მაინც ველოდებოდი, რომ კობი გამოჩნდებოდა და იტყოდა: ‘ყველაფერი კარგადაა, ხალხო, სიკვდილს დამაჯერებელი არგუმენტები არ აღმოაჩნდა და მეც დავბრუნდი.’

მაშინაც კი, როცა NBA-ს თვალცრემლიანი ვარსკვლავები პარკეტზე გამოდიოდნენ, მწვრთნელები დაბნეულ ინტერვიუებს აძლევდნენ, გრემის წამყვანები შოკში იყვნენ და გულშემატკივრები ‘სტეიპლ ცენტრთან ‘ იკრიბებოდნენ, საკუთარ თავში მაინც განსხვავებულ სცენარს ვხატავდი: კობი ჯანასთან ერთად ჩნდება რომელიმე ღამის შოუში და გვეუბნება, რომ ის კარგადაა, ხუმრობს და გვიყვება ანეკდოტს. მენტალურად, ამ ტრაგედიის მიღება შეუძლებელი იყო.

იმ დღესვე, თუ მეორე დღეს გამახსენდა სტატია, რომელიც მისი კალათბურთიდან წასვლის შემდეგ დავწერე, თუმცა არასოდეს გამომიქვეყნებია. მაშინ მეწერა, რომ კობი იყო სიტყვა ‘მაგრამ’ კალათბურთის დიად წინადადებაში. არცერთი სიტყვა არ არის უფრო კონკურენტული ვიდრე ‘მაგრამ’, არცერთი სიტყვა არ ცვლის ყველაფერს ისე, როგორც ‘მაგრამ. ის ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, კომპრომისებს გამორიცხავს, ის არის დრამატული და გმირული. ის მარტოა და ცვლის ყველაფერს, რასაც მოყვება. მაგრამ ცვლის ისე, რომ ბოლომდე არ სპობს მას. კობიც ასეთი იყო.

არავის შეეძლო ასე სტაბილურად ჩაეგდო შვიდმეტრიანი სროლა ორი მეტოქის წინააღმდეგ, ‘მაგრამ’ კობი იყო ის, ვინც ბურთს არასოდეს გასცემდა.

მაიკლ ჯორდანი და ლებრონ ჯეიმსი ბოლო 25 წლის საუკეთესო მოთამაშეები არიან, ‘მაგრამ’ კობის ხუთი ჩემპიონობა აქვს.

ის მუდამ ორ რეალობას ქმნიდა და გაიძულებდა, რომ რომელიმე მხარე აგერჩია. კობისთან ყოველთვის ასე იყო - ნეიტრალური ვერ იქნებოდი. რაც არ უნდა მომხდარიყო, არსებობდა ფანების ვერსია და არსებობდა იმ ხალხის ვერსია, ვისაც კობი არ უყვარდა. ან იყო პრაგმატული ხალხის ვერსია (მაგალითად, 35 წლის ასაკში აქილევსის ტრავმიდან დაბრუნება შეუძლებელია) და ვერსია, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობდა (მე შემიძლია აქილევსის ტრავმიდან დავბრუნდე იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმე ამას თუნდაც თავის ოცნებებში წარმოიდგენს).

ასე იყო მისი სიკვდილის შემთხვევაშიც - გჯეროდა, ‘მაგრამ’ მაინც არ გჯეროდა. ან გჯეროდა, ‘მაგრამ’ არ გინდოდა, რომ დაგეჯერებინა, თუნდაც მაშინ, როცა გულის სიღრმეში იცოდი, რომ ეს მართალი იყო.

მახსოვს, როცა ის ლიგაში პირდაპირ სკოლიდან შემოვიდა. მე მაშინ კოლეჯს ვიწყებდი და არც კი მჯეროდა, რადგან ის ჩემხელა იყო. პროფესიონალი ათლეტები ჩემს თვალში ზრდასრული, ჩემზე უფროსი ხალხი იყვნენ. ჩემი თანატოლები სპორტის ვარსკვლავებად ჯერ კიდევ არ მიიჩნეოდნენ, მით უმეტეს NBA-ში არ მოდიოდნენ დაუფარავი ამბიციით, რომ მაიკლ ჯორდანს გადაასწრებდნენ. ჩემი ერთ-ერთი უნივერსიტეტელი მეგობარი მასთან ერთად დადიოდა სკოლაში, ლოუერ მერიონში. ეს მხოლოდ აძლიერებდა მისი ლიგაში შემოსვლის უცნაურობას. ამის შემდეგ ის იყო ვარსკვლავი, რომელთან ერთადაც გავიზარდე.

‘იცნობდი მას? - ვკითხე ერთხელ ენდის, ჩემს მეგობარს.

‘შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს’ - მითხრა მოკლედ. ეს პასუხი დამამახსოვრდა იმიტომ, რომ იოლად წარმომედგინა კობი, რომელიც მსგავს პასუხს იძლევა. მაგალითად ასე: ‘კობი, მეგობრობდი აქილევსთან, ყველაზე დიად მებრძოლთან, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია და რომელიც ტროას ომში დაეცა?’

და ამ დროს კობი პასუხობს მშრალად: ‘შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს.’

კობი იყო ის ათლეტი, რომელიც ჩემს ბავშვობას ჩემს ზრდასრულობიდან ყოფდა.

მარტო კაცი

დასაწყისიდანვე ის მარტო კაცი იყო. ერთადერთი, კარიერის დასაწყისში ცდილობდა, დამსგავსებოდა ჯორდანს და გადაიღო მისი მანერები პარკეტზე, სხვა დანარჩენში ის არავის ჰგავდა.

კობი შეპყრობილი იყო პერფექციონიზმით, თუმცა ამაშიც არ ჰგავდა არავის. რთულად დასაჯერებელია, რომ ასეთი ნიჭის მქონე მოთამაშე ასე შეპყრობილი იყო თავის ტექნიკაზე მუშაობით და, ზოგადად, შრომის კულტურით. ჯორდანი აფასებდა შრომას, თუმცა მისი შრომა და ვარჯიში ეკრანებს მიღმა, სადღაც ზურგს უკან ხდებოდა - ეს უფრო დამატებითი ამბავი იყო MJ-სთან მიმართებაში. ჯორდანს უნდოდა, კომენტატორს აღენიშნა, რომ ის ღამის სამ საათზე დგება, რათა ჯიმში ივარჯიშოს, მაგრამ როცა თამაშის დასრულებამდე ერთი წამი რჩებოდა, მას უნდოდა, რომ მისი მაგიის, მისი ჯადოქრობის დაგვეჯერებინა.

ამ კუთხით, კობის მსგავსი ბავშვური რაღაცების მოთმენა არ შეეძლო. ის არ იყო ბედის რჩეული, ის იყო კაცი, რომელმაც თავისი ბედი თვითონვე აირჩია, თვითონვე შექმნა. არ უნდოდა, რომ მის თამაშზე და ზოგადად მასზე გავლენა ჯადოქრობას, ან ბედისწერას ჰქონოდა. ის შრომის და ნებისყოფის კაცი იყო.

კობისთვის თამაშებს ვარჯიშებზე 1000-ჯერ გამეორებული ერთი და იგივე მოძრაობა იგებდა, მოწინააღმდეგეებს ის იმ მოძრაობით უსხლტებოდა, რომელიც მანამდე 10 000-ჯერ დახვეწა და გაიმეორა. ის არასოდეს მალავდა თავის შრომას და თავის ვარჯიშს. მას არასოდეს დაუკარგავს თამაშის ‘ძველი სკოლის’ პატივისცემა. მთელი მისი ჰოლივუდური სტატუსის მიუხედავად, არასოდეს დაუკარგავს თვითდისციპლინა. თავისი კარიერის ბოლო წლებში ის ღიად ჩიოდა და არ მოსწონდა, რომ ლიგამ წესები შეამსუბუქა. არადა, ამ წლებში მისი სროლის პროცენტი შემცირდა. ამის მიუხედავად, მას არ სურდა ის ცვლილებები წესებში, რომლებიც სხვა, მასზე ნაკლებ მოთამაშეებს ქულების დაგროვებას უიოლებდა. მას არ სურდა, რომ თამაში იოლი ყოფილიყო.

სწორედ ამიტომ, მისი ფენომენალური, მომენტებში აბსურდული თვითრწმენის და ქედმაღლობის ატანა არ შეეძლოთ მათ, ვისაც მისი მსგავსი ტალანტი და ძალა არ ჰქონდა. მისი ლეგენდა იმაზე კი არ იყო დაფუძნებული, რითაც დაიბადა, არამედ იმაზე, თუ რა გახდა. თუკი ჯორდანი ბედის რჩეული იყო, კობიმ ყველაფერს თავისი ნებისყოფით მიაღწია.

იოლი მისახვედრია, თუ რატომ იყო იგი ასეთი კონფლიქტური და რატომ ყოფდა მისი პერსონა ადამიანებს ორ ნაწილად - ისეთებად, ვინც კობის გამო ყველაფერს გააკეთებდა და ისეთებად, ვისაც მისი დანახვაც კი არ უნდოდა.

