Thumbnail
  • დეტროიტ პისტონსი 107:92 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო

ფილადელფიასთან 106:107 წაგებული მატჩიდან ერთი დღის შემდეგ ლეიკერსი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ლოსანჯელესელებმა დეტროიტში 92:107 მარცხი იწვნიეს. ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით მართალია, ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ საუკეთესო დღე ნამდვილად არ ჰქონდა.

ლებრონმა პირველი 7 ტყორცნა კი ჩააგდო, მაგრამ მერე თითქმის აღარაფერი გამოსდიოდა. მთელ მეორე ტაიმში მის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულა გახლდათ. “კარგად დავიწყე, მაგრამ მეორე ტაიმში ვეღარაფერი ჩავაგდე. ბევრი ისეთი სროლა ავაცილე, ჩვეულებრივ უპრობლემოდ რომ ვაგდებ ხოლმე,” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჯეიმსმა. ლეიკერსისთვის პრობლემა იყო ენტონი დევისის არყოფნაც, რომელიც ტრავმირებულია.

პირველი ტაიმის შემდეგ ლეიკერსი იგებდა, მესამე და მეოთხე პერიოდებში კი დეტროიტმა უპირატესობა მოიპოვა. ბოლო მეოთხედში ლეიკერსმა მხოლოდ და მხოლოდ 14 ქულა მოიპოვა. ლებრონთან ერთად, კაილ კუზმამაც 22 ქულა ჩააგდო. დეტროიტიდან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ - 23 ქულით.

ლეიკერსს 20 თამაშის შემდეგ 14 მოგება და 6 მარცხი აქვს, რის გამოც დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა და იუტას ჯაზსა და თანაქალაქელ კლიპერსს ჩამორჩება. დეტროიტი კი აღმოსავლეთში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა - 5 მოგებითა და 14 მარცხით. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები