Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე თვენახევარია დარჩენილი
  • ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ არ ჰყავს
  • პოპსპორტმა ნაკრების ცნობილ ქომაგებს 3 კითხვა დაუსვა

25 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს გამართავს. ამ შეხვედრამდე თვენახევარზე ნაკლები დროა დარჩენილი, გუნდი კი ჯერ ისევ უმწვრთნელოდაა. პოპსპორტი ეროვნული ნაკრების რამდენიმე ცნობილ გულშემატკივარს დაუკავშირდა. ჩვენ ყველა მათგანს 3 კითხვა დავუსვით.

1. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ახალ მწვრთნელს აუცილებლად ეროვნულ გუნდში მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს?

2. ჯგუფიდან გამომდინარე, რა მიზანი უნდა დაუსახოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალ მწვრთნელს?

3. გუნდს მწვრთნელი ჯერ კიდევ არ ჰყავს, 25 მარტს კი პირველი მატჩია. რაზე მიანიშნებს ეს თქვენთვის?

დათო ტურაშვილი (მწერალი)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “მსოფლიოში ბევრი ისეთი მწვრთნელია, რომლებმაც კლუბებში მუშაობით თავი გენიოსებად წარმოაჩინეს, მაგრამ ნაკრებში არასდროს უმუშავიათ - მაგალითად, გვარდიოლა. ლოგიკა არ მესმის. ზოგადად, მწვრთნელის შეფასება მარტო სანაკრებო კარიერის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს. გვარდიოლა, სიმეონე, ზიდანი არასდროს ყოფილან ნაკრებების მწვრთნელები, მაგრამ უაღრესად ძლიერი სპეციალისტები არიან. ჟოაო სალდანიას სულ არ ჰქონდა საფეხბურთო განათლება, ჟურნალისტი იყო, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს და ახალი სათამაშო სისტემა მოიგონა."

'როგორც კი იწყებ ფიქრს, რომ აქედან ვერ გავალ, მაშინვე იმ მტანჯველ რუტინაში ხვდები, რომელშიც ვართ'

...მიზანზე: “მგონია, რომ მიზანი ყოველთვის გამარჯვება უნდა იყოს. როგორც კი იწყებ ფიქრს, რომ აი, აქ წარმატებას ვერ მივაღწევ, აქედან ვერ გავალ, ეგრევე იმ მტანჯველ რუტინაში ხვდები, რომელშიც ვართ. რა თქმა უნდა, მიზანი ჯგუფიდან გასვლა და წარმატება უნდა იყოს. ადამიანს მიზნად ზუსტად ის უნდა დაუსახო, რაც ვინმეს შესაძლოა შეუსრულებლად ეჩვენებოდეს. ჩე გევარა ამბობდა: „ვიყოთ რეალისტები, მოვითხოვოთ არარეალური.“ 

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ჩემთვის ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იმ მწვრთნელს კი არ ეძებენ, ვინც საქართველოს ნაკრებს გამოადგება, არამედ ისეთს, რომელიც მათ გამოადგებათ. ინფორმაცია გავრცელდა, რომ სფფ რებროვს ეკონტაქტებოდა. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო? რებროვი ვის უნდა? მარტო მათ! რა შუაშია რებროვი საქართველოს ნაკრებთან? არასწორი პრინციპით ეძებენ და ეგაა პრობლემა.”

ბიძინა ბარათაშვილი (SILK TV-ის პროდიუსერი)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “ჩემთვის სანაკრებო დონეზე გამოცდილების არსებობა განმსაზღვრელი არაა, რადგანაც კვალიფიკაცია ყოველთვის ნაკრებში მუშაობით არ განისაზღვრება. მწვრთნელები სანაკრებო კარიერას მას შემდეგ იწყებენ, რაც საკლუბო ტურნირებზე წარმატებებს აღწევენ. თუ მწვრთნელი იქნება ისეთი, რომელსაც წამყვან ლიგებში აქვს ნამუშევარი და ჩემპიონთა ლიგის, ან რომელიმე სხვა კონტინენტურ შეჯიბრებების გამოცდილება აქვს, ვერ ვხედავ მისი სანაკრებო გამოცდილების აუცილებლობას. როგორ დავიჯერო, რომ ვანუატუს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიძლება რეალ მადრიდის მთავარ მწვრთნელს სჯობდეს (ვანუატუს ნაკრებს, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნულ გუნდს, ამ ეტაპზე მწვრთნელი არ ჰყავს).”

'აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ვფიქრობ, რომ მომავალი მწვრთნელი ადგილობრივი იქნება'

...მიზანზე: “ამ ეტაპზე, როდესაც თამაშები კარს მოგვადგა, რა მიზნის დასახვაზეა საერთოდ საუბარი? რა უნდა ქნას ახლა თუნდაც ნაკრებში ნამუშევარმა და მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა მწვრთნელმა? ჯერ ისედაც უპერსპექტივო მდგომარეობაში ვიყავით და ახლა ისიც დაემატა, რომ ჩვენი მეტოქეები ესპანელები და შვედები არიან. ამ ჯგუფში ყველაზე სუსტი კოსოვოა, რომელიც, საქართველოს ნაკრების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან ძალიან ახლოს იყო. ოპტიმისტური განწყობა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშთან დაკავშირებით ისედაც არ ყოფილა, მაგრამ ახლა ურთულესი ჯგუფიც დაემატა.

ჩამოსულ სპეციალისტს გუნდი უნდა დაახვედროს ფედერაციამ, თვითონ, ბუნებრივია, რომ ამ მოკლე პერიოდში ვერავის შეარჩევს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ვფიქრობ, რომ მომავალი მწვრთნელი ადგილობრივი იქნება. თუ შუა თებერვალში, მაშინ, როდესაც მარტში უკვე თამაში გვაქვს, ვსაუბრობთ ჩამოყვანილ სპეციალისტზე, ვლაპარაკობთ ჯადოქარზე, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება კი არა, სხვა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს.”

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ჩემთვის ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის მთავარი ტურნირი ერთა ლიგაა.”

გიგა ბოკერია (პოლიტიკოსი)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “იმ მოსაზრებას, რომ ნაკრების მწვრთნელს სანაკრებო გამოცდილება უნდა ჰქონდეს, უფრო ვიზიარებ, ვიდრე არა. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ სუპერმწვრთნელებზე, ან, მაგალითად, ისეთ ქართველ სპეციალისტზე, რომელსაც საკლუბო დონეზე წარმატებებისთვის აქვს მიღწეული. საქართველო ყველასგან განსხვავებულ სიტუაციაშია. დიდი სამწვრთნელო სკოლების მქონე ქვეყნებში კლუბიდან ნაკრებში მოხვედრა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ასეთ ვითარებაში არ ვართ. ჩვენი საწყისი პოზიციები განსხვავებულია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, ოღონდ არა გადამწყვეტი, ნაკრებში მუშაობის გამოცდილება შეიძლება იყოს.”

'ერთ-ერთი კრიტერიუმი, ოღონდ არა გადამწყვეტი, ნაკრებში მუშაობის გამოცდილება შეიძლება იყოს'

მიზანზე: “ამოცანა უნდა იყოს საუკეთესო შედეგის ჩვენება, რაც დღევანდელ რეალობაში ძალიან ძნელია. ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, მთავარია დავინახო, რა გეგმა არსებობს და რამდენად პროგრესირებს გუნდი. გარდა ამისა, ფეხბურთში ყოველთვის არსებობს შანსები და ეს შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.”

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ეს იმ ადამიანების პრობლემა და გადასაჭრელი საკითხია, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი. კარგი იქნებოდა, ეს საკითხი აქამდე მოგვარებული ყოფილიყო.”

ლევან ბერძენიშვილი (ლიტერატურათმცოდნე)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “ჩვენი მდგომარეობა ახლა კატასტროფულია. წარმოუდგენელია, რომ ნომერ პირველი სპორტის სახეობა ასეთ მდგომარეობაში იყოს. თუ ფეხბურთი არ გამოსწორდა, არაფერი გამოსწორდება. ჩვენ გვჭირდება ძალიან გამოცდილი მწვრთნელი. ევროპის ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, მარტო ფეხბურთი კი არა, მთლიანად ცხოვრება გამოსწორდებოდა. ის, რაც დაგვემართა, სრული კატასტროფა იყო და ამაზე პასუხი არავინ აგო, თანამდებობიდან არავინ გადამდგარა. ეს იმ მასშტაბის კოლაფსი იყო, რომელსაც ასე ადვილად არ უნდა ჩაევლო. ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს გამოუცდელი. მას უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. აუცილებელი არაა, რომ მაინცდამაინც სანაკრებო დონეზე ჰქონდეს გამოცდილება მიღებული. დიეგო სიმეონეს საერთოდ არ უმუშავია ნაკრებში, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი ხელწერის მქონე სპეციალისტი ყველაზე მეტად გამოგვადგებოდა.”

ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია

...მიზანზე: “ეს არ შეიძლება იყოს ერთი თამაშის მოგება და სადღაც სამი ქულის აღება. მიზანი ყოველთვის გამარჯვება უნდა იყოს. ერთი მატჩის მოგებას ალბათ მაინც შევძლებთ, მაგრამ ეს ერთი სამი ქულა რაში გამოგვადგება?”

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ჩემთვის ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაც ფიქრობს, წაგებებს ადვილად ვაპატიებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, ვინც პასუხისმგებლები არიან, არ გეგმავენ წარმატებას. ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე უნდა მუშაობდეს, სწავლობდეს ფეხბურთელებს, არჩევდეს მისთვის საუკეთესოებს, აკვირდებოდეს მეტოქე გუნდების ფეხბურთელებს, გეგმავდეს ამ გუნდებთან სათამაშო სტრატეგიას. იმედი მაქვს, რომ ორგანიზაციული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც არსებობს, თანხის პრობლემა არ დგას. საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ კლაუს ტოპმიოლერი, ექტორ კუპერი... ახლაც გვჭირდება მწვრთნელი ვარსკვლავი, რადგანაც ახლა რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. ანუ, კარგი ნაკრების გაკეთება შესაძლებელია.”

აჩიკო გულედანი (მუსიკოსი)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “რამდენი მწვრთნელი არსებობს, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება არ აქვს და საქართველოს ნაკრებისთვის ვინატრებდით? ასეთი ძალიან ბევრია! მარტო გვარდიოლას ხსენებაა საკმარისი. გასაგებია, რომ გვარდიოლა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, როგორც მინიმუმ ახლა, არ იქნება, მაგრამ ამ კრიტერიუმით შერჩევა მაინც არასწორი მგონია. რაღა შორს მივდივართ: შოთა არველაძე არსებობს. კი ბატონო, არ უნდა თვითონ, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს კრიტერიუმი მცდარია. გასაგებია, რომ კარგია, თუ სანაკრებო გამოცდილება ექნება, თუმცა მთავარი ფაქტორი ეს არ უნდა იყოს.”

'ყოველთვის ვიცოდით კანდიდატების შესახებ. ახლა ოფიციალური არაფერი ვიცით, მხოლოდ ჭორები და ისიც ცოტა'

...მიზანზე: “ძნელი აღსაქმელია, მაგრამ ფაქტია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალი წავაგეთ. მივიღე ეს, როგორც მოცემულობა. ასევე როგორც მოცემულობა მივიღე ისიც, რომ მარტო თამაში კი არ წავაგეთ, არამედ იმ ხალხმა, რომელსაც პირველ რიგში მართებდა გააზრება, ვერ გაიაზრა, რა მნიშვნელობის მატჩი იყო. როგორც მინიმუმ, უცნაურია, როდესაც ასეთი ძლიერი მეტოქეები გვყავს, რატომ ჭიანურდება მთავარი მწვრთნელის დანიშვნა, რომელსაც გუნდი აქვს გასაკეთებელი. სასწრაფოდ არის მოსაყვანი კვალიფიციური მწვრთნელი, რომლის მიზანიც იქნება, რომ შემდეგ კენჭისყრაზე, საქართველოს ნაკრებისთვის ისეთი განსაკუთრებული კალათა არ მოიგონონ, რომელშიც მარტო ჩვენ ვიქნებით.”

საქართველოს ნაკრები 25 მარტს შვედეთს სტუმრად შეხვდება

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ეს ხომ პირდაპირ იმ ადამიანების საქმეა, ვინც ეს საკითხი უნდა მოაგვაროს და ამ დროს რას აკეთებენ? საპროტესტო აქციაზე მისულ ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან. საქართველოს ნაკრებს უამრავი მწვრთნელი ჰყავს გამოცვლილი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით ვერსიებისა და კანდიდატების შესახებ. ახლა ოფიციალური არაფერი ვიცით, მხოლოდ ჭორები და ისიც ცოტა. მარტი ძალიან მალე დადგება. მატჩამდე თვენახევრით ადრე, თანაც იმ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, გუნდის ჩაბარება უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული.”

კახა კაჭარავა (მწვრთნელი)

...სანაკრებო გამოცდილების მნიშვნელობაზე: “ნაკრებში გამოცდილების მქონე სპეციალისტი ცუდი არაა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა იყოს ამბიციური, უნარიანი. ნაკრების მწვრთნელად არავინ იბადება. პირდაპირ ნაკრებში დანიშნული სპეციალისტები არ არსებობენ. სანაკრებო გამოცდილება პანაცეა, რა თქმა უნდა, არაა.”

'ჩვენ არასდროს შეგვხვდება იოლი გუნდები და რა ვქნათ? არასდროს არაფერი მოვითხოვოთ?'

...მიზანზე: “ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე სულ ისმის - ამას ვერ მოვიგებთ, აქედან ვერ გავალთ… ეს ფეხბურთელებსაც ესმით, არადა პირიქით უნდა იყოს. მათ მხოლოდ რწმენას უნდა ვუნერგავდეთ. მონდომება და ერთსულოვნება თუ იქნება, ყველაზე წარმოუდგენელი მიზნის მიღწევაც შეიძლება. ჩვენ არასდროს შეგვხვდება იოლი გუნდები და რა ვქნათ? არასდროს არაფერი მოვითხოვოთ? ეტაპობრივად გაძლიერებაა საჭირო. ამ შესარჩევ ციკლში ისეთი გუნდი უნდა გაკეთდეს, რომელიც მომავალში კონკურენტუნარიანი იქნება.”

...რას ნიშნავს ის, რომ გუნდი ჯერაც მწვრთნელის გარეშეა: “ძალიან რთული სიტუაციაა. მომავალ მწვრთნელს აუცილებლად სჭირდება დრო. თუ არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს კარგად იცნობს, მაშინ მისთვის მატჩამდე დარჩენილი პერიოდი საკმარისია, მაგრამ ძალიან რთული იქნება ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც ქართველ ფეხბურთელებზე და გუნდზე წარმოდგენა არ აქვს.” 

ეროვნული გუნდის ყოფილმა დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა თანამდებობა თითქმის სამი თვის წინ დატოვა. საქართველოს ნაკრებს 25 მარტს შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა აქვს. 28 მარტს თბილისში, საქართველოს მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, ხოლო კიდევ სამ დღეში კი, სალონიკიში - საბერძნეთის ეროვნული გუნდი.

კომენტარები

ბოლო ამბები