კალათბურთი და სიკვდილი

რა იცის კალათბურთმა სიკვდილის შესახებ? მე ვიტყოდი, რომ არაფერი. იმიტომ, რომ კალათბურთის მთავარი იდეაა, დაგარწმუნოს - ადამიანს, მის სხეულს, არ აქვს შესაძლებლობების ზღვარი. კალათბურთი გარწმუნებს, რომ სწრაფად სირბილი შეგიძლია, ჰაერში ასვლა შეგიძლია, ფრენა შეგიძლია. ამ განცდებს სიკვდილთან საერთო არაფერი აქვს.

კალათბურთმა არაფერი იცის სიკვდილის შესახებ, რადგან ყველა მისი ლეგენდა ცოცხალია უილტ ჩემბერლენის გარდა. ბილ რასელი, ჯორჯ ჯერვინი, ჯერი ვესტი, ელვინ ჰეიესი, ელჯინ ბეილორი - კვლავ ცოცხლები არიან. მეჯიქ ჯონსონს შიდსი დაუდგინდა 1991 წელს და მაშინ ეს თითქოს სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა, თუმცა მეჯიქი ისევ ცოცხალია 30 წლის შემდეგაც კი. NBA-ს პირველი MVP, ბობ პეტიტი 87 წლის ასაკში ლუიზიანაში ცხოვრობს.

რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე მოულოდნელად დაიღუპა - მაგალითად, ლენ ბიასი, რეჯი ლუისი და დრაჟენ პეტროვიჩი. მაგრამ მათ არ ჰქონიათ კობისავით ხანგრძლივი კარიერა. მათ არ ჰქონიათ ისეთი ინტენსიური ურთიერთობა გულშემატკივართან, როგორიც კობის.

პიტ მარავიხი 1988 წელს, კობის ასაკში გარდაიცვალა - პასადენაში მოულოდნელი გულის შეტევის შემდეგ. ‘პისტოლ პიტი’ მაგარი იყო, თუმცა მისი კულტურული მნიშვნელობა ახლოსაც კი ვერ მივა, იმასთან, რაც კობის ჰქონდა.

როცა მსახიობი ან მუსიკოსი მოულოდნელად კვდება, ასე არ გვიკვირს. ეს ისტორია უკვე მრავალგზის გვინახავს და ბევრჯერ გამეორებულა. კალათბურთის ფანები კი ამას არ იცნობდნენ. სწორედ ამიტომ იყო კობის სიკვდილი ასეთი შოკი.

თამაში ტკივილით

ძველი ვიდოების ყურება, შესაძლოა, არ არის სწორი პასუხი ამ მასშტაბის ტრაგედიაზე, მაგრამ მე კობის ვიდოებს ხშირად ვუყურებ. უბრალოდ მიყვარს იმის ყურება, როგორ თამაშობს კალათბურთს. როცა ისეთი მაგარი ხარ, როგორც კობი, შენი თამაში შენზე დიდხანს ცოცხლობს.

შესაძლოა, კობი არ არის ყველაზე ლამაზად მოთამაშე, ისე, როგორც სტეფ კარი. სტეფი შოუს ქმნის მაყურებლისთვის, ქმნის ბედნიერების ილუზიას. მაგრამ კობის თამაშს რაღაც სხვა აქვს. ის საერთოდ არ თამაშობს მაყურებლისთვის. მისი თამაში თანამედროვე სტატისტიკური სტანდარტით ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა თამაშობს ისე, რომ თითქოს მათემატიკური, სტატისტიკური იდეალის წინააღმდეგ იბრძვის.

ყველაზე მეტად ერთი ვიდეოს ნახვა მიყვარს, რომელშიც კობის ტრავმებია ნაჩვენები. მან 20 წელი ითამაშა და ვიდეოც 10 წუთზე მეტს გრძელდება. ის კობის კლასს, მის თამაშს ნაკლებად აჩვენებს, ‘მაგრამ’ აჩვენებს, ვინ იყო. ის აუტანლად მაგარი, მძიმე და ხისტი ადამიანი იყო - კაცი, რომელმაც დედამისს მისი დღიურების გაყიდვა სასამართლოს გზით აუკრძალა. მაგრამ მის თამაშშიც ჩანდა და მისი კარიერის დასრულების შემდეგაც იგრძნობოდა, რომ კობი ის კაცია, რომელსაც ყალბი კომფორტი ყველაზე მეტად სძულს (მაინც რომ გვახსოვდეს, კობიმ ორი საჯარიმო სროლა მაშინ ჩააგდო, როცა აქილევსი ჰქონდა გაწყვეტილი).

სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად ის მაშინ მახსენდება, როცა ბურთით ხელში მცველების წინააღმდეგ მიდის, ეცემა, ისევ დგება, ისევე ეცემა და ასე დაუსრულებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